ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის საკონსულოს თანამშრომელი სტამბოლის სასამართლომ ციხეში დატოვა


თურქეთის სასამართლომ დღეს ამერიკის საკონსულოს თანამშრომლის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლო პროცესი ჯაშუშობის ბრალდებით გრძელდება, მომდევნო სხდომა კი დეკემბერში გაიმართება.

მეტინ ტოპუზი თურქი თარჯიმანია, რომელიც ამერიკის საკონსულოში, სტამბოლში მუშაობდა. ის უკვე 23 თვეა დაპატიმრებულია. ადვოკატის ცნობით, მომდევნო სასამართლო მოსმენა 11 დეკემბერს გაიმართება.

ტოპუზს ჯაშუშობასთან ერთად, ბრალი სასულიერო ლიდერ ფეტულა გიულენთან კავშირშიც ედება. გიულენი შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და მას ერდოღანის ხელისუფლება 2016 წლის ზაფხულში სახელმწიფო გადატრიალების და ამბოხის ორგანიზებაში ადანაშაულებს. ვაშინგტონი საკონსულოს თანამშრომლის უდანაშაულობას ამტკიცებს.

სტამბოლის სასამართლო დაცვის მხარეს გამუდმებით უმეორებს, რომ კიდევ ერთი მოწმის მოსმენა სურს. თუმცა, ადვოკატები ამბობენ, რომ ამ კონკრეტული მოწმის მიერ მითითებული მისამართი უბრალოდ არ არსებობს. ტოპუზი საბოლოო სიტყვაშიც თავს უდანაშაულოდ აცხადებს და გამართლებას მოითხოვს. მისმა ადვოკატებმა იანვარში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მიმართეს. "როიტერის" ცნობით, სასამართლომ განაცხადი მიიღო.

ტოპუზის საქმე კიდევ ერთი ნაწილია ნატოელი მოკავშირეებს - ამერიკასა და თურქეთს შორის არსებული მრავალმხრივი დაძაბულობისა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG