ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორი იქნება ამერიკის მომავალი პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში?


როგორი იქნება ამერიკის მომავალი პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში?
როგორი იქნება ამერიკის მომავალი პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში?

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე.

18 თებერვალს, ვაშინგტონში მდებარე სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრში გაიმართა ერთდღიანი სამეცნიერო-კვლევითი კონფერენცია თემაზე „სამხრეთ კავკასიისა და კასპიის რეგიონში შეერთებული შტატების სტრატეგიის პერსპექტივები.“ დისკუსიას უძღვებოდა ამავე ცენტრის ევროპული დემოკრატიების პროექტის ხელმძღვანელი იანუშ ბუგაცკი, რომელმაც კერძოდ აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთის ავტორიტარულ სისტემებში მომხდარი ამბოხებები პოტენციურად გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს პოსტ-საბჭოურ ავტორიტარულ სახელმწიფოებზე, კავკასიური ქვეყნების ჩათვლით.

კონფერენციის პირველი ნაწილი სამხრეთ კავკასიისა და კასპიის ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვებებსა და მზარდ არასტაბილურობას დაეთმო. საკმაოდ საინტერესო იყო ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის შუა აზიისა და კავკასიის ცენტრის თანამშრომლისა და ყოფილი ქართველი დიპლომატის დავით სუმბაძის გამოსვლა, რომელიც მთლიანად საქართველოს წინაშე მდგარ გარე და შიდა გამოწვევებს დაეთმო. გამოსვლის დასაწყისში მან კერძოდ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავარ გარე გამოწვევას წარმოადგენს რუსეთის სტრატეგია, რომლის მეოხებითაც კრემლი ცდილობს დაარწმუნოს საერთაშორისო თანამეგობრობა შეეგუოს კავკასიაში მოსკოვის მიერ წარმოქმნილ ეგრეთწოდებულ „ახალ რეალობას,“ რაც თავის მხრივ საერთაშორისო ასპარეზზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ითვალისწინებს. იმავდროულად რუსეთი ევროპაში ცივი ომის დასრულების შემდეგ შექმნილ უსაფრთხოების არქიტექტურის შეცვლას ცდილობს საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სუმბაძემ კერძოდ აღნიშნა:

„რუსეთი ამ ტერიტორიების ოკუპაციის კონსოლიდაციას რუსული ავტორიტარული და კორუმპირებული მმართველობის შემოღებით ცდილობს, რასაც ყოველდღიურად ადამიანის უფლებებსი დარღვევა მოსდევს. ამ მიზნით რუსეთმა რეგიონიდან გაეროსა და ეუთოს სადამკვირებლო მისიები უკვე განდევნა. ამას გარდა რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებში ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის წარმომადგენლების შესვლას დღემდე ბლოკავს. რუსეთი 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმებულ მედვედევ-სარკოზის შეთანხმების პირობებს კვლავინდებურად უხეშად არღვევს. არანაკლებ შემაშფოთებელია აგრეთვე რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციის ზრდა როგორც აფხაზეთში ისე სამხრეთ ოსეთში, რაც რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე აყენებს.“

რაც შეეხება შეერთებული შტატების სტრატეგიას, სუმბაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად ოფიციალური განცხადებებისა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკა რეგიონის ქვეყნებს არ ავნებს, ვებ გვერდ „ვიკილიქსის“ მიერ გამოქვეყნებულ გასაიდუმლოებულ დიპლომატიურ მიმოწერაში აშკარად ჩანს, რომ არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოსთვის შეიარაღების გადაცემა ობამას ადმინისტრაციის მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ინიციატივებს დააზიანებს.

„არსებითად დღეს-დღეობით შეიძლება ითქვას, რომ რაც შეეხება შეიარაღების მიწოდებას, საქართველოზე დაწესებულია დე ფაქტო ემბარგო. ეს პოლიტიკა ადმინისტრაციის პირველი ორი წლის მანძილზე ასე თუ ისე გასაგები იყო, მაგრამ თუ ამგვარი მიდგომა შემდეგი ორი წლის მანძილე არ შეიცვალა, მაშინ ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ რუსეთთან მიმართებაში სახეზეა მუდმივი დათმობები.“

კონფერენციაზე საპატიო სიტყვით ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი გრიგოლ ვაშაძე გამოვიდა. თავის გამოსვლაში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კავკასიის რეგიონის სამივე სახელმწიფოს გადარჩენა უწერია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი დემოკრატიული ქვეყნების ევროპულ ოჯახს დაუბრუნდებიან.

„დემოკრატიის გარეშე საქართველოს მართვა შეუძლებელია. სამხრეთ კავკასიის მართვა დემოკრატიის გარეშე შეუძლებელია. სამხრეთ კავკასია შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე არასდროს იქნება უსაფრთხო. დასავლეთის ჩართვა არა კეთილგანწყობის არამედ თანამშრომლობის გამოხატულება უნდა იყოს. როგორც 2008 წლის ამბებმა დაგვანახა, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ვაკუუმის პირობებში არსებობენ ძალები, რომლებიც უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ნაკლებობას საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებენ. ამ მხრივ სამწუხაროდ უნდა ვაღიარო, რომ ჩვენ კვლავინდებურად დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ. არსებობს იმის რისკი, რომ სამხრეთ კავკასია შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში თუ არა სამხედრო მაშინ პოლიტიკური დაპირისპირების რეგიონად იქცეს,“ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ.

XS
SM
MD
LG