ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლმა დაადასტურა, რომ პუტინმა ინტერვიუ მისცა Fox News-ის ყოფილ წამყვან ტაკერ კარლსონს


პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს ინტერვიუ მისცა ამერიკელ ტელეწამყვანს, ტაკერ კარლსონს. ეს რუსეთის პრეზიდენტთან ამერიკელი ჟურნალისტის პირველი ინტერვიუა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან თითქმის ორი წლის შემდეგ.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ პუტინი დათანხმდა კარლსონის ინტერვიუს, რადგან Fox News-ის ყოფილი წამყვანის მიდგომა განსხვავდებოდა მრავალი სხვა, დასავლური საინფორმაციო გამოშვების მიერ "უკრაინის კონფლიქტის ცალმხრივი გაშუქებისგან".

„როცა საქმე ეხება კოლექტიური დასავლეთის ქვეყნებს, მსხვილი მედია, ტელეარხები და დიდი გაზეთები ვერ დაიკვეხნიან, რომ ცდილობენ მაინც მიუკერძოებლად გამოიყურებოდნენ გაშუქების თვალსაზრისით“, - თქვა პესკოვმა რეგულარულ საინფორმაციო ბრიფინგზე ოთხშაბათს. „რა თქმა უნდა, ასეთ მედიასთან კომუნიკაციის სურვილი არ არის“, - თქვა მან.

კითხვაზე, თუ რატომ მიიღო თანხმობა კარლსონმა ინტერვიუზე, პესკოვმა თქვა, რომ ამერიკელი ჟურნალისტის მიდგომა "არანაირად არ არის პრორუსული, ის არ არის პრო-უკრაინული - ის არის პროამერიკული".

კარლსონი, საკუთარ გადაცემაში, აქტიურად აკრიტიკებდა ვაშინგტონის სამხედრო დახმარებას კიევის მიმართ. ინტერვიუ სავარაუდოდ ხუთშაბათს გავა ეთერში.

პუტინი, რომელმაც უკრაინაში შეარაღებული ძალების შეჭრის ბრძანება 2022 წლის 24 თებერვალს გასცა, ბოლოს ოფიციალურად ამერიკულ მედიასაშუალებას 2021 წლის ოქტომბერში ესაუბრა.

ბევრმა დასავლურმა მედია-ორგანიზაციამ მოსკოვი დატოვა ან იქ თავისი ოფისები დახურა. ამის მიზეზი კი სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ მედიის წინააღმდეგ მიღებული მკაცრი კანონები იყო. Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი, ამერიკის მოქალაქე, ჯაშუშობის ბრალდებით 2023 წლის მარტში დააკავეს.

კარლსონმა სამშაბათს სოციალურ პლატფორმა "X"-ზე გამოქვეყნებულ პოსტში თქვა, რომ ინტერვიუ ამერიკელებს საშუალებას მისცემს გაიგონ რუსეთის შეხედულება ომის შესახებ.

"ჩვენ არ ვართ აქ იმიტომ, რომ გვიყვარს ვლადიმირ პუტინი... ჩვენ არ მოგიწოდებთ დაეთანხმოთ იმას, რაც პუტინმა შეიძლება თქვას ამ ინტერვიუში, მაგრამ მოგიწოდებთ, უყუროთ მას. თქვენ უნდა იცოდეთ რაც შეიძლება მეტი", - განაცხადა მან.

კარლსონმა, რომელიც ამბობს, რომ დასავლური მედიის უმეტესობა კიევის სასარგებლოდაა მიკერძოებული, თქვა, რომ მან ასევე სთხოვა ინტერვიუ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG