ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კინზინგერი: "ომში ჩართვის შესახებ ბრალდებები სრული სიყალბეა"


კონგრესმენი ადამ კინზინგერი

საქართველოში ამერიკის ელჩის და დასავლეთის მხრიდან საქართველოს "ომში ჩათრევის მცდელობის" შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერიც.

კინზინგერი, რომელიც კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეცაა, ამბობს, რომ ომში ჩათრევის შესახებ გაკეთებული განცხადებები აბსოლუტური სიცრუეა და არ შეესაბამება სიმართლეს, შეერთებული შტატები კი ცდილობს უკრაინის მხარდაჭერას იმისთვის, რომ მან არ დაკარგოს ტერიტორიები.

"რაც შეეხება საქართველოში გავრცელებულ დეზინფორმაციას, ჩვენ გვსურს ვთქვათ ძალიან ნათლად: ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს, რომ უკრაინაში დასრულდეს ბრძოლა ისე, რომ უკრაინამ არ დაკარგოს თავისი ტერიტორიის არც ერთი ნაწილი. ჩვენ არ გვსურს, ჩავრთოთ საქართველო ომში. ეს სრული სიყალბეა", - წერს კინზინგერი "ტვიტერზე".

"ქართული ოცნების" მოქმედი წევრები და პარტიიდან ცოტა ხნის წინ "ხალხისთვის სიმართლის თქმის" მიზეზით წასული პოლიტიკოსები ბოლო კვირების განმავლობაში ამერიკის ელჩის მიმართ არაერთ კრიტიკულ განცხადებას აკეთებენ. მატი უმრავლესობა შეეხება ელჩის პოზიციას და თითქოსდა მის მხარდაჭერას იმ ძალების მიმართ, რომლებიც "საქართველოს უკრაინის ომში ჩათრევას" და "საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას" ემხრობიან ან ცდილობენ. ამ ბრალდებებს უკვე გამოეხმაურნენ სახელმწიფო დეპარტამენტშიც. შეერთებული შტატების დიოლომატიური უწყების განმარტებით, ამგვარი ლექსიკა არ შეესაბამება იმ ენას, რასაც პარტნიორები უნდა იყენებდნენ.

"ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეები დიდი უმრავლესობით უჭერენ მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ, ცხადია, მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას. თუმცა, ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა თითქოს მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების ამ მიზნიდან გადახვევას. ელჩი დეგნანი და მისი გუნდი თბილისში მოწოდებულნი არიან, რომ იმუშაონ საქართველოს მოქალაქეებთან და მხარი დაუჭირონ მათ ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას. ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ არის შესაბამისი იმ კომუნიკაციისა, რაც პარტნიორებს აქვთ“, - თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა.

საქართველოში ამერიკის ელჩსაც რამდენჯერმე მოუხდა იმის განმარტება, რომ შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაზე ან ამის მსურველი ძალების მხარდაჭერაზე საუბარი სრულიად აბსურდულია. დეგნანმა მის მიმართ კრიტიკულ წერილებს "ტყუილებითა და კონსპირაციებით სავსე“ უწოდა

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა ურყევია, მაგრამ ქვეყნის მმართველებს და მის ნებისმიერ პოლიტიკოსს აქვთ უფლება დასვან შეკითხვები და "მეგობრობა და პარტნიორობა" არ გამორიცხავს ასეთი შეკითხვების ლეგიტიმურობას. „ქართული ოცნება“ უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას მისი წევრების ან ყოფილი წევრების განცხადებების ანტიდასავლურობის თაობაზე.

XS
SM
MD
LG