ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა და რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ


უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთის და რუსეთის ლიდერების ერთობლივი პრესკონფერენცია. პარიზი, 9 დეკემბერი, 2019 წ.
უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთის და რუსეთის ლიდერების ერთობლივი პრესკონფერენცია. პარიზი, 9 დეკემბერი, 2019 წ.

პარიზში, ე.წ. ნორმანდიის ოთხეულის სამიტზე, უკრაინამ და რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტაზე და წლის ბოლომდე, ტყვეების გაცვლაზე მოილაპარაკეს. ორშაბათს გამართულ უმაღლესი დონის მოლაპარაკებაზე, შუამავლის როლს გერმანიის და საფრანგეთის ლიდერები ასრულებდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი - რუსეთის პრეზიდენტი, ანგელა მერკელი - გერმანიის კანცლერი და ემანუელ მაკრონი - საფრანგეთის პრეზიდენტი.

9 დეკემბერს, გვიან საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე, ოთხივე სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინა-რუსეთს შორის უმაღლეს დონეზე მოლაპარაკების დაწყებაც კი პროგრესი და წინ გადადგმული ნაბიჯია. სახელმწიფოს ლიდერები იმაზეც შეთანხმდნენ, რომ მხარეები ერთმანეთს ოთხ თვეში ისევ შეხვდებიან.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ წინსვლის მისაღწევად, მთავარი ნაბიჯები მომავალში უნდა გადაიდგას. თუმცა, მას სჯერა, რომ ცეცხლის შეწყვეტა დეკემბერშივე მოხდება. ზელენსკიმ უცხოელ ჟურნალისტებთან საუბარში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე არ ითქმის, რომ იქ "სიტუაცია გაყინულია".

ეს იყო ზელენსკის და პუტინის პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. არც მსგავსი ოთხმხრივი მოლაპარაკება გამართულა ორ, ერთმანეთში მეომარ ქვეყნებს შორის 2016 წლის შემდეგ.

"ჩვენ საკითხების უმეტესობაში პროგრესს მივაღწიეთ" - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე. "ეს ყოველივე იმაზე მიუთითებს, რომ მოვლენები სწორი მიმართულებით ვითარდება" - ამბობს ვლადიმირ პუტინი.

ეს იყო უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე კონფლიქტის გადაწყვეტის და სამშვიდობო რეზოლუციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. ევროპის ტერიტორიაზე 2014 წელს დაწყებულ დაპირისპირებაში, 13 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ორივე მხარე ერთმანეთს აბრალებს 2015 წლის სამშვიდობო რეზოლუციის დარღვევას.

უკრაინის ახალი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავიდანვე აცხადებდა, რომ კონფლიქტის დასრულება მისთვის მთავარი პრიორიტეტია. თუმცა, უკრაინაში ბევრი შიშობს, რომ მათ შესაძლოა, ბევრი რამის დათმობა მოუწიოთ. პარიზში გამართულ შეხვედრამდე, უკრაინის დედაქალაქ კიევში, ათასობით ადამიანი გამოვიდა დემონსტრაციაზე, რომელზეც უკრაინელები მოსკოვთან "კაპიტულაციას" აპროტესტებდნენ.

პარიზის მოლაპარაკება ერთგვარი გამოცდა იყო მისი მასპინძლის, საფრანგეთის პრეზიდენტ - ემანუელ მაკრონისთვის. რუსეთის მიერ უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის, ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთზე დაწესებული სანქციების ფონზე, მაკრონი აშკარად ცდილობს კრემლთან ურთიერთობის განახლებას და უკეთესობისკენ შეცვლას. თუმცა, ამაში საფრანგეთს ევროპის კავშირის წევრების მხრიდან, როგორიცაა მაგალითად პოლონეთი, დიდი წინააღმდეგობა ხვდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG