ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი უკრაინას დამატებით $1.2 მილიარდით დაეხმარება


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდომირ ზელენსკი, კიევი.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდომირ ზელენსკი, კიევი.

ლონდონი კიევს დამატებით მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს. ბრიტანეთის მთავრობამ ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ნატომ რუსეთი დასავლური ქვეყნებისთვის უდიდეს „პირდაპირ საფრთხედ“ სცნო.

დაფინანსება მოხმარდება უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, - საჰაერო თავდაცვის სისტემების, უპილოტო საფრენი აპარატების, ახალი ელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობისა და სხვა აღჭურვილობის მიწოდებით.

„ბრიტანეთის იარაღი, აღჭურვილობა და წვრთნა, ამ თავდასხმის წინაშე, უკრაინის თავდაცვას სრულად გარდაქმნის. გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მტკიცე მხარდაჭერას, რათა დავრწმუნდეთ, რომ პუტინი უკრაინაში მარცხს განიცდის“ - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა.

წელს, უკრაინის მიმართ დიდი ბრიტანეთის მიერ გაწეული დახმარების ღირებულება, ჯამში, 3,8 მილიარდ ფუნტ სტერლინგს მიაღწევს. გარდა ამისა, უკრაინელი ჯარები უკვე გადის წვრთნებს. ბორის ჯონსონის მიერ შეთავაზებული გეგმით, ყოველ 120 დღეში, ბრიტანეთში 10 000 უკრაინელი ჯარისკაცი გაივლის სწავლებას.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი, ნატოს მადრიდის სამიტის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. ალიანსი შეთანხმდა გეგმაზე, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას ისახავს მიზნად. ალიანსმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სრულად უჭერს მხარს უკრაინელებს, „საკუთარი ქვეყნის გმირულ დაცვაში.“

ნატოს სამიტის მიმართ ვიდეომიმართვისას, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდომირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევს ქვეყნის დაცვისთვის თვეში $5 მილიარდი სჭირდება.

XS
SM
MD
LG