ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთ-რუსეთის წინააღმდეგობრივი ცეკვა


თურქეთისა და რუსეთის ამბივალენტური ურთიერთობა ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ მოექცა პოლიტიკური ანალიტიკოსების ყურადღების ცენტრში. ნატოსთან შეუთავსებელი თავდაცვის სარაკეტო სისტემების S-400-ების რუსეთისგან შეძენა ერთ-ერთი ის ნაბიჯი იყო, რომელიც ამერიკისა და ნატოს მოკავშირეებისგან კრიტიკას იწვევდა. თუმცა ზოგ საკითხში თანამშრომლობის მიღმა, იზრდება ორი რეგიონული ძალის კონკურენცია ისეთი მიმართულებებით, რომელთა შესახებაც მხარეებს რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ. მათ შორისაა უკრაინის, საქართველოს თუ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან დაკავშირებული არაერთი თემა.

ვლადიმირ პუტინისა და რეჯებ ტაიპ ერდოღანის ურთიერთობასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ კავკასიაში, დასავლეთში და თავად რუსეთსა და თურქეთშიც: სად გადის ზღვარი პარტნიორობასა და კონკურენციას შორის? როგორია ორ დიდ რეგიონულ ძალას შორის ბალანსი?

"შორდება ქვეყანა ალიანსს თუ სურს სტრატეგიული დასავლეთის ნაწილად დარჩეს? ამერიკაში რუსეთთან თურქეთის ურთიერთობაზე ბევრ კითხვებს სვამენ“, - ამბობს დეიმონ უილსონი, „ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტი და განმარტავს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობას ხანგრძლივი და რთული ისტორია აქვს, რომელიც ძირითადად კონკურენციით გამოირჩეოდა. „ეს რთული ამბავია, რთული ისტორიით, მათ შორის არაერთი ომით ორ ქვეყანას შორის და ტრადიციული კონკურენტული ურთიერთობით. დღეს ანკარა-მოსკოვის ურთიერთობას კომპლექსური დინამიკა აქვს და ამის შედეგია სწორედ ხშირად ეს წინააღმდეგობრივი ცეკვა შეჯიბრსა და თანამშრომლობას შორის“, - ამბობს უილსონი.

თურქეთ-რუსეთი - კონკურენცია და თანამშრომლობა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:36 0:00

თურქეთი ბოლო წლებში არაერთხელ გამხდარა დასავლეთისგან, ნატოს მოკავშირეებისგან, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატებისგან კრიტიკის და სანქციების სამიზნეც. ანკარასა და ვაშინგტონს შორის წინააღმდეგობები კი ხშირად მოსკოვს შესაძლებლობების ფანჯარას უხსნიდა - მეტად დაახლოვებოდა მის მიერვე მტრად შერაცხული ალიანსის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წევრს.

ანტი-საჰაერო სარაკეტო სისტემების, რუსული S-400-ების შეძენის საკითხი ბოლო წლებში გამუდმებით უთანხმოების საგანი იყო. მიუხედავად ამერიკისა და ნატოს სხვა წევრების აქტიური წინააღმდეგობისა და გაფრთხილებებისა, თურქეთმა რაკეტების ბატარეების პირველი პარტია 2019 წლის ივლისში მიიღო. ერთი კვირის შემდეგ ამერიკამ თურქეთი იარაღის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პლატფორმიდან, უახლესი ამერიკული სამხედრო მოერიშე თვითმფრინავების F-35-ების პროგრამიდან გარიცხა, რადგან ეს-400-ებთან მათი „თანაარსებობა შეუძლებელი იქნებოდა“. „F-35 არ შეუძლია თანარსებობა რუსული დაზვერვის ინფორმაციის შემგროვებელ პლატფორმასთან, რომელიც გამოყენებულ იქნება მისი უპირატესი შესაძლებლობების შესასწავლად“, - განაცხადა მაშინ თეთრმა სახლმა. ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გასული წლის დეკემბერში თურქეთს ამ შესყიდვის გამო სანქციებიც დაუწესა.

ამერიკა თურქეთს აფრთხილებდა, რომ მის მიერ „S-400“ სისტემის შესყიდვა, საფრთხეში ჩააგდებდა შეერთებული შტატების სამხედრო ტექნოლოგიებისა და პერსონალის უსაფრთხოებას. ეს ნაბიჯი რუსეთის თავდაცვის სექტორს მნიშვნელოვანი ფინანსური სახსრებით უზრუნველყოფდა და ამასთან, რუსეთს თურქეთის შეიარაღებულ ძალებზე და თავდაცვის ინდუსტრიაზე წვდომის საშუალებას მისცემდა. თურქეთმა მაინც გადაწყვიტა S-400 სისტემის შესყიდვა და გამოცდა, იმის მიუხედავად, რომ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან თავსებადი სისტემების გამოყენების საშუალება ჰქონდა. ანკარა ამ ნაბიჯს იმით ხსნიდა, რომ მას არ მიეცა შანსი ნატოს მოკავშირეებისგან თავდაცვის სისტემები მისაღები პირობებით შეესყიდა.

თუმცა რუსული სარაკეტო სისტემების შეძენისა და ენერგოთანამშრომლობის, თუ სხვა საკითხებში პარტნიორობის მიღმა, კონკურენციაც დიდია და წინააღმდეგობაც. მხარეებს რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ როგორც საერთაშორისო არენაზე - სირია იქნება ეს თუ ლიბია, ისე რეგიონში - კავკასიის ქვეყნებსა და კონფლიქტებთან დაკავშირებით.

„თურქეთი ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია რეგიონში რუსეთის სამხედრო  გაძლიერების შეკავება და ვისაც სურს ამის გაკეთება ნატოს და უფრო ფართო სამხედრო ჩარევის გარეშეც იმისთვის, რომ ადგილზე რუსული სამხედრო წარმომადგენლობა დააბალანსოს,
- უკრაინის პრემიერის მრჩეველი

„თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა მართლაც დამაინტრიგებელია ბევრისთვის, მათ შორის თურქებისა თუ არათურქებისთვისაც, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის“, - ამბობს ყოფილი ელჩი და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი თანაშემწე მეჰმეტ ფატიჰ ცეილანი. „არსებობს მოსაზრება, რომ თურქეთი იცვლის კურსს დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობების კუთხით. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინისა და ჩვენი კავკასიელი პარტნიორის დასავლეთში ინტეგრაციას და ამის კონკრეტული მაგალითები არსებობს“.

ცეილანი იხსენებს, რომ 2014 წელს ნატოს უელსის სამიტის მოსამზადებელ პერიოდში, თურქეთი სწორედ რუსეთის სამხედრო მისწრაფებებსა და მზარდ მილიტარიზაციაზე საუბრობდა. საპასუხოდ ამას საკმარისი ყურადღება არ ეთმობოდა, თუმცა სამიტის დღის წესრიგში ამ საკითხის განხილვა იგეგმებოდა. 2014 წლის მარტში კი ყირიმის ნახევარკუნძულზე უკვე „პატარა მწვანე კაცები“ გამოჩნდნენ, რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, აღმოსავლეთ უკრაინაში კი სეპარატისტებს გაუმაგრა ზურგი. ყოფილი დიპლომატი ამბობს, რომ საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერა არც ერთ ვითარებაში ანკარაში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა.

„ჩვენ არ გვაქვს თანხმობა და მსგავსი პოზიციები რუსეთთან ნებისმიერ ამ განგრძობით კონფლიქტთან დაკავშირებით ჩვენს ჩრდილოეთით. იქნება ეს დნესტრისპირეთი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, თუ ამჟამად ყირიმი და დონბასი. ჩვენს უშუალო სამეზობლოში ამ ხანგრძლივი კონფლიქტების ჯაჭვის შესახებ [ჩვენი] მოსაზრებისა და ინტერესების განსხვავებულობა ნათელია და ეს ასე დარჩება. შეუძლებელია თურქეთის რომელიმე ხელისუფლებისთვის რუსეთის ამ აგრესიული მიდგომების მიღება, რომლის ბოლო მაგალითიც ყირიმი და დონბასია.“

წელს, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში რუსული სამხედრო მობილიზაციისა და ესკალაციის ფონზე, თურქეთსა და უკრაინას შორის დეკლარაციას მოეწერა ხელი. ანკარამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობასა და ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს.

უკრაინის პრემიერის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ივგენია გაბერი ამბობს, რომ თურქეთ-უკრაინის პარტნიორობა მნიშვნელოვანია, როგორც ორი ქვეყნისთვის, ისე შავ ზღვაში ძალთა ბალანსისა და რუსეთის შეკავებით დაინტერესებული ნებისმიერი მხარისთვის. გაბერის აზრით, 2014 წელს განვითარებულმა მოვლენები თურქეთისთვისაც შემაშფოთებელი იყო და ამან უკრაინასთან ურთიერთობაზეც მაოხდინა გავლენა.

„2014 წელი მნიშვნელოვანი, გარდამტეხი პერიოდი იყო ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაში. თუკი მანამდე საუბარი, ძირითადად, ეკონომიკურ განვითარებაზე, ვაჭრობასა და მსგავს სფეროებზე იყო, ამის შემდეგ თანამშრომლობის დღის წესრიგში უსაფრთხოების საკითხი მეტად დომინირებს“, - ამბობს ივგენია გაბერი და განმარტავს, რომ თურქეთისთვის პრობლემურია ერთი მხრივ ყირიმელი თათრების ბედი, მეორე მხრივ კი - შავი ზღვის რეგიონში ძალთა ბალანსის საკითხი და რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის მზარდი მილიტარიზაცია.

ჩვენ არ გვაქვს თანხმობა და მსგავსი პოზიციები რუსეთთან ნებისმიერ ამ განგრძობით კონფლიქტთან დაკავშირებით ჩვენს ჩრდილოეთით. იქნება ეს დნესტრისპირეთი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, თუ ამჟამად ყირიმი და დონბასი.
- თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი თანაშემწე

„უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყებისა და ოკუპაციის, ყირიმის უკანონო ანექსიის პარალელურად სიტუაცია რამდენიმე მიმართულებით დრამატულად შეიცვალა. პირველ ყოველისა, თურქეთს ყოველთვის აღელვებდა ყირიმელი თათრების ბედი. ამასთან, შავ ზღვაში სამხედრო და უსაფრთხოების ბალანსის საკითხიც დადგა, რადგან სტატუს-ქვო სრულიად შეიცვალა და არა თურქეთის საკეთილდღეოდ. მანამდე თურქეთს შედარებითი სანაოსნო და სამხედრო უპირატესობა ჰქონდა რეგიონში, მაგრამ ეს შეიცვალა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციისა და ნახევარკუნძულზე უდიდესი მილიტარიზაციის შემდეგ. რუსეთმა დაიწყო მისი, როგორც თავისი ციხესიმაგრის გამოყენება და ძალის პროექციაც უფრო ფართო რეგიონში“, - ამბობს გაბერი.

უკრაინის პრემიერის მრჩევლის აზრით, თურქეთის მხარდაჭერა უკრაინისთვის ისევე, როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც კრემლის აგრესიული საგარეო პოლიტიკის რადარებზე არიან მოხვედრილნი, უკიდურესად მნიშვნელოვანია.

„თურქეთი ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია რეგიონში რუსეთის სამხედრო გაძლიერების შეკავება და ვისაც სურს ამის გაკეთება ნატოს და უფრო ფართო სამხედრო ჩარევის გარეშეც იმისთვის, რომ ადგილზე რუსული სამხედრო წარმომადგენლობა დააბალანსოს“, - ამბობს ის.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ რუსეთ-თურქეთის ამჟამინდელი თანამშრომლობა, ერდოღან-პუტინის ურთიერთობას უფრო ეფუძნება, უფროა, ვიდრე ინსტიტუციურ, სტრატეგიულ და გრძელვადიან პარტნიორობას. მათი ნაწილის აზრით, ვლადიმირ პუტინის მიდგომას თურქეთის მიმართ, უმაღლეს სამხედრო და დიპლომატიურ წრეებშიც არ იზიარებენ. რადგან ისტორიული კონტექსტი და გეოპოლიტიკური რეალობა არ ამყარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თურქეთის სასწორი რუსეთისკენ საგულისხმოდ გადაიხრება.

“თურქეთი ნატოს წევრია, ის დასავლეთის და ბუნებრივად - უკრაინის პარტნიორია. თურქეთს, უკრაინის მსგავსად, აწუხებს რუსეთის სამხედრო გააქტიურება შავ ზღვაში“, - ამბობს „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი. ერდოღან-პუტინის „ბრომანსის“ კონტექსტში კი დასძენს, რომ თურქეთ-რუსეთის ურთიერთობაში სხვა პრობლემებიც იჩენს თავს: „თურქეთსა და უკრაინას ძლიერი კავშირები აქვთ დამყარებული. ახალი თანამშრომლობის დოკუმენტითა და ზელენსკის ბოლო ვიზიტით ეს კიდევ უფრო გამყარდა. ვფიქრობ, ეს ძალიან კომპლექსური სფეროა, ბევრი ურთიერთგადამფარავი ინტერესით, მაგრამ საბოლოოდ მგონია, რომ თურქეთის კავშირი ნატოსა და დასავლეთთან და უკრაინის სურვილი, რომ ამ მიმართულებით იმოძრაოს, თურქეთ-უკრაინის უფრო მეტ დაახლოებასა და მოსკოვთან ანკარის ურთიერთობის დაზარალებას ნიშნავს“.

ანკარას რამდენიმე დღის წინ საქართველოს სამთავრობო დელეგაციაც ეწვია. რეჯებ ტაიპ ერდოღანმა კი განმარტა, რომ თურქეთი საქართველოს ხედავს, როგორც „რეგიონული თანამშრომლობის გასაღებს“. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველანაირ სამმხრივ თანამშრომლობას, იქნება ეს საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთი თუ საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი“, - თქვა ერდოღანმა. პრემიერმა ღარიბაშვილმა კი აღნიშნა, რომ ლიდერებმა სხვა რეგიონულ საკითხებთან ერთად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაც განიხილეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG