რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედი ისლამურ-ფუნდამენტალისტური მოძრაობის ლიდერმა მოსკოვში მომხდარი ტერაქტის ორგანიზება თავის თავზე აიღო. დეტალებს მოსკოვიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი იუწყება. სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა დოკუ უმაროვმა განაცხადა, რომ მოსკოვის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის უკან თავად დგას. უმაროვი რუსეთის ხელისუფლებას ახალი ტერაქტებით დაემუქრა, ვიდრე კავკასია ისლამური და თავისუფალი არ გახდება.
თუკი, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით ვიმსჯელებთ ეს სიტყვები შესაძლოა რეალობას მოკლებული არ იყოს, რადგან გასული წლის განმავლობაში დოკუ უმაროვმა მოსკოვში მომხდარ სამ აფეთქებაზე აიღო პასუხისმგებლობა, რის შედეგადაც, საერთო ჯამში 102 ადამიანია დაღუპული და ასობით დაჭრილი.
ვიდეო მიმართვაში დოკუ უმაროვმა ისიც აღნიშნა, რომ მას უკვე მომზადებული ყავს ასობით კამიკაძე, რომლებიც მზად არიან რუსეთის დედაქალაქში თავიანთი მისიები შეასრულონ.
„ღმერთს სურს რომ ეს სპეციალური ოპერაციები მომავალში განხორციელდეს. ჩვენ ეჭვგარეშე გვყავს ასობით ძმა, რომლებიც მზად არიან სიცოცხლის გაწირვისთვის,“ - განაცხადა 46 წლის უმაროვმა, რომელიც თავს კავკასიის ემირატის ემირს უწოდებს. ტერორიზმის საკითხებში რუსი ექსპერტი ანდრეი სოლდატოვი მიიჩნევს, რომ დოკუ უმაროვი თავის მუქარის სისრულეში მოყვანას შეეცდება.
„ამბოხებულებს შორის არსებული გაურკვევლობის მიუხედავად, დოკუ უმაროვს მოსკოვში ტერაქტების მოწყობა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი,“ - ამბობს სოლდატოვი.
მოსკოვში მომხდარი ტერაქტის შემდეგ ჩრდილო კავკასიაში სამართალდამცავებზე რამდენიმე შეტევაც განხორციელდა. უმაროვმა ავღანეთზე და ერაყზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ახლა უკვე საერთაშორისო ყურადღება სჭირდება.
„დოკუ უმაროვისთვის მნიშვნელოვანია, რომ თავის თავი გლობალური ჯიჰადისტური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად წარმოაჩინოს,“ - აცხადებს სოლდატოვი.
იმ დროს, როდესაც უმაროვი მოსკოველებს „სისხლის და ცრემლის“ წელიწადს შეპირდა, რუსეთის პრეზიდენტმა ფედერალური უშიშროების სამსახურში საკადრო ცვლილებები მოახდინა და ორი გენერალი გაათავისუფლა. ტერაქტის შემდეგ უშიშროების უკვე ათი მოხელეა გათავისუფლებული.
თუმცა, სოლდატოვი აცხადებს, რომ ტრაგედიაზე პასუხისმგებლები ის ოფიცრები კი არ არიან, ვისაც ტერორისტების დევნა ევალება, არამედ ის ჩინოვნიკები ვინც ტრანსპორტის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი.
სამშაბათს ფედერალური უშიშროების შეფი ალექსანდრ ბორტნიკოვი პარლამენტში დახურულ კარს მიღმა გამოვიდა მოხსენებით. რუსეთის ხელისუფლება უსაფრთხოების დამატებით ზომებს მიმართავს. აეროპორტში ჩასულმა ყველა ადამიანმა პასპორტი ან მძღოლის მოწმობა უნდა წარმოადგინოს. ტერმინალები შემოსაზღვრული იქნება და ვიდეოკამერებით აღიჭურვება. ჯერჯერობით, არავინ იცის შეაჩერებს თუ არა ეს ზომები ამბოხებულთა ლიდერს დოკუ უმაროვს.