ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

UFC-ს ლეგენდამ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლაზე უარი თქვა


ჰაბიბ ნურმაგომედოვი კონორ მაკგრეგორის წინააღმდეგ

შერეული ორთაბრძოლების (MMA) მსოფლიო ვარსკვლავმა და აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) დაუმარცხებელმა ჩემპიონმა, დაღესტნელმა ჰაბიბ ნურმაგომედოვმა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა გადაიფიქრა. ნურმაგომედოვს სოხუმში 1 ივნისს ელოდნენ, მას ცენტრალურ სტადიონზე მასტერკლასი უნდა ჩაეტარებინა, და ანკლავში მისივე სახელობის კლუბის მებრძოლებს შეხვედროდა.

რუსული წყაროების ცნობით, ნურმაგომედოვმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიის მონახულებაზე აშშ-ს სანქციების შიშით თქვა უარი. სანქციებს დიდი ალბათობით, სამუშაო ვიზის გაუქმება მოყვებოდა, რაც დიდი დარტყმის ქვეშ დააყენებდა ჰაბიბის პროფესიულ და კომერციულ კონტრაქტებს აშშ-ში და ასევე UFC-თან ურთიერთობას.

აფხაზური წყაროების ცნობით კი მებრძოლზე და მის გუნდზე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან და თბილისიდან დიდი ზეწოლა განხორციელდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ ინფორმაციის გადამოწმება არ მოხერხდა.

„ეს ვიზიტი გაუქმდა“ - ასეთი მოკლე კომენტარი გააკეთა ჰაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერმა რიზვან მაგომედოვმა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.

ნურმაგომედოვს უკვე ჰქონდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტთან პრობლემა, 2015 წელს, მამამისს აბდულმაპან ნურმაგომედოვს, რომელიც მებრძოლის აღმზრდელი, პირადი მწვრთნელი და მენეჯერი იყო, რუსეთში აშშ-ს საელჩომ ვიზა გაუუქმა.

ამერიკული წყაროების ცნობით, აბდულმაპან ნურმაგომედოვი ანექსირებული ყირიმის მონახულების გამო დაისაჯა, თავად ჰაბიბის მამა სიცოცხლეში ამტკიცებდა, რომ მას UFC-მა რინგზე რუსეთის ორი დროშის გატანა არ აპატია.

აბდულმაპან ნურმაგომედოვი 2020 წელს ისე გარდაიცვალა რომ აშშ-ს ვიზა ვერ მიიღო და შესაბამისად შვილის ბრძოლებზე დასწრება ვეღარ მოახერხა.

ამჯერად, UFC-ის დაუმარცხებელი ჩემპიონის, უკანონო ვიზიტს ორგანიზებას ოკუპირებულ აფხაზეთში ინალ არძინბა უწევდა. იგი რუსეთის პატრიარქ კირილთან არსებული ახალგაზრდობის საქმეთა საბჭოს თავმჯდომარეა.

სოხუმში გაუქმებული ვიზიტის ბანერი
სოხუმში გაუქმებული ვიზიტის ბანერი

2014-18 წლებში, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივან სურკოვთან დაახლოებულ არძინბას, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დსთ-ს ქვეყნებთან და სოხუმ-ცხინვალთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოში, დეპარტამენტის უფროსის პოსტი ეკავა. სოხუმში ჰაბიბის ვიზიტით ინალ არძინბა საკუთარი პოლიტიკური პლატფორმის „აფხაზეთის მომავლის“ რეკლამას გეგმავდა.

„ჰაბიბმა შემოგვითვალა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ჩამოსვლას ვეღარ ახერხებს“


„ჰაბიბმა შემოგვითვალა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ჩამოსვლას ვეღარ ახერხებს“ - ეს განცხადება სეპარატისტულ ანკლავში გაკეთდა. 1 ივნისის ღონისძიება ოკუპირებულ სოხუმში მთლიანად გაუქმდა, მათ შორის აფხაზური ანსამბლის გამოსვლა, რომელსაც ჰაბიბის საპატივცემულოდ უნდა ეცეკვა.

32 წლის ჰაბიბ ნურმაგომედოვი, რომელმაც აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატზე გამართული 29 პროფესიონალური ბრძოლიდან ყველა მოიგო, შერეული ორთაბრძოლებში პირველი დაღესტნელი ჩემპიონია. იგი 2021 წლის მარტში, UFC-დან დაუმარცხებელი წავიდა და MMA-ს სამყაროში, თანამედროვეობის ყველაზე დიდ მებრძოლად მიიჩნევა.

ჰაბიბი თბილისში 2018 წელი
ჰაბიბი თბილისში 2018 წელი

ჰაბიბი ეთნიკური ავარელია, საქართველოს მოსაზღვრე წუმანდის რაიონის სოფელ სილდიშია დაბადებული. ნურმაგომედოვს საკმაოდ კარგი ურთიერთობები აქვს UFC-ში მოასპარეზე ქართველ მებრძოლებთან.

2018 წელს ჰაბიბი მეგობრებთან ერთად თბილისში იმყოფებოდა, 2020 წელს კი საქართველოს მისი მენეჯერი რიზვან მაგომედოვი სტუმრობდა, რომელსაც თბილისის მერი კახი კალაძე და „ქართული ოცნების“ არაფორმალური ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შვილი ბერა ივანიშვილი შეხვდნენ.

თბილისის მერი და ჰაბიბის მენეჯერი რიზვან მაგომედოვი, 2020 წელი
თბილისის მერი და ჰაბიბის მენეჯერი რიზვან მაგომედოვი, 2020 წელი

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის ტერიტორიაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის გადაადგილება და ეკონომიკური საქმიანობა აკრძალულია. კანონის დარღვევა ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

XS
SM
MD
LG