ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული არმია ბაზებზე დასაბრუნებლად ემზადება


სლოვიანსკი, 20 მაისი 2014წ.
სლოვიანსკი, 20 მაისი 2014წ.

მოსკოვის განცხადებით, რუსეთის საჯარისო შენაერთები ბრიანსკის, ბელგოროდის და როსტოვის რეგიონების დატოვებას იწყებს

რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინის საზღვართან განლაგებულმა რუსული არმიის ქვედანაყოფებმა ბანაკების დაშლა დაიწყეს. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულების თანახმად, ისინი საკუთარ ბაზებზე უნდა დაბრუნდნენ. მოსკოვი აცხადებს, რომ რუსეთის არმია ბრიანსკის, ბელგოროდის და როსტოვის რეგიონების დასატოვებლად ემზადება. ორშაბათს გაკეთებული განცხადების მიხედვით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი პუტინის მიერ უკანდახევის ბრძანების შესრულების აშკარა ნიშნებს ჯერჯერობით ვერ ხედავს. ნატოს შეფასებით, უკრაინის საზღვრებთან თავმოყრილი რუსი ჯარისკაცების რაოდენობა 40 ათასს აღწევს.

უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, რინატ ახმეტოვი ქვეყნის აღმოსავლეთში მცხოვრებლებს პრორუსი ამბოხებულების წინააღმდეგ მშვიდობიანი მანიფესტაციის მოწყობისკენ მოუწოდებს. ის სეპარატისტებს რეგიონის მოსახლეობის წინააღმდეგ ბრძოლაში და მათ ძარცვაში ადანაშაულებს.

უკრაინაში ახალი ხელისუფლების არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. კვირას, 25 მაისს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ქვეყნისთვის მშვიდობის შენარჩუნება კრიტიკული მნიშვნელობის ამოცანად რჩება. შეერთებული შტატები და მისი ევროპელი მოკავშირეები მოსკოვს აფრთხილებენ, რომ არჩევნების ჩაშლის მცდელობის შემთხვევაში რუსეთის ეკონომიკის წამყვან სექტორებს სანქციების ახალი პაკეტები ემუქრება.
XS
SM
MD
LG