ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს კლიმატური ცვლილებების ანგარიში


ექსტრემალური ამინდი გახშირდება. ეკოსისტემები შეუქცევადად შეიცვლება. მოსალოდნელია საკვების და წყლის მზარდი უკმარისობა

100 ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაცია გაეროს ეგიდით იაპონურ ქალაქ იოკოჰამაში შეიკრიბა. სამთავრობო დელეგაციებით და მეცნიერებით დაკომპლექტებული პანელი კლიმატური ცვლილებების შესახებ მსჯელობდა. შეხვედრის დასასრულს, 31 მარტს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ საგანგებო ანგარიში გამოსცა.

ანგარიში უმთავრესად ეკოსისტემებზე და კლიმატურ ცვლილებებზე ადამიანთა საქმიანობის გავლენას აფასებს. დოკუმენტის მიხედვით, ხელშეუხებელი მსოფლიოს თითქმის არცერთი რეგიონი რჩება. კლიმატის ანალიტიკოსს -კელი ლევინს- რომელიც მსოფლიო რესურსების ინსტიტუტს წარმოადგენს, ჩვენ სკაიპის მეშვეობით დავუკავშირდით.
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:43 0:00
ბმული

„უდიდესი მნიშვნელობის გზავნილი მდგომარეობს იმაში, რომ კლიმატური ცვლილებები ზეგავლენას ახდენს და ის ფართოდ არის გავრცელებული“ - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

ტემპერატურის ზრდა კიდევ უფრო ხშირად გამოიწვევს ექსტრემალური ხასიათის ამინდს. დედამიწაზე საკვების და წყლის მზარდი უკმარისობა იქნება. ეკოსისტემებიც შეუქცევადად შეიცვლება. ეს ყოველივე კი ტყის მასივების დაკარგვას, კორალური რიფების მოსპობას და ფაუნის მეტი სახეობის განადგურებას გამოიწვევს.

კელი ლევინი ამბობს, რომ უამრავ მოხსენებას ისმენს სანაპირო ზოლზე წყლის დონის მატებასთან და წყალდიდობების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით. თუმცა, უშუალოდ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები თითქმის არაფერს ამბობენ შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის შესახებ, რაც მომავალში ასობით მილიონი ადამიანის იძულებით, სპონტანურ გადაადგილებას გამოიწვევს.

წყალდიდობების რაოდენობა ანალიტიკოსის თქმით, ყველაზე მეტად აფრიკაში და ავსტრალიაში გაიზრდება. კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული ბუნებრივი სტიქია კი, როგორც წესი, ყველაზე დიდ ზარალს ადამიანთა ღარიბ ფენას და მცირე რესურსების მქონე რეგიონებს აყენებს. ლევინი საკვების უსაფრთხოების და ეკონომიკური კეთილდღეობის პრობლემებზეც საუბრობს:

„ანგარიშის მიხედვით, ტემპერატურის ცელციუსით 2.5 გრადუსით გაზრდაც კი საკმარისია, რომ მოსახლეობის შემოსავალი 2 პროცენტით შემცირდეს. 3 და მეტი გრადუსით მატების შემთხვევაში, არც გვიანგარიშია, თუ რა მასშტაბის პოტენციურ წაგებასთან გვექნება საქმე. ამ ზარალში არც ის საფრთხეებია გათვლილი, რომელთა მათემატიკური გაზომვა შედარებით რთულია. საუბარია ბიოდივერსიფიცირების შემცირებაზე და ეკოსისტემების ფუნქციონირების შეზღუდვაზე“ - აცხადებს კლიმატის ანალიტიკოსი.

რთული ვითარების მიუხედავად, მისი კოლეგა, ქრისტოფერ ფილდსი ამბობს, რომ ანგარიში მთლიანობაში არც ისე მძიმე და აპოკალიპტურ სურათს ქმნის, როგორც ის ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.

„იმის მიუხედავად, რომ ანგარიში ყურადღებას ცივ, ანალიტიკურ და ზოგჯერ დეპრესიის მომგვრელ გამოწვევებზე ამახვილებს, ის ასევე გვთავაზობს იმ საშუალებების ერთგვარ გზამკვლევს, რომელიც გამოსავლის მოძებნაში დაგვეხმარება. ანგარიშში მოცემულია ის გზები, რომლებიც საზოგადოებას კლიმატური ცვლილებების შემსუბუქებაში, მათთან ადაპტირებაში და ტრანსფორმირებაში დაეხმარება. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დრო და საშუალება შევქმნათ ისეთი სამყარო, რომელიც კლიმატური ცვლილებებისთვის უკეთ მომზადებული იქნება და ადამიანებს ფუნდამენტურად უკეთეს მსოფლიოში აცხოვრებს“ - აღნიშნავს ქრისტოფერ ფილდსი.

ქალაქ იოკოჰამაში მიმდინარე შეხვედრის პარალელურად, მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გაიმართა. ერთ-ერთი აქტივისტის, ქრისტიან ტერიეტეს თქმით, ისინი მსოფლიო ლიდერებისგან კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით მეტ ყურადღებას და შესაბამისი ზომების გატარებას ითხოვენ.
XS
SM
MD
LG