ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ უკრაინას დამატებით 5.5 მლრდ დოლარის დახმარებას უგზავნის


Russia Ukraine War

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 5.5 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარებას უგზავნის. აქედან 4.5 მილიარდი საბიუჯეტო დეფიციტის შესავსებად საჭირო თანხებია, 1 მილიარდი კი - სამხედრო დახმარება.

4.5 მილიარდი დოლარის ოდენობის საბიუჯეტო გრანტი სამთავრობო, გადაუდებელ საჭიროებებს მოხმარდება. მათ შორის პენსიების, სოციალური დახმარების და ჯანდაცვის სისტემისთვის საჭირო ხარჯებს. ამერიკის დახმარება უკრაინისადმი, თებერვალში ქვეყანაში რუსეთის კიდევ ერთხელ შეჭრის შემდეგ უკვე 8.5 მილიარდ დოლარს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო - USAID ავრცელებს.

ეს დახმარება, რომლის კოორდინაციასაც ამერიკის ხაზინა ახდენს, მსოფლიო ბანკის გავლით უკრაინის სამთავრობო უწყებებს გადაეცემა. პირველი ტრანში - 3 მილიარდი დოლარის ოდენობის, აგვისტოში უნდა განხორციელდეს. ივლისში წინა ტრანსფერი 1.7 მილიარდი დოლარის ოდენობის იყო, ივნისში კი - 1.3 მლრდ $. ვაშინგტონი უკრაინის სამხედრო დახმარებასაც განაგრძობს.

პენტაგონის მიერ სულ ახლახან გამოცხადებული 1 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება, უდიდესი ცალკეული დახმარებაა პრეზიდენტ ბაიდენის პირობებში.

ფისკალური და სამხედრო დახმარებისთვის საჭირო თანხები იმ 40 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელიც კონგრესმა მაისში დაამტკიცა. მხოლოდ 2022 წელს ამერიკა უკრაინას უკვე 18 მილიარდი დოლარით დაეხმარა.

XS
SM
MD
LG