რუსების მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან ტყვეების სადავო გაცვლამ კიევში კრიტიკა გამოიწვია, რადგან გახმაურდა, რომ უკრაინის მიერ გაცვლილ ტყვეებს შორის იყო პოლიციის ხუთი სპეცრაზმელი, რომელთაც 2014 წლის მაიდანის მოვლენების დროს, დემონსტრანტების მკვლელობა ბრალდებოდა.
პოლიციელები ყოფილი მილიციის„ბერკუტის“ დანაყოფის წევრები იყვნენ. ეს დანაყოფი ახლა დაშლილია.
აჯანყების დროს დახოცილი ადამიანების ნათესავებიუკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაჟინებით მოუწოდებდნენ, რომ პოლიციელები ამ გაცვლაში არ ჩაერთოთ. გაცვლის შემდეგ, რომელიც კვირას შედგა, უკრაინის ლიდერმა თავისი გადაწყვეტილება იმის საჭიროებით გაამართლა, რომ უკრაინას თავისი რამდენიმე მზვერავი ჯარისკაცის დაბრუნება სჭირდებოდა.
მეომარმა მხარეებმა სულ 200 ტყვე გაცვალეს.
კიევის აეროპორტში ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს ძნელი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, თუმცა მისმა კომენტარმა 2014 წელს მოკლული დემონსტრანტების ნათესავები ვერ დაამშვიდა.
ტყვეების გაცვლის დაწყებასთან ერთად კიევში, იმ საპატიმროსთან, სადაც სამი სპეცრაზმელი იყო დაკავებული 200-მა ადამიანმა საპროტესტო გამოსვლა მოაწყო.
პოლიციელების გათავისუფლების გამო კრიტიკა სამოქალაქო საზოგადოების დაახლოებით ორმა ათეულმა ჯგუფმაც გამოთქვა. მათ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ კრემლის თხოვნით ამ გადაწყვეტილების მიღებაძირს უთხრის კანონის უზენაესობის ღირებულებას, სამართლიანობას და ღირსებას. შეუძლია საზოგადოების დაყოფა და უკრაინელების სხვადასხვა ჯგუფებს შორის მტრობის დათესვა.
ოლეგ სენცოვმა, უკრაინელმა კინემატოგრაფისტმა, რომელიც რუსეთმა უკრაინას სექტემბრის გაცვლის დროს გადასცა, კვირას შემდგარი გაცვლა გააკრიტიკა. მან თქვა, რომ კიევი ათავისუფლებს „ნამდვილ მკვლელებს“ იმ დროს, როდესაც რუსეთში და მეამბოხე ტერიტორიებზე სხვა უკრაინელები ტყვეობაში რჩებიან.
პრო-რუსი სეპარატისტების მიერ გათავისუფლებულთა შორის თორმეტი უკრაინელი ჯარისკაცი იყო, რომლებიც შეტაკებების დროს შეიპყრეს.
76 დატყვევებულის გასათავისუფლებლად, რომელთა შორის კიევის მომხრე აქტივისტები და ბლოგერები იყვნენ, უკრაინამ 124 ტყვე გაათავისუფლა. მათ შორის იყო ორი ჟურნალისტი, რომელიც „რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებასთან“ თანამშრომლობდა.
კიევში შეერთებული შტატების საელჩო„რუსეთი მიერ კონტროლირებადი დონბასიდან ტყვეების გათავისუფლებას“ მიესალმა და „ტვიტერით“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ვაცნობიერებთ რა, რომ რუსეთის მიმდინარე აგრესია უკრაინის ხელმძღვანელობას მძიმე არჩევანის წინაშე აყენებს, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს და ბევრ უკრაინელს, რომელიც რუსეთში და ყირიმში ტყვეობაში რჩება.“
Facebook Forum