ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა რუსეთისთვის პროგრამულ უზრუნველყოფაზე და საავიაციო ნაწილებზე წვდომის შეწყვეტას ლობირებს


სააგენტო „როიტერის“ ცნობით, უკრაინის მთვრობა ლობირებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთი ამერიკული პროგრამული უზრუნველყოფის განახლებებიდან გათიშოს, აკრძალოს რუსული ფრენები და რუსეთის სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიისთვის მიწოდებები დაბლოკოს.

მოთხოვნები, რომელიც უკრაინელმა დიპლომატმა ვაშინგტონში, ამერიკელ ოფიციალურ პირებს 14 პუნქტიანი მემორანდუმით დაურიგა, სცილდება თეთრი სახლის მიერ დაპირებულ ექსპორტის კონტროლის ზომებს. თეთრმა სახლმა მანამდე პირობა დადო, რომ მკაცრი სანქციების შედეგები რუს მომხმარებლებზე არ აისახებოდა.

უკრაინელებმა თავის ამერიკელ პარტნიორებს სთხოვეს, „შეერთებული შტატების კომპანიებს აუკრძალოს რუსი მომხმარებლებისთვის სასარგებლო განახლებული პროგრამული უზრუნველყოფის“, ან რუსეთისთვის ამერიკული ტელესაკომუნიკაციო ნაწარმის, მათ შორის მიკროელექტრონიკის მიწოდება. ამასთან ერთად, უკრაინელებმა შეერთებულ შტატებს მოუწოდეს აკრძალოს იმ საქონლის და ტექნოლოგიების - პროგრამული უზრუნველყოფის ჩათვლით - მიწოდება, რომელიც რუსეთის საავიაციო ინდუსტრიაში, მათ შორის, სამოქალაქო ავიაციაში გამოიყენება.

„როიტერი" სამშაბათს იუწყებოდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მუშაობდა გეგმაზე, რომელიც რუსეთს ამერიკული და უცხოური წარმოების, დაბალ და მაღალტექნოლოგიური საქონლის დიდ სეგმენტზე წვდომას ჩაუკეტავდა. ეს კომერციული ელექტრონიკიდან და კომპიუტერებიდან, თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებამდე საქონლის ფართო სპექტრს შეეხებოდა.

სააგენტო „როიტერმა“ ამ თემაზე შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტისგან, ისევე როგორც ხაზინის დეპარტამენტისგან და თეთრი სახლისგან კომენტარები ჯერ-ჯერობით ვერ მოიპოვა.

14 პუნქტიან მემორანდუმში მოყვანილი ზოგიერთი ზომის მიღება, როგორიცაა „მსოფლიოს მასშტაბით რუსეთის ელჩების გაძევება“ და „გაეროს უშიშროების საბჭოდან რუსეთის მოცილება“, ნაკლებად სავარაუდოა. სხვა მოთხოვნების შესრულებაც, როგორიცაა მიწოდების აკრძალვა „ყველა საქონელზე, მათ შორის მატერიალურ ნაწილზე და პროგრამულ უზრუნველყოფაზე“, რომელიც რუსეთის ნავთობის, გაზის, ქვანახშირის, სამთო და ატომურ სექტორებში გამოიყენება, შესაძლოა ძნელი ამოცანა აღმოჩნდეს.

XS
SM
MD
LG