ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს თაღლითობაში ბრალდებული თურქი ბიზნესმენის ექსტრადიცია სურს


შეერთებული შტატები შეეცდება ავსტრიიდან თურქი ბიზნესმენის ექსტრადირებას მიაღწიოს, რათა ის იუტას შტატში სასამართლოს წინაშე წარსდგეს. ორშაბათს, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მას ფულის გათეთრება და ტრანსფერების მეშვეობით ფინანსური თაღლითობა ედება ბრალად.

იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ სეზგინ ბარან კორკმაზმა თურქეთში და ლუქსემბურგში მის მიერ კონტროლირებული საბანკო ანგარიშების მეშვეობით, თაღლითური გზით მიღებული 133 მილიონი დოლარი გაათეთრა.

კორკმაზი ავსტრიაში შაბათს, დეპარტამენტის თხოვნის საფუძველზე დააკავეს.

ბიზნესმენის საქმის გამოძიება თურქეთშიც მიმდინარეობს, სადაც მას შემდეგ, რაც თურქეთის ფინანსური დანაშაულების საგამოძიებო კომისიამ თქვა, რომ კომპანიებს ფულის გასათეთრებლად იყენებდნენ, პროკურორებმა დეკემბერში კორკმაზის კომპანიების 10 ხელმძღვანელი დააკავეს. ეს ინფორმაცია თურქეთის სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტო “ანადოლუმ” გაავრცელა.

ავსტრიაში თურქეთის ელჩმა “დოგანის” ახალი ამბების სააგენტოს უთხრა, რომ თურქეთმა ავსტრიის ხელისუფლებასთან კორკმაზის ექსტრადიციის პროცედურა დაიწყო.

ამერიკელი პროკურორები ამბობენ, რომ თაღლითური შემოსავალი, განახლებადი საწვავის გადასახადზე კრედიტის მისაღები ყალბი განაცხადებით მოიპოვეს. მათ 1 მილიარდ დოლარზე მეტი საგადასახადო კრედიტი მოითხოვეს ბიო-დიზელის წარმოებასა და გაყიდვაზე. სქემაში, იუტაში ბაზირებული “ვაშაკი რენიუბელ ენერჯი ელ ელ სი” იყო ჩართული. ამ დროისთვის კომპანიისგან კომენტარის მიღება ვერ მოხერხდა.

კორკმაზმა და მისმა თანამზრახველებმა, სავარაუდოდ სქემით მიღებული ფულით შეიძინეს თურქული ავიახაზები “ბორაჯეტი”, სასტუმროები თურქეთში და შვეიცარიაში, იახტა “ქვინ ენ” და ვილა და აპარტამენტები სტამბოლში, ბოსფორის სანაპიროზე.

XS
SM
MD
LG