ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის არმია


თურქეთის გენერალიტეტის ერთი მეხუთედი, სამართლიანობის და განვითარების პარტიის მმართველობის პირობებში, ციხეშია გამომწყვდეული

თურქეთში არმიას ყოველთვის განსაკუთრებული უფლებები ჰქონდა, იყო ეს სამედიცინო დაზღვევა, თუ ავტომობილის, ან სახლის შეძენა, ყველაფერი თურქეთის შეიარაღებული ძალების საპენსიო ფონდთან იყო დაკავშირებული.

როგორც გაზეთ „თარაფის“ სამხედრო ექსპერტი ლეილე ქემალი ამბობს, საპენსიო ფონდი წარსულის გადმონაშთია, რომელიც თავის დროზე თურქეთის არმიის ძლევამოსილებას ასახავდა:

„ეს უცნაური და გაუგებარი ინსტიტუტია, რომელიც ძველი დროის ლათინური ამერიკისთვის, ჩინეთის, ან ეგვიპტის მსგავსი ქვეყნებისთვის იყო დამახასიათებელი და არაფერი საერთო არა აქვს კანონის უზენაესობასა და დემოკრატიასთან.“

გასულ თვეს თურქეთის მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, ჰუსეინ ჩელიკმა საპარლამენტო გამოძიების დაწყება მოითხოვა, საპენსიო ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით.

დღეს თურქეთის გენერალიტეტის ერთი მეხუთედი სამართლიანობის და განვითარების პარტიის მმართველობის პირობებში ციხეშია გამომწყვდეული, ნაწილი კი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების ბრალდებით, სასამართლოს განჩინებას ელოდება.

როგორც სტამბოლის ბაჰჩისეირის უნივერსიტეტის პოლიტიკური ექსპერტი ჩენგიზ აქტარი აცხადებს:

„დემილიტარიზაცია ძალზე რთული და ხანგრძლივი პროცესია და არმიისთვის დაწესებული ფინანსური პრივილეგიების გაუქმების გარეშე არ შეიძლება განხორციელდეს.“

სამხედრო დახმარების საპენსიო ფონდი 1961 წელს სამხედრო გადატრიალების შემდეგ შექმნეს თურქეთის არმიის ოფიცრებმა, რაც ჯარისკაცების სოციალური უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად.

თურქეთის არმიის საპენსიო ფონდში 30, 000 ადამიანი მსახურობს და 15 მილიარდი დოლარისგან შედგება. მასში 60 კომპანიაა გაერთიანეული.

როგორც სამხედრო ექსპერტი გარეთ ჯენკინსი ამბობს:

„ეს ორგანიზაცია ფაქტიურად გადამდგარი გენერლების დასაქმების სამსახურად გადაიქცა და მათთვის შეღავათების მინიჭებას ემსახურება.“

თურქეთის სამხედროებზე უზარმაზარი ზეწოლის პირობებში საპენსიო ფონდი გარდაქმნის გარეშე ვერ დარჩება, თუმცა არსებობს საშიშროება, რომ მხოლოდ ელიტის წარმომავლობა შეიცვლება და სამხედროების ნაცლად მმართველი პარტიის წევრებზე გაკეთდება აქცენტი, მაგრამ ამ ორგანიზაციის არსი იგივე დარჩება.

როგორც პოლიტიკური ექსპერტები ფიქრობენ, ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად თურქეთის არმიაზე სამოქალაქო კონტროლი მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.
XS
SM
MD
LG