ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროზონის ფინანსთა მინისტრები დეტალებს აზუსტებენ


ევროკავშირის მინისტრები იმიგრაციის პრობლემას განიხილავენ
ევროკავშირის მინისტრები იმიგრაციის პრობლემას განიხილავენ

ევროპის ფინანსთა მინისტრები ბრიუსელში შეხვედრებს მართავენ

საბანკო სექტორის ზედამხედველობა, საბერძნეთის საბიუჯეტო კრიზისის მოგვარების გზები და ესპანეთის და კვიპროსის ფინანსური დახმარება - ევროპის ფინანსთა მინისტრები სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ბრიუსელის შეხვედრაზე ამ პრობლემების მოგვარებას ცდილობენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თავმჯდომარემ, ქრისტინ ლაგარდმა, ევროკავშირის ლიდერებს სწრაფი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა. მაგრამ, ამავე დროს შეახსენა, რომ შემდგომი ნაბიჯების გადადგმის გაერშე გლობალური ეკონომიკა ევროზონის წინსვლას კიდევ უფრო შეანელებს.

დღის წესრიგში გეგმის თანმიმდევრული და მკაცრი დანერგვის აუცილებლობის საკითხიც დგას. სავალუტო ფონდის გადასახედიდან კარგად ჩანს, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს ევროზონის არქიტექტურის დასრულებისთვის, რომელსაც სავალუტო კავშირების, საბანკო კავშირების და ბოლოს - ფისკალური კავშირების შემჭიდროვება და განმტკიცება ესაჭიროება,“ - აცხადებს ქალბატონი ლაგარდი.

27 ქვეყნის ფინანსთა მინისტრები გასულ თვეში მიღებული გადაწყვეტილებების მთელი პაკეტის დაზუსტებას და მისი განხორციელებისთვის გზების მონახვას ცდილობენ. მსოფლიოს ბაზრები მაშინ ევროკავშირის მიერ ახალი ფინანსური სტიმულირების პაკეტის გამოყოფის გადაწყვეტილებას და მომავლისთვის ახალი საბანკო კავშირის შექმნის იდეას მოწონებით შეხვდნენ. თუმცა, ბაზრების აღფრთოვანება მალევე განელდა. ეკონომისტი ანდრე საფირი, ბრიუსელში მდებარე ანალიტიკური ცენტრიდან, „ბრიუგელი“, ამ მოვლენას შემდეგნაირად ხსნის:

„მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფოთა მეთაურებს და ფინანსთა მინისტრებს შორის საბოლოო შეთანხმების მიღწევა მთავარი კურსის შესახებ აშკარად არ მოხდა. ივნისის ბოლოს სამიტზე გაკეთებული დეკლარაციების ინტერპრეტირება სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად მოხდა. სწორედ ეს არ მოეწონათ გლობალურ ბაზრებს,“ - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

ანდრე საფირის თქმით, ამის გამო ევროს კურსი დოლართან მიმართებაში დავარდა. ესპანეთის და იტალიისთვის კი საკრედიტო მომსახურების პროცენტი სწრაფად გაიზარდა. მისი აზრით, ევროპის ცენტრალური ბანკის საზედამხედველო როლის გაზრდა სწორი გადაწყვეტილება იყო, რაც ევროპის საბანკო კავშირის შექმნისკენ გადადგმულ პირველ რეალურ ნაბიჯად განიხილება.

„ჩვენ ევროპაში ამერიკაში მოქმედი საბანკო ანაბრების დაზღვევის ფედერალური კორპორაციის (FDIC) ანალოგიური სტრუქტურის შექმნა გვესაჭიროება. - ორგანიზაციის, რომელსაც ზედამხედველობის ფუნქციაც ექნება, დეპოზიტების დაზღვევის და კრიზისულ სიტუაციაში ევროკავშირის ბანკებისთვის გამოსავლის მითითების ფუნქციაც“ - აღნიშნავს ანდრე საფირი.

ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კიდევ რამდენიმე შეხვედრას გამართავენ. სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით, ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ სექტემბერში დაგეგმილ შეხვედრამდე კიდევ ერთი, დამატებითი შეკრება სავარაუდოდ ივლისის ბოლოს გაიმართება.
XS
SM
MD
LG