ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევი რუსეთისთვის გაეროში ვეტოს უფლების ჩამორთმევას და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გარიცხვას ითხოვს


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოს ვიდეოზარით მიმართავს. 27 სექტემბერი, 2022 წ. ნიუ-იორკი, აშშ.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოს ვიდეოზარით მიმართავს. 27 სექტემბერი, 2022 წ. ნიუ-იორკი, აშშ.

უკრაინამ 27 სექტემბერს მეგობარ ქვეყნებს მოუწოდა, გარკვევით უთხრან რუსეთს, რომ მოსკოვის მხრიდან "ანექსიის, შანტაჟის და ულტიმატუმების მცდელობა" უკრაინას მხოლოდ კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას მოუტანს ომში, რომელიც 24 თებერვალს რუსეთმა მეზობელ ქვეყანაში შეჭრით დაიწყო.

უკრაინა სთხოვს ევროპის კავშირს, ნატოს და თავის მხარდამჭერებს, "სასწრაფოდ და მნიშვნელოვნად გაიზარდოს წნეხი რუსეთზე, ახალი მკაცრი სანქციების დაწესების ჩათვლით და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების საგრძნობი გაზრდით" - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. კერძოდ, უკრაინა ითხოვს მეტ ტანკს, საბრძოლო თვითმფრინავებს, სამხედრო მანქანებს, გრძელრადიუსიან არტილერიას, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებს.

კიევის ახალი მოწოდება მოჰყვა რუსეთის მიერ უკრაინაში დაპყრობილი ლუჰანსკის და ხერსონის რეგიონებში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმებს. მათ საფუძველზე ოთხშაბათს, ადგილობრივმა მარიონეტულმა მთავრობებმა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების რუსეთთან მიერთება მოითხოვეს.

ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის მიერ დანიშნული მთავრობა აცხადებს, რომ მათ ბიულეტენების 93% დათვალეს და რუსეთთან მიერთებას დიდი მხარდაჭერა აქვს. მათი მონაცემებით, ხერსონში გამოკითხულთა 87%-ს სურს რუსეთის ნაწილი გახდეს, ლუჰანსკში 98%-ს და დონეცკში - 99%-ს.

უკრაინა და დასავლეთის ქვეყნები ე.წ. რეფერენდუმს გმობენ. ბევრი სხვა სახელმწიფოც აცხადებს, რომ ის უკანონოა და მის შედეგებს არ ცნობენ.

მის ქვეყანაში კრემლის მიერ ჩატარებულ რეფერენდუმს უკრაინის პრეზიდენტმა სიყალბე უწოდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სამშაბათს ვიდეოზარის საშუალებით მიმართა და მხარდამჭერებს რუსეთის კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო იზოლაციისკენ მოუწოდა.

"ამ ყველაფრის შეჩერების მხოლოდ ერთი გზა არსებობს... პირველი, ეს არის რუსეთის სრული იზოლაცია ყოველი მისი ქმედების პასუხად" - თქვა ზელენსკიმ. მან მხარდამჭერ ქვეყნებს ასევე მოუწოდა რუსეთზე მეტი სანქციის დაწესებისკენ და გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების ჩამორთმევისკენ. ზელენსკის თქმით, რუსეთი ყველა საერთაშორისო ინსტიტუტიდან გარიცხული უნდა იყოს.

"დაპყრობილი ტერიტორიების ანექსია... გაეროს ქარტიის ყველაზე სასტიკი დარღვევაა" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებთან. ეს კი, მისი თქმით, "საერთაშორისო საკანონმდებლო ნორმების წაშლის მცდელობაა". ზელენსკი აცხადებს, რომ თუკი ამ ტერიტორიების ანექსია მოხდა, "ეს იმას ნიშნავს, რუსეთის პრეზიდენტთან სალაპარაკო აღარაფერია".

რუსეთში კი მოქალაქეები პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ გასულ კვირაში გამოცხადებულ სამხედრო მობლიზაციას აპროტესტებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მობილიზაცია ნაწილობრივია და ჯარში გაწვევა შეეხება მხოლოდ 300 000 რეზერვისტს. თუმცა, პრეზიდენტის განკარგულებამ მოსახლეობაში სრული მობილიზაციის შიში გააჩინა, მამაკაცების ნაწილი ქვეყანას ტოვებს, ნაწილი კი - გადაწყვეტილებას ქუჩებში აპროტესტებს.

"ოვდ-ინფო" - უფლებადამცველი ჯგუფი, რომელიც რუსეთში პოლიტიკურ დაპატიმრებებს აღნუსხავს და აკვირდება, ამბობს, რომ 26 სექტემბერს რუსეთში 2 386 ადამიანი დააკავეს. ქვეყანაში ჯერ კიდევ აკრძალულია უკრაინის კონტექსტში "ომის" ხსენება, ან თუნდაც "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" კრიტიკა. ქვეყნის ფიზიკურ საზღვრებზე, განსაკუთრებით მეზობელ საქართველოსთან, უპრეცედენტო საცობებია და მანქანების 48-საათიანი რიგები დგას. საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს უვიზოდ შესვლის საშუალება აქვთ.

XS
SM
MD
LG