ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოფი: "გამარჯვებული უკრაინა თურქეთის ინტერესებსაც შეესაბამება"


თურქეთი რუსეთ-უკრაინას შორის მომლაპარაკებლის როლის შესრულებას განაგრძობს. მარცვლეულით დატვირთული გემები 22 ივლისის შეთანხმების შემდეგ უკრაინულ პორტებს ტოვებენ. ანალიტიკოსების აზრით, თურქეთის როლი შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ექსპანსიონისტური მისწრაფებების დასაბალანსებლად, ახლა, ისევე როგორც ისტორიის ბევრ სხვა ეტაპზე, ძალიან მნიშვნელოვანია. „ჰადსონის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მიუხედავად თურქეთის დიპლომატიური ჩართულობისა და ფრთხილი ბალანსისა რუსეთთან, მის გეოსტრატეგიულ ინტერესებს გამარჯვებული უკრაინა, ძლიერი ნატო და დამარცხებული რუსეთი უფრო შეესაბამება, ვიდრე - ამ მოვლენების საპირისპირო სცენარით განვითარება.

- უკრაინაში რუსეთის კიდევ ერთხელ შეჭრამ რეგიონის ქვეყნები არჩევანის წინაშე დააყენა. ერთ-ერთ ყველაზე საინტერესოდ ბევრს თურქეთის როლი მიაჩნია, რომელიც ამავე დროს სხვებისგან ძალიან განსხვავებულია. სად დგას ახლა თურქეთი რუსეთ-უკრაინას და უფრო ვრცლად - რუსეთსა და დასავლეთს შორის? არის ის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ახერხებს არჩევანი არ გააკეთოს?

თუკი პრეზიდენტ ერდოღანს ენდომებოდა, რომ უკრაინის დრონებით მომარაგება შეწყვეტილიყო, ასეც მოხდებოდა. მაგრამ ეს კვლავ გრძელდება.

- თურქეთის ამგვარი პოზიციონირების მიზეზი, ვფიქრობ, შავი ზღვის რეგიონში მისი ისტორიული და გეოგრაფიული როლია. თურქეთი საკუთარ თავს სპეციალური სტატუსით ხედავს, ქვეყნად, რომელსაც შეუძლია შეასრულოს ლიდერის როლი და ორ მხარეს შორის შუამავლობა სცადოს. მაგრამ თუკი ისტორია რამეს გვასწავლის, მე-16 საუკუნიდანაც კი, აშკარაა, რომ თურქეთის სიმპატიები მაინც უფრო უკრაინისკენ იქნება გადახრილი, ვიდრე იმისკენ, რასაც რუსეთი აკეთებს. 400-500 წელზე მეტხანს ოტომანები, თურქები და რუსები კონკურენტები იყვნენ და ხშირად შავი ზღვის რეგიონში და სამხრეთ კავკასიაში ერთმანეთთან კონფლიქტურ სიტუაციაშიც იყვნენ.

პრეზიდენტ ერდოღანს მოსწონს, როცა ის საკუთარ თავს საერთაშორისო არენაზე ერთგვარ „უფროს პოლიტიკოსად“, ლიდერად ხედავს. ვფიქრობ, ის ცდილობს შეასრულოს ეს დამაბალანსებელი აქტი იმით, რომ ბუნებრივად მიიყვანოს ორი მხარე მოლაპარაკების მაგდასთან. ამ ეტაპზე კი, როგორც ჩანს, თურქეთი მართლაც ერთადერთი ქვეყანაა რომელმაც ეს მოახერხა.

ამავე დროს ჩვენ კვლავ ვხედავთ „ბაირახტარ“ TB2 დრონებს, რომლებიც უკრაინას მიეწოდება. ისინი უკრიანული მხარისთვის ხშირად სულ ახალი გადაცემულია. ზოგიერთი ახლახან ჩამოგდებული დრონის წარმოების თარიღი 2022 წლის მარტიც კი იყო. თურქეთი კვლავ თამაშობს როლს კულისებს მიღმაც და თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონფიდენციალური საუბრებიდანაც, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მათი სიმპატიები უკრაინის მხარეს უფრო იხრება, ვიდრე - რუსეთის და ეს უეჭველია.

- როგორ შეიძლება გაგრძელდეს თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა? როგორ გგონიათ, რა შეიძლება იყოს გარდამტეხი ამ ამბივალენტურ დამოკიდებულებაში? რამ შეიძლება ითამაშოს გადამწყვეტი როლი იმისთვის, რომ ეს ფარული სიმპატია უკრაინისადმი უშუალო, პირდაპირ მხარდაჭერად იქცეს?

- ჩვენ უკვე ვნახეთ საკმაოდ მკაცრი პოლიტიკური ნაბიჯებიც თურქეთის მხრიდან ამ ომთან დაკავშირებით. თუნდაც როგორც ვახსენეთ, „ბაირახტარებით“ უკრაინის განგრძობითი მხარდაჭერა და ის ფაქტიც, რომ მესამე ქვეყნებსაც შეუძლიათ „ბაირახტარების“ ყიდვა და შემდეგ უკრაინისთვის გადაცემა, [მნიშვნელოვანია]. პრეზიდენტ ერდოღანს ძალიან დიდი გავლენა და ძალაუფლება აქვს და თუკი მას ენდომებოდა, რომ ეს შეწყვეტილიყო, ასეც მოხდებოდა. მაგრამ ეს კვლავ გრძელდება.

ამასთან, გადაწყვეტილება თურქული სრუტეების სამხედრო ხომალდებისთვის ჩაკეტვის თაობაზეც გავლენას ახდენს არა მხოლოდ რუსეთ-უკრაინაზე და რუსეთის შესაძლებლობებზე გააძლიეროს შავი ზღვის ფლოტი, არამედ ასევე რუსეთის მოქმედებებზე სირიაშიც. კონფლიქტის ეს ასპექტი ხშირად არ არის განცხილული.

თუკი რუსეთი გააგრძელებს უკრაინაში იმის კეთებას, რასაც ახლა აკეთებს, თუკი სამოქალაქო პირების მიმართ სისასტიკე გაგრძელდება, თუკი რუსეთი არ გამოავლენს მზაობას, რომ დაასრულოს ეს თავდასხმა, მაშინ მგონია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ქმნის იმ გარემოებებს, რომლებიც თურქეთსა და დასავლეთს კიდევ უფრო დააახლოვებს, რადგან თურქეთს მოუწევს აღიაროს, რომ მედიატორის როლის შესრულების მცდელობა ეფექტური არ არის.

რუსეთი ძირს უთხრის შავი ზღვის რეგიონულ უსაფრთხოებას. ვფიქრობ, თურქეთი შეიცვლის კურსს და დაუბრუნდება თავის ისტორიულ - რეგიონში რუსეთის ექსპანსიონიზმის შემაკავებელ როლს. ამან კი შეიძლება ითამაშოს კატალიზატორის როლი, რაც თავის მხრივ, მაგალითად თურქეთსა და ამერიკას კვლავ დაახლოვებს.

- რა არის ის კონკრეტული გზები, რომლითაც თურქეთს ომის მიმდინარეობაზე ან მის შედეგებზე გავლენის მოხდენა შეუძლია? ხომ არ არის ზოგიერთ ამ დისკუსიაში მისი როლი და შესაძლებლობები გაზვიადებული?

- ვფიქრობ, ეს როლი შესაძლოა ცოტა გადაჭარბებულადაც კი გვესმის. დიახ, თურქეთის როლი და დამსახურება აღსანიშნავია მაშინ, როცა ეს საჭიროა. დიახ, თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ორი მხარე მოლაპარაკების მაგიდის ირგვლივ დასვა. ეს შესანიშნავია და ვხედავთ მიღწევას მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით. თურქებს ეს უნდა დავუფასოთ, მაგრამ მგონია, რომ ეს თურქეთის დიპლომატიური ჩართულობის მაქსიმუმია.

რუსეთი ძირს უთხრის შავი ზღვის რეგიონულ უსაფრთხოებას. ვფიქრობ, თურქეთი შეიცვლის კურსს და დაუბრუნდება თავის ისტორიულ - რეგიონში რუსეთის ექსპანსიონიზმის შემაკავებელ როლს. ამან კი შეიძლება თურქეთსა და ამერიკაც მეტად დააახლოვოს

არ არსებობს არავინ, ვისაც რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან მოყვანა და მისი იმაში დარწმუნება შეუძლია, რომ მეორე მხარეს ცეცხლის შეწყვეტა გულწრფელად შესთავაზოს. ერთადერთი, ვისაც ამის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, ვლადიმირ პუტინია. ასე რომ, ოდნავ გადაჭარბებულია თურქეთის როლის იმგვარად აღქმა, თითქოს ანკარას შეუძლია შეასრულოს მედიატორის როლი, რათა დაასრულოს კონფლიქტი. არ მგონია რომ ეს ასეა, მაგრამ მგონია რომ ანკარას შეუძლია შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი ისეთი საკითხების მოლაპარაკებებში, როგორიც ხორბლის ექსპორტია.

- თურქეთის ინტერესები რეგიონში საკუთარი და რუსეთის როლის შესახებ ასევე ამბივალენტურია. ერთი მხრივ, ალბათ არსებობს ზღვარი სადამდეც ანკარა რუსეთის ექსპანსიონისტურ ამბიციებს მოითმენს, სანამ უშუალო საფრთხედ არ აღიქვამს, მეორე მხრივ კი, დასუსტებული რუსეთი შესაძლოა, რეგიონში სხვა ძალების, თუნდაც ირანის დაწინაურებასაც გულისხმობდეს. რაც სულაც არ იქნება თურქეთის ინტერესებში. როგორ ფიქრობთ, სად გადის ეს ზღვარი?

- ვფიქრობ ანკარაში ბევრი უკვე ხედავს რუსეთს, როგორც საფრთხეს. კვლავ ისტორია რომ გავიხსენოთ, მე-16 საუკუნეშივე თურქები რუსეთს რეგიონში მათი ინტერესებისა და რეგიონული სტაბილურობისთვის საფრთხედ მიიჩნევდნენ.

ამერიკისა და თურქეთის და [ზოგადად] დასავლეთისა და თურქეთის ურთიერთობაში, განსაკუთრებით კი უშუალოდ პრეზიდენტ ერდოღანთან მიმართებით, ბევრი პრობლემაა, მაგრამ უფრო ფართო გეოპოლიტიკური სურათის დანახვისას, უნდა გვესმოდეს, რომ თურქეთი რუსეთის გავლენისა და აგრესიის წინაღმდეგ მნიშვნელოვან და დამაბალანსებელ როლს ასრულებდა. იქნებოდა ეს სამხრეთ კავკასიაში ყარაბაღი, სირიაში იდლიბის რეგიონი თუ ლიბია, როცა თურქეთმა მხარი დაუჭირა საერთაშორისოდ აღიარებულ ეროვნული თანხმობის მთავრობას რუსების მიერ მხარდაჭერილი ლიდერის, წინააღმდეგ. თურქეთი ყოველთვის მზად იყო რუსეთის ექსპანსიონიზმს წინ აღდგომოდა.

შესაძლოა ისინი ამას ყოველთვის ისე არ აკეთებენ, როგორც დასავლეთი ისურვებდა, მაგრამ ისინი ამას აკეთებენ უნიკალურად თურქული გზით და ისე, რაც ეფექტურია მხოლოდ თურქეთისთვის. ვფიქრობ, ჩვენ მეტი უნდა ვიმუშაოთ დასავლეთში იმისთვის, რომ გავიგოთ ზოგიერთი ადგილობრივი ისტორიული და რეგიონული დინამიკა, რომელიც იქ თამაშდება და ვითარდება.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ბალანსის კუთხით, თურქეთი უკრიანის მიმართ მაინც ყოველთვის უფრო მხარდამჭერი იყო, ვიდრე - რუსეთის. ასევე ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს რა ხდება კულისებს მიღმა. ომის მეხუთე თვის შემდეგაც, ჩვენ ვიცით, რომ თურქული დრონები კვლავ დაფრინავენ უკრაინაში. ისევ ყრიან ბომბებს, ვიღაც მათ ამარაგებს სათადარიგო ნაწილებით და ყველაფერ იმით, რაც მათი ფუნქციონირებისთვისაა საჭირო. ეს მაფიქრებინებს, რომ თურქეთი ამას კულისებს მიღმა აკეთებს.

- ნატოს მადრიდის სამიტზე შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანებას გზა სწორედ თურქეთთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ გაეხსნა. ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, თურქეთის მოთხოვნების დაკმაყოფილება ნატოსთვის ალიანსის ერთობის ჩვენებისთვის აუცილებელ, კრიტიკული მნიშვნელობის მომენტში მოხდა და სხვა ვითარებაში შესაძლოა მსგავსი პრეცედენტი არ გვენახა. რას ნიშნავდა ეს შეთანხმება?

ანკარაში იციან, რომ ნატო უფრო დაცული იქნება იმით, რომ შვედეთი და ფინეთი მისი წევრები გახდებიან. თურქეთი ნატოს მნიშვნელოვანი წევრია და მათ წუხილს უნდა მიექცეს ყურადღება.

- ჩვენ ამ ეტაპზე მართლაც არ ვიცით, ზუსტად რაზე შეთანხმდნენ ისინი. ვფიქრობ, რომ ბევრი რამ, ბევრი პირობა ღიადაა დატოვებული იმისთვის, რომ თითოეულმა მხარემ შეძლოს მათი საკუთარი აუდიტორიისთვის სასურველი ინტერპრეტირება. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ საბოლოოდ თურქეთი, ფინეთი და შვედეთი შეძლებდნენ შეთანხმებას. გაკვირვებული ვიყავი, რომ ეს ასე სწრაფად მოხდა და თავად ფაქტი, რომ ეს სამიტზე გადაწყდა, ვფიქრობ დადებითი იყო.

ასევე, ვფიქრობ, რომ ალიანსი სწორად მოიქცა, რომ თურქეთს მისი შეშფოთების მიზეზების გაჟღერების შესაძლებლობა მისცა. თურქეთი 1952 წლიდანაა ნატოს წევრი და მიუხედავად ზოგიერთი ორმხრივი პრობლემისა ამერიკასა და პრეზიდენტ ერდოღანს შორის, თურქეთს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული ალიანსში. ის იყო ერთ-ერთი იმ ორ ქვეყანას შორის, რომლებიც ცივი ომის დროს რეალურად ესაზღვრებოდნენ საბჭოთა კავშირს; არ უნდა დაგვავიწყდეს თურქეთის როლი 1990-იან წლებში ბალკანეთში სამშვიდობო ოპერაციებში, ან მისი როლი ავღანეთში. ამერიკის გარდა ის იყო ერთადერთი ქვეყანა რომელიც ISAF-ს - „საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალებს“ ორჯერ მეთაურობდა; ასევე როლი, რომელსაც ის ასრულებდა ქაბულის აეროპორტში ბოლო წუთამდე.

თურქეთი ნატოს მნიშვნელოვანი წევრია და მათ წუხილს უნდა მიექცეს ყურადღება. ძალიან მიხარია, რომ საბოლოოდ ამ საკითხებზე იმსჯელეს და შევძელით წინ წავწეულიყავით ამ ორი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ანკარაში იციან, რომ ნატო უფრო დაცული იქნება იმით, რომ შვედეთი და ფინეთი მისი წევრები გახდებიან.

ვფიქრობ, თავად შვედეთმა და ფინეთმაც, უფრო მეტად კი შვედეთმა, ასევე იციან, რომ თურქეთს აქვს შეშფოთების გარკვეული ლეგიტიმური მიზეზი “ქურთისტანის მუშათა პარტიასთან (PKK) (პარტია თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული) დაკავშირებული ზოგიერთი პირის შესახებ, რომლებიც თავისუფლად გადააადგილდებიან შვედეთში. ვფიქრობ, საბოლოოდ ეს ყველაფერი ალიანსს კიდევ უფრო გააჯანსაღებს.

- ალიანსი და შეერთებული შტატები თურქეთს დიდხანს აკრიტიკებდნენ რუსეთისგან ნატოსთან შეუთავსებელი საჰაერო თავდაცვითი სისტემების შეძენის და სხვა ნაბიჯების გამო, რომლებიც არ მიიჩნევა დემოკრატიულად და მეგობრულად. რა ეტაპზეა ახლა ნატო-თურქეთისა და ამერიკა-თურქეთის ურთიერთობები?

- ვფიქრობ, რომ უნდა განვასხვავოთ ნატოს ურთიერთობა თურქეთთან ამერიკა-თურქეთის ურთიერთობისგან. ალიანსის შიგნით არ ყოფილა მნიშვნელოვანი პრობლემა თურქეთის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.

თურქეთი განაგრძობს მოქმედებას, როგორც ალიანსის მნიშვნელოვანი წევრი, განაგრძობს თანამშრომლობას ალიანსის შიგნით და ამაზე ამერიკასა და თურქეთს შორის ორმხრივ უთანხმოებას გავლენა არ მოუხდენია. მე სულ არ ვარ შეშფოთებული ალიანსთან თურქეთის ურთიერთობით.

რაც შეეხება ამერიკა-თურქეთის ურთიერთობებს, ის ნამდვილად არაა კარგ მდგომარეობაში და წარსულში ნამდვილად უკეთესი იყო. მაგრამ ამერიკასა და თურქეთს აქვთ უსაფრთხოების კუთხით კარგი ურთიერთობის 7 ათწლეულის ისტორია და მე არ მსურს, რომ ეს იმ გამოწვევებიანი 7 წლის ურთიერთობების გამო გადავდო გვერდით, რაც პრეზიდენტ ერდოღანთან გვქონდა.

ჩვენ უნდა განვაგრძოთ ერთად მუშაობა, უნდა ვცადოთ, რომ გადავლახოთ ზოგიერთი ეს უთანხმოება და გრძელვადიან პერსპექტივაში, ამერიკა-თურქეთის ურთიერთობები ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი და მოწესრიგებული იქნება.

- კრემლის ექსპანსიონისტური პოლიტიკითა და კიდევ ერთი სამხედრო აგრესიით შეშფოთებული ამერიკელი კანონმდებლები თეთრ სახლს შავი ზღვის სტრატეგიის და რეგიონში წარმომადგენლობის გაძლიერებისკენ მოუწოდებენ. ისინი ამბობენ, რომ ომმა აშკარა გახადა, საჭიროა ამერიკისა და ნატოს ძალების მეტი ინტეგრაცია რეგიონის ქვეყნებთან. ბევრის აზრით, ამგვარი სტრატეგია ამერიკას წლების წინ უნდა შეემუშავებინა და ეს შავ ზღვაში მოსკოვის დაწინაურებას ხელს მეტად შეუშლიდა. როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო ამ მიმართულებით და როგორ შეუძლიათ ამერიკასა და ნატოს შავ ზღვაში რუსეთის პოზიციების შეზღუდვა?

- ახალი სტრატეგია, უფრო სწორად ახალი კანონმდებლობა, რომელიც [მთავრობას] სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდებს, და საერთოდ, შავ ზღვაში ამერიკის ნებისმიერი ტიპის ჩართულობის გაზრდა, მისასალმებელია. თუმცა ეს ცოტა დაგვიანებულია. ჩვენ ეს სტრატეგია უნდა გვქონოდა 1 ან 2 წლის წინ მაინც და თუკი ახლა წავიკითხავთ იმას, თუ რას გვთავაზობს ის, თავი დროის კაფსულაში გეგონებათ. ახალი გეოპოლიტიკური რეალობა შავ ზღვაში ფუნდამენტურადაა შეცვლილი. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ის, რაც ჩვენი ვარიანტები ან შესაძლებლობები იყო, ახლა ლიმიტია იმისა, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ შავ ზღვაში სულ მცირე საზღვაო მიმართულებით.

ამასთანავე, როცა აქ, ვაშინგტონში ვმსჯელობთ შავი ზღვის რეგიონის და შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ, ხშირად ზედმეტად დიდ აქცენტს ვაკეთებთ საზღვაო კომპონენტზე და უგულებელვყოფთ ამ რეგიონული უსაფრთხოების საჰაერო და სახმელეთო კომპონენტებს. ეს კი არის ის ორი სფერო, რომელშიც ჩვენ უნდა ვაუმჯობესებდეთ სტრატეგიას, რათა გვქონდეს მეტი როლი. ახლა კი ამერიკულ საზღვაო ძალებს შავ ზღვაში შესვლაც კი არ შეუძლია. არ ვარ დარწმუნებული, როგორ შეგვიძლია გვქონდეს ახალი სტრატეგია საზღვაო უსაფრთხოებაზე შავ ზღვაში მაშინ, როცა ახლანდელი გარემოებები ამდენად განსხვავდება ერთი წლის წინ არსებულისგან.

- როგორ ფიქრობთ, რა არის ამ ვითარებიდან თურქეთისთვის ყველაზე სასურველი და არასასურველი შედეგები?

- თურქეთის გადმოსახედიდან, ვფიქრობ, ყველაზე არასასურველი შედეგი უკრიანის მთავრობის დამხობა, მარცხი და რუსული ძალების მიერ ე.წ. ნოვორასიის რეგიონის ხელში ჩაგდებაა. ეს არსებითად გადააქცევდა უკრაინის შავი ზღვის რეგიონს რუსულ ტბად. თურქეთისთვის ისტორიული მნიშვნელობის ტერიტორიები კი, როგორიც ყირიმია, კიდევ უფრო მეტად იქცეოდა რუსეთის ფედერაციის ნაწილად და ეს ძირს გამოუთხრიდა თურქეთის ისტორიულ როლს რეგიონში, როგორც ერთ-ერთ დამაბალანსებელ ძალას. ეს ყველაზე საშინელი სცენარია.

საუკეთესო სცენარი კი ისაა, რომ უკრაინამ დაიბრუნოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები, რომლებიც მოიცავს ყირიმსაც. ეს არა მხოლოდ ნიშნავს იმას, რომ უკრაინის სახით თურქეთს ეყოლებოდა ძლიერი დამაბალანსებელი პარტნიორი შავ ზღვაში, არამედ ის გარემოებები, რომლებიც რუსეთის სრულ მარცხს გამოწვევდა, ასევე ნიშნავს ძალიან დასუსტებულ რუსეთს, რასაც თურქეთისთვის არა მხოლოდ შავ ზღვაში ექნება მნიშვნელობა, არამედ სირიაშიც, სამხრეთ კავკასიაშიც.

ყირიმის ნახევარკუნძული თურქეთისთვის ისტორიულადაც და გეოგრაფიულადაც ძალიან მნიშვნელოვანია. თურქეთი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც სულ თავიდანვე ყველაზე აქტიურად აკრიტიკებდა რუსეთის მიერ მის უკანონო ანექსიას და ის ამას ექინააღმდეგებოდა. თურქეთი ერთ-ერთი იყო იმ სულ რამდენიმე ქვეყანას შორის მსოფლიოში, რომელიც ცდილობდა ცნობიერების ამაღლებას და ინფორმაციის გავრცელებას ყირიმელი თათრების განადგურების შესახებ. ყირიმელს თათრებს, რომლებიც ნახევარკუნძულის ადგილობრივი მცხოვრებლები, ეთნიკურად თურქები და რელიგიურად სუნიტი მუსლიმები არიან, ეკატერინე მეორის ეპოქიდან მოყოლებული ანადგურებდნენ და ახლაც ანადგურებენ ვლადიმირ პუტინის მმართველობის ქვეშ. თურქეთი ყოველთვის ავრცელებდა ინფორმაციას მათი ხვედრის შესახებ და ძალიან ბევრი ყირიმელი თათრისთვის, ვინც ქვეყნიდან გაიქცა, თურქეთი იქცა თავშესაფრად.

ყირიმი ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით. მაგრამ ასევე, თურქეთისთვის ის მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ყირიმი რუსეთისთვის პლაცდარმის ფუნქციას ასრულებს ოპერაციებისთვის სირიასა და ლიბიაში, სადაც თურქეთს საკუთარი ეროვნული ინტერესები აქვს. ასე რომ ეს შეუზღუდავი წვდომა, რითაც ახლა რუსეთი ყირიმში სარგებლობს, გავლენას ახდენს თურქეთის სხვა ინტერესებზეც, მათ შორის სირიასა და ლიბიაში.

დასავლეთში ყირიმის შესახებ ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება და მცდარი წარმოდგენები არსებობს. როცა ადამიანები უკრიანის ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრობენ ლუჰანსკისა და დონეცკის ჩათვლით, იქვე ზოგი დასძენს, თითქოს ყირიმი განსხვავებული თემაა და ის თითქოს ყოველთვის „რუსული იყო“. ეს დეზინფორმაციაა. და აქ ორი რამ უნდა გვახსოვდეს.

თურქეთი ყოველთვის ნატოს გაფართოებისა და საქართველოს გაწევრიანების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი იყო. მაშინაც კი, როდესაც ამაზე საუბარი ბევრი ევროპელისთვის არც ისე მოდური რამ იყო.

პირველი, საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს უკრაინის საზღვრებს ყირიმის ნახევარკუნძულის ჩათვლით და მეორეც, თუკი არგუმენტი უნდა იყოს ის, თუ ვინ აკონტროლებდა ყირიმს ყველაზე დიდხანს წარსულში და ეს განსაზღვრავს, ვინ უნდა აკონტროლოს ის ახლა, ეს თურქეთი იქნება და არა - რუსეთი. ყირიმი რუსეთმა
1790-იან წლებში ეკატერინე დიდის დროს ჩაიგდო ხელში. თურქეთის გავლენა იქ ყოველთვის უფრო ძლიერი იყო, ვიდრე - რუსეთის იმპერიისა. ცხადია, ამას არა სერიოზულად, არამედ იმის წარმოსაჩენად ვამბობ, თუ რამდენად სასაცილოა რუსეთის არგუმენტი იმის შესახებ, თითქოს, მიწის კონკრეტული ნაწილი ყოველთვის რუსეთის ნაწილი უნდა იყოს იმის გამო, რომ მოსკოვი მას რუსეთის იმპერიის დროს აკონტროლებდა. ეს ნონსენსია და მსოფლიოს უდიდესი ნაწილი ამას აღიარებს.

- თურქეთი ნამდვილად აკეთებდა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ განცხადებებს, ისევე როგორც, საქართველოს მიმართ. ამასთან ანკარა ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. რას ნიშნავს უშუალოდ საქართველოსთვის და რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის ის, თუ როგორ როლს ითამაშებს თურქეთი დღევანდელ კრიზისში?

- თურქეთი ყოველთვის ნატოს გაფართოებისა და საქართველოს გაწევრიანების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი იყო. მაშინაც კი, როდესაც ამაზე საუბარი ბევრი ევროპელისთვის არც ისე მოდური რამ იყო. ძალიან კარგია, რომ თურქეთი ამას მხარს ყოველთვის ხმამაღლა უჭერდა. საქართველოსა და თურქეთს შორის რა თქმა უნდა ძალიან ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობა არსებობს. იქნება ეს ენერგო-ინფრასტრუქტურა: გაზის სამხრეთული კორიდორი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა თუ სხვა. არსებობს ძალიან ძლიერი სახელმწიფოთაშორისი და ლოკალური ეკონომიკური კავშირებიც განსაკუთრებთ აჭარასთან.

ეს ეკონომიკური ურთიერთობა და ინტეგრაცია საუკუნეების განმავლობაში გრძელდება. ცხადია გვესმის ზოგი ქსენოფობიური კომენტარი და შეხედულება ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსისგან. რა თქმა უნდა ალბათ ეს ბევრს აკვირვებს ანკარაში, მაგრამ ვფიქრობ ქართველი ლიდერებისა და საზოგადოების უდიდეს ნაწილს ესმის საქართველო-თურქეთის ურთიერთობის მნიშვნელობა და მგონია, რომ ხალხი არ აქცევს დიდ ყურადღებას იმ რასისტულ ან ქსენოფობიური კომენტარებს, რომლებსაც ზოგიერთი პოლიტიკოსი აკეთებს.

ნებისმიერი როლი, რაც კი თურქეთს შეუძლია შეასრულოს რეგიონში რუსეთის დასაბალანსებლად, რა თქმა უნდა, წააადგება საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც, რომელთანაც თურქეთს ასევე მნიშვნელოვანი პარტნიორობა აქვს.

ასევე ძალიან სასიამოვნოა, რომ გვესმის მეტი დისკუსია თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მეტი ნორმალიზების შესახებ. ეს ნამდვილად ყველაზე მეტად სჭირდება სამხრეთ კავკასიას. წარმოიდგინეთ რამდენი მილიარდი დოლარია უარყოფილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით კავკასიისთვის სწორედ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გამო.

ჩვენ ვხედავთ უფრო მდგრადი სამშვიდობო შეთანხმების შესაძლებლობას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ამან უნდა გაუკაფოს გზა მეტ ნორმალიზაციას თურქეთსა და სომხეთს შორის. ეს საბოლოოდ, დროთა განმავლობაში დაასუსტებს რუსეთის გავლენას და ეს ასევე თავისთავად იმოქმედებს პოზიტიურად საქართველოზეც. ასე რომ მოგვწონს ეს თუ არა, თურქეთი სამხრეთ კავკასიაში რუსეთს დამაბალანსებელ როლს თამაშობს.

- აზერბაიჯანი ევროკომისიას მეტი გაზის მიწოდებაზე შეუთანხმდა. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ეს ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად და მეორე მხრივ როგორი გზავნილია ეს ალიევის ხელისუფლებისგან?

- ეს დადებითი მოვლენაა, როგორც აზერბაიჯანისთვის, ისე - საქართველოსა და თურქეთისთვის, როგორც სატრანზიტო ქვეყნებისთვის და ცხადია, ევროკავშირისთვის. ნებისმიერი ნავთობი თუ გაზი, რომელსაც ბლოკი მიიღებს ნებსიმიერი ადგილიდან, გარდა რუსეთისა, მას უფრო დაცულს გახდის.

ჩვენ უნდა მივცეთ მათ შესაძლებლობა, რომ მიიტანონ იერიში რუსეთის ფედერაციის შიგნით არსებულ იმ ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე, რომლებიც უკრაინას უქმნის საფრთხეს.

თუმცა ასევე საჭიროა იმის გააზრება, რომ საჭირო იქნება ბევრად მეტი ინვესტიცია ინფრასტრუქტურაში, რადგან ეს კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპისკენ [ენერგოტრანზიტის] მაქსიმუმია. საჭირო იქნება მეტი ინვესტიცია, მეტი ამოსატუმბი სადგური, და ა.შ. ეს იქნება ხარჯიანი, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი ევროპელებისთვის. უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში კი ვისურვებდი დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის შექმნას თურქმენეთსა და აზერბაიჯანს შორისაც, რომ საბოლოოდ შესაძლებელი გახდეს თურქმენული გაზის კასპიის რეგიონში და შემდეგ სამხრეთული გაზის კორიდორით ევროპისთვის მიწოდება.

- კვლავ უკრაინას რომ დავუბრუნდეთ, იღებს თუ არა უკრაინა ახლა დასავლეთისგან ყველაფერს, რაც მას გამარჯვებისთვის სჭირდება?

- ისინი იღებენ იმას, რაც სჭირდებათ, მაგრამ არასაკმარისად სწრაფად. ჩვენ ვკვებავთ უკრაინელებს აღჭურვილობითა და ტყვია-წამლით. მაგრამ ჩვენ უნდა შევქმნათ განგრძობითი საჰაერო ხიდი, განგრძობითი კავშირი იმისათვის, რომ უკრაინელთა განახლებული შეარაღება და მომარაგება შევძლოთ.

ჩვენ ახლა კონფლიქტის კრიტიკულ ფაზაში ვართ, როცა უკრაინელებს შეუძლიათ შეცვალონ ბალანსი და კონტრშეტევა განახორციელონ ძალაგამოცლილ რუსულ ძალებზე. საჭიროა, რომ ჩვენ, დასავლეთმა დავიწყოთ უკრიანის შეიარაღების საკითხისადმი სერიოზული მიდგომა.

მახსოვს, თებერვალში ომის პირველ კვირებში, კოლეგები ამბობდნენ, რომ აზრი არ ჰქონდა უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას, რადგან მათ ივლისამდე ვერ გავწვრთნიდით ამ სისტემების გამოსაყენებლად. რა დროა ახლა? თითქმის აგვისტო. ჩვენ უნდა ვიწყებდეთ უკრაინელების გაწვრთნას ისეთი მაღალტექნოლოგიური, განვითარებული იარაღის გამოსაყენებლად, როგორიც თუნდაც „პატრიოტის“ სისტემებია.ჩვენ უნდა მივცეთ მათ შესაძლებლობა, რომ მიიტანონ იერიში რუსეთის ფედერაციის შიგნით არსებულ იმ ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე, რომლებიც უკრაინას უქმნის საფრთხეს.

ჩვენს ინტერესებშია რომ უკრაინამ მოიგოს ეს ომი, არა მხოლოდ უკრაინის ან ტრანსატლანტიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის, არამედ იმის გამოც, რომ ჩინეთი ხედავს, რა ხდება უკრაინაში. რუსეთი, ჩინეთის უმცროსი პარტნიორია - დასუსტებული და დამარცხებული რუსეთი ნიშნავს დასუსტებულ ჩინეთსაც, ჩინეთი აკვირდება უკრაინაზე ჩვენს პასუხს იმ კონტექსტში თუ როგორ ვუპასუხებთ ან არ ვუპასუხებთ ტაივანის საკითხს. ძლიერი და გამარჯვებული უკრაინა ნიშნავს უფრო ძლიერ ტაივანს. ჩვენ გვჭირდება ამ ფართო გეოპოლიტიკური კუთხით ფიქრი, რასაც ახლა არ ვაკეთებთ.

XS
SM
MD
LG