ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანის იშვიათი უკანდახევა საპროტესტო აქციების ფონზე


სტუდენტების აქცია პრეზიდენტ ერდოღანის მიერ დანიშნული რექტორის წინააღმდეგ თურქეთში.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი უჩვეულო დათმობაზე წავიდა. მან თვეობით გაგრძელებული საპროტესტო აქციების შემდეგ, თანამდებობიდან გაათავისუფლა მის მიერვე დანიშნული ბოზიჩის უნივერსიტეტის რექტორი.

სტამბოლის წამყვანი ლიბერალური უმაღლესი სასწავლებლის რექტორად წინააღმდეგობრივი ფიგურის მიყვანას, როგორც პროფესურა, ისე სტუდენტებიც აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეები შუაღამისას ოვაციებით შეეგებნენ ცნობას, პრეზიდენტ ერდოღანის მიერ მელიჰ ბულუს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

უკვე ნახევარ წელზე მეტია, ბოზიჩის უნივერსიტეტის პროფესორები საპროტესტო აქციას ყოველდღიურად მართავენ. დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, უნივერსიტეტი რექტორს აქამდე თვითონ ირჩევდა.

"ეს ექვსთვენახევრიანი წინააღმდეგობის შედეგია და ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან მთელი ქვეყნისთვის მაგალითის მიმცემია. თუ მშვიდობიანად და მიზანმიმართულად გააპროტესტებ, ბოლოს და ბოლოს წარმატებას მიაღწევ" - ამბობს ბოზიჩის უნივერსიტეტის პროფესორი კენ კანდანი.

უნივერსიტეტში გამართული საპროტესტო აქციები პოლიციამ ძალადობის გამოყენების გზით, არაერთხელ დაარბია. აქციებზე ბევრი სტუდენტი და პროფესორი დააპატიმრეს. დაკავებისას მთავრობა რეიდებს მძიმედ შეიარაღებული ანტიტერორისტული პოლიციის ქვედანაყოფების მეშვეობით აწყობდა.

სტამბოლში მიმდინარე ჩხრეკის და დაკავების ოპერაციებს გმობდნენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მომხდარი არაერთხელ გააკრიტიკა.

ბოზიჩის უნივერსიტეტში სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს და უნივერსიტეტს ამერიკასთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. უნივერსიტეტი თურქეთში ერთ-ერთ წამყვან უმაღლეს სასწავლებლად არის მიჩნეული და ზოგადად, სტუდენტებში ლიბერალური, დამოუკიდებელი აზროვნების დამკვიდრების რეპუტაცია აქვს - ამბობს პროფესორი სედა ალთუღი.

"მისი სამიზნეში ამოღება კარგა ხანია სწორედ ლიბერალური გარემოს შექმნის გამო ხდება, პროფესორების მხრიდან ლიბერალურად სწავლების, სტუდენტთა ლიბერალური აქტივობების და მთლიანად ლიბერალური ატმოსფეროს გამოისობით და იმის გამო, რომ თურქეთში ბევრ წინააღმდეგობრივ და ტაბუირებულ თემას აქ თავისუფლად და ყოველგვარი ძალადობის გარეშე განიხილავენ" - ამბობს უნივერსიტეტის პედაგოგი.

ჯერჯერობით პრეზიდენტ ერდოღანს რექტორის მოხსნასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ის მანამდე თურქეთის უმაღლესი განათლების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ბოზიჩის უნივერსიტეტში მიმდინარე აქციებს განიხილავდნენ.

უნივერსიტეტში თვლიან, რომ ამ ერთი ბრძოლის მოგებით, პრობლემა არ ამოწურულა. ქვეყანაში პროფესურის დევნა ჯერ კიდევ გრძელდება. "ბრძოლა გრძელდება. მისი უკანდახევა არ ნიშნავს, რომ ჩვენ საკუთარი რექტორის არჩევას შევძლებთ. თუმცა, ეს ნამდვილად დიდი წარმატებაა და არმარტო ბოზიჩისთვის, არამედ სხვა უმაღლესი სასწავლებლებისთვისაც" - აღნიშნავს პროფესორი კანდანი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG