ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეპორტაჟი "პატარა უკრაინიდან"


ნიუ იორკელი უკრაინელების მზერა მათი ისტორიული სამშობლოსკენაა მიმართული, მოლოდინის და შიშის რეჟიმში

ნიუ იორკში მცხოვრები უკრაინელი ამერიკელები შეშფოთებას გამოთქვამენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო. "ამერიკის ხმის" კორესპოდენტი ადამ ფილიპსი მანჰეტენში „პატარა უკრაინად“ ცნობილი დასახლებიდან მოგვითხრობს.

უკრაინულ რესტორან „ვისელკაში“, რომელიც ისტ ვილიჯში მდებარეობს, უკრაინელი ემიგრანტი პაველ კაიდანი ამერიკის ხმის კორესპოდენტს ესაუბრა და გამოთქვა ის დიდი წუხილი, რომელიც მის ქვეყანაში განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებს უკავშირდება. სამშობლოსგან 7000 კილომეტრით მოშორებული ის უფრო მძაფრად განიცდის ყველაფერს.

„დღეში ხანდახან ორჯერ , ზოგჯერ სამჯერაც ვრეკავ, რომ უბრალოდ გავიგო რა ხდება იქ და როგორ განვითარდება მოვლენები. თითქმის ყოველ დღე დედა იმის მოლოდინშია რომ გაითიშება ინტერნეტი და სატელეფონო ხაზები. არავინ იცის, რას უნდა ველოდოთ და ეს უფრო მეტად გვაღელვებს ყველას.“

ვიტალი დესემიტჩენკო, რომელიც კიევიდან გასულ კვირას დაბრუნდა, აცხადებს, რომ შექმნილმა ვითარებამ ის დააბნია:

„ძალიან უცნაური სიტუაციაა ქვეყანაში, რადგანაც რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა იმ მოტივით, რომ ყირიმში მცხოვრები ეთნიკურად რუსი მოსახლეობა დაიცვას. ამასთან რამდენადაც ვიცი, ეთნიკურად რუსი უკრაინის მოქალაქეთა დიდი ნაწილი მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ არჩევანს და რუსეთთან შეერთებაც არ სურთ.“

ამერიკაში მოქმედი უკრაინული კონგრესის პრეზიდენტი თამარა ოლექსი აცხადებს, რომ ამერიკის მთავრობას შეუძლია რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა:

„პირველი და მთავარი, აუცილებელია ყველამ ხმა აიმაღლოს რუსეთის წინააღმდეგ, მისი ქმედებების წინააღმდეგ. მეორე, კარგი შანსი ეძლევათ წამყვან სახელმწიფოებს დიდი რვიანის სამიტს, რომელიც სოჭში უნდა ჩატარდეს, ბოიკოტი გამოუცხადონ და საერთოდ გარიცხონ რვიანიდან რუსეთი. რუსეთმა ხომ თავისი ქმედებებით დაარღვია ყველა საერთაშორისო ნორმა და კანონი.“

თამარა ოლექსის განცხადებით, სანქციები კიდევ ერთი გზაა ამ მიმართულებით:

„ვიზების გამკაცრება და რუსეთის პოლიტიკური ელიტის ქონების გაყინვა, იმ ელიტის, რომელმაც მწვანე შუქი აუნთო უკრაინაში რუსეთის ჯარის შეჭრას.“

ნიუ იორკში მდებარე უკრაინეული მუზეუმის თანამშრომელი ანია კრილ პიჟური მიიჩნევს, რომ სანამ რუსეთის მეთაური ვლადიმირ პუტინია, ყველაზე მკაცრი სანქციებიც კი არ უშველის საქმეს. მისი აზრით, პუტინის მიზანი უკრაინის მოსკოვის კონტროლის ქვეშ მოქცევაა, ისე როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო. პუტინი ევრაზიული კავშირში რუსეთის ლიდერობის განიმტკიცებას ცდილობს და ამასთან სურს დასავლეთის თანასწორიც იყოს:

„რადგანაც ერთის მხრივ რუსეთს სურვილი აქვს უკრაინა დაიქმედებაროს და ნებისმიერი მეთოდებით ის ევრაზიულ კავშირში გააწევრიანოს, ხოლო მეორეს მხრივ არის უკრაინელი ხალხი, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან, ნათელი ხდება, რომ ამ ორი იდეის შეთავსება ყოვლად შეუძლებელია. ეს განხილვის საგანიც ვერ იქნება და შესაბამისად მივყევართ ომისკენ.

დაძაბულობა ორ ქვეყანას შორის დღითიდღე იზრდება. პუტინმა სამშაბათს განაცხადა, რომ ძალის გამოყენება მოხდება მხოლოდ „უკიდურეს“ შემთხვევაში. ზოგიერთის აზრით, ამ სიტყვებში დაფარული მუქარა შეინიშნება. ნიუ იორკელი უკრაინელების მზერა კი მათი ისტორიული სამშობლოსკენაა მიმართული, მოლოდინის და შიშის რეჟიმში.
XS
SM
MD
LG