ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის მთავრობა დანახარჯებს ამცირებს ბიუჯეტის დაბალანსების მიზნით


ბრიტანეთის მთავრობა დანახარჯებს ამცირებს ბიუჯეტის დაბალანსების მიზნით

დანახარჯების შემცირება საზოგადოებრივ სექტორში დასაქმებულთა რიცხვის შემცირებასა და ბრიტანეთის სოციალური უზრუნველყოფის სისტემის შეკუმშვას გამოიწვევს

ბრიტანეთის ახალმა კოალიციურმა მთავრობამ მიიღო საგანგებო ბიუჯეტი მას შემდეგ რაც ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის ფინანსური მდგომარეობა მოსალოდნელზე ბევრად უარესია.

კლაპამ პარკი ლონდონში ღარიბებისთვის საცხოვრებელი სახლების უზრუნველყოფის თვალსაზრისით ერთ-ერთ უვარგის უბანს წარმოადგენს. ფანჯრების ჩარჩოები დაზიანებულია, ბინები ბნელი და ნესტიანი და უბანში კრიმინოგენური მდგომარეობა უაღრესად დაძაბულია. ამას გარდა აქ ბევრი ნარკომანი ცხოვრობს და უმუშევრობა ქრონიკულ სენად იქცა. მაცხოვრებელთა უმეტესობა სახელმწიფოსგან მოწყალების სახით დოტაციებს ღებულობს. სახელმწიფო დანახარჯების შემცირება ბინის ქირისა და სხვა სოციალური უზრუნველყოფის შეღავათებზე აისახება, რაც ამგვარ უბნებს კიდევ უფრთო რთულ მდგომარეობაში დააყენებს.

აქ საცხოვრებელი სახლების დანგრევასა და ახალი შენობების აშენებას აპირებდნენ, მაგრამ ახლა ამისთვის სახსრები აღარ არ არის. ვერნონ დე მაინარდი ადგილობრივ მაცხოვრებელთა ასოციაციის ხელმძღვანელია. მისი თქმით:

„ჩვენ გვინდა ვიცოდეთ თუ როდის აგვიშენებენ ნორმალურ სახცოვრებელ სახლებს. ისინი ხან 2016 წელს ახსენებენ, ხან კიდევ 2017 წელს და უფრო გვიანაც...ასე რომ კიდევ ერთხელ ძირში მდგომ უბრალო ხალხს თავში ხვდება.“

ბრიტანეთის ახალი ფინანსთა მინისტრი ჯორჯ ოსბორნი კონსერვატიული პარტიის წევრია. მისი თქმით, ლეიბოირსტული პარტიის წევრებისგან შემდგარმა წინა ადმინისტრაციამ ქვეყანა გაკოტრების პირას მიიყვანა.

საგანგებო ბიუჯეტში, რომელმაც მან ბრიტანეთის საზოგადოებას აუხსნა, სახელმწიფო დანახარჯები საჯარო სფეროში მომდევნო ხუთი წლის მანძილზე ერთი მეოთხედით შემცირდება, რასაც საზოგადოებრივ სექტორში დასაქმებულთა რიცხვის შემცირება და ბრიტანეთის სოციალური უზრუნველყოფის სისტემის შეკუმშვა მოჰყვება.

ახალი ბიუჯეტის გამოქვეყნებას ხალხი ქუჩებში დემონსტრაციებით შეხვდა.

საზოგადოებრივ სექტორში მომუშავე პირთა პროფკავშირის „უნისონის“ გენერალური მდივანი დეივ პრენტისი აღნიშნავს:

„ოთხმოცი პროცენტი ანუ ოთხი მეხუთედი ბიუჯეტის დეფიციტისა, რომელსაც ჩვენ ამჟამად განვიცდით და რომელიც ბანკირებისა და მათ საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო წარმოიქმნა, დაიფარება საზოგადოებრივ სექტორში დასაქმებული პირებისა და მომსახურების ხარჯზე.“

ეკონომიკური კრიზისის დროს ბრიტანეთის მთავრობამ ბანკების დასახმარებლად 1.25 ტრილიონი დოლარი დახარჯა. შედეგად ბრიტანეთის საბიუჯეტო დეფიციტმა ერთიანი შიდა პროდუქტის 11 პროცენტს გადააჭარბა, რაც ევროპაში ეროვნული დავალიანების ერთ-ერთ უმაღლეს მაჩვენებელს წარმოადგენს.

მთავრობის ცნობით ბრიტანეთმა, საბერძნეთისა და ესპანეთის მსგავსად, შეიძლება დაკარგოს მაღალი საკრედიტო რეიტინიგი და ამის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა დანახარჯების შემცირება ბიუჯეტის დაბალანსების მიზნით.

სიუზან ანდერსონი ბრიტანეთის მრეწველობის კონფედერაციაში მუშაობს. ეს ორგანიზაცია კერძო მეწარმეების ინტერესებს წარმოადგენს. მისი თქმით, მთავრობის რადიკალური მიდგომა გამართლებულია. ამასთან დაკავშირებით ანდერსონი აღნიშნავს:

„გაერთიანებულ სამეფოს საგანგებო ეკონომიკური ზომების საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი ელის. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს შორის ბრიტანეთს ყველაზე დიდი დეფიციტი აქვს და ამდენად ჩვენ ვიცით, რომ აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთავრობის მიდგომა სწორ ბალანსს ეყრდნობა საზოგადოებრივ სფეროში დანახარჯების შემცირებასა და გადასახადების მომატებას შორის.“

რადგან ბრიტანეთი ევროზონის წევრი არ არის, ის ევროს კრიზისს გადაურჩა. მაგრამ ევროპა ბრიტანეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და იქ წარმოქმნილი პრობლემები ადრე თუ გვიან ბრიტანეთის ეკონომიკასაც შეეხება.

ლონდონის იუნივერსიტი კოლეჯის ეკონომიკის პროფესორი უენდი კარლინი აღნიშნავს, რომ არსებობს იმის საშიშროება, რომ დანახარჯების ერთდროულმა შემცირებამ შეიძლება კიდევ უფრო გააუარესოს ეკონომიკური მდგომარეობა ევროპაში. მისი თქმით:

„პრობლემა ის გახლავთ, რომ თუ ყველა დიდმა სახელმწიფომ ევროპაში ერთდროულად დაიწყო დანახარჯების შემცირება, მაშინ ძალიან რთული იქნება მოხმარების წყაროების მონახვა, რომელიც აუცილებელია ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებისთვის.“

ლონდონის ფინანსური ცენტრიდან ერთი მილის მოშორებით მდებარეობს ფეშენებელური ბოროს მარკეტის უბანი. ძვირადღირებული სურსათისა და ალკოჰოლის მაღაზიებს შორის მიშელ მარკონი ყვავილების მაღაზია „ჩეზ მიშელში“ ყვავილების ეგზოტიკურ თაიგულებს არჩევს. ეკონომიკური რეცესიების დროს ძვირადღირებულ თაიგულებზე მოთხოვნა, როგორც წესი, მკვეთრად ვარდება. ამას გარდა როცა საგანგებო ეკონომიკური ზომების ჩატარება დაიწყება ფუფუნების საგნების გაყიდვაზე დაწესებული გადასახადი 20 პროცენტამდე გაიზრდება. მიშელ მარკონი ფილოსოფიურად უდგება მოახლოვებულ პრობლემებს:

„ჩემს მდგომარეობაში მე სხვა გამოსავალი არა მაქვს გარდა იმისა, რომ ცვლილებებს უნდა მივყვე. ალბათ ყვავილების გაყიდვა გართულდება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ მე შევინარჩუნებ მაღალ ხარისხს კლიენტები მაინც ყოველთვის დამიბრუნდებიან.“

ამგვარი ოპტიმიზმი ბრიტანეთის მოსახლეობაშიც აისახება. ცოტა ხნის ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებმა ცხადყო, რომ ბრიტანელების 59 პროცენტი მთავრობის გადასახადების შემცირებას ემხრობა. ეტყობა კოალიციური მთავრობის განგაშს ეროვნული დავალიანების შესახებ მოსახლეობაში ჯერ-ჯერობით გაგებით ეკიდებიან.

მაგრამ მოსახლეობა დანახარჯების შემცირების სრულ გავლენას მხოლოდ რამდენიმე წელიწადში იგემებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გახშირდება საპროტესტო აქციები. ეს კი ბუნებრივია რადგან ბრიტანული საზოგადოება ათწლეულების მანძილზე უმნიშვნელოვანეს გარდაქმნას უნდა გაუმკლავდეს.

XS
SM
MD
LG