ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი სირიის კონფლიქტის მოგვარებას ცდილობს


პრეზიდენტი პუტინი კრიზისის დაწყებიდან პრეზიდენტ ასადს დიდძალი შეიარაღებით ამარაგებს

პრემიერ ერდოღანის ჩასვლა მოსკოვში სირიაში კონფლიქტის უკიდურეს ესკალაციას დაემთხვა. დედაქალაქში უკვე 4 დღეა, რაც ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. დამასკოში ეროვნული უშიშროების შენობაში მომხდარი აფეთქების შედეგად პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან დაახლოებული პირები დაიღუპნენ.

რუსეთი სირიის ხელისუფლების მხარდაჭერას აგრძელებს. პრეზიდენტი პუტინი კრიზისის დაწყებიდან პრეზიდენტ ასადს დიდძალი შეიარაღებით ამარაგებს. თუმცა, პარალელურად გაეროს საგანგებო დესპანის, კოფი ანანის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმასაც უჭერს მხარს, რომელიც სირიის მთავრობის ქმედებას გმობს.

თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე დაინტერესებული მხარეა, რადგან ორთაბრძოლები უშუალოდ მის საზღვრებთან მიმდინარეობს. თურქეთის ტერიტორიიდანაც კარგად ჩანს კვამლის ჭავლები, რომელსაც თურქი მოსახლეობა შეშფოთებული ადევნებს თვალს. ივნისში თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ ანკარამ უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღო.

ივლისის დასაწყისში ერთ-ერთი პილოტის დაკრძალვას პრემიერი ერდოღანიც დაესწრო.

თურქეთი წარსულში სირიის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირე იყო. თუმცა დღეს მის ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებს. პრემიერმა ძალადობას რეჟიმის მხრიდან დამარცხების წინ „გადადგმული ბოლო ნაბიჯიც“ კი უწოდა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, სელჯუკ უნალი საერთაშორისო თანამეგობრობას უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდებს, რათა სირიაში უკიდურეს ძალადობას ბოლო მოეღოს:

სირიასთან დაკავშირებით თითოეულ სახელმწიფოს სხვადასხვა პოლიტიკა აქვს, ამიტომ ისედაც გახანგრძლივებული დებატები კიდევ უფრო გაჭიანურდა. ვფიქრობთ, რომ ყველამ უნდა მოინდომოს სისხლისღვრის შეჩერება და ამისთვის მეტი უნდა იღონოს“.

სპიკერი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გაეროს საგანგებო დესპანის, კოფი ანანის გეგმის მუშაობის შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს.

საერთაშორისო საზოგადოებამ სირიის ხელისუფლებაზე პოლიტიკური წნეხის გაზრდისთვის მეტი უნდა იღონოს. ამ მხრივ ჩვენ ბატონი ანანის გეგმას მხარს ვუჭერთ, თუმცა, რა თქმა უნდა მიგვაჩნია, რომ მას რაიმე კონკრეტული შედეგიც უნდა ჰქონდეს“ - აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი.

დასავლეთი სირიასთან დაკავშირებით გაეროში მიღებული რეზოლუციების დაბლოკვისთვის რუსეთს და ჩინეთს მკაცრად აკრიტიკებს. თურქეთი დასავლეთს მხარს უმაგრებს, თუმცა რუსეთს და ჩინეთს აფასებს, როგორც სავაჭრო პარტნიორებს და ამიტომ ბევრად უფრო ფრთხილ დიპლომატიურ თამაშს ეწევა.

მოსკოვის შეხვედრის შემდეგ არც ერდოღანს და არც პუტინს მოლაპარაკების მთავარ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია. მათ მხოლოდ თურქეთის და რუსეთის სტრატეგიული და სავაჭრო პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

დამასკოში ეროვნული უშიშროების შენობაში მომხდარი აფეთქების შემდეგ კოფი ანანმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას სთხოვა უშიშროების საბჭოს რეზოლუცია დროებით შეეჩერებინა. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს შესაძლოა რუსეთის პოზიციის გავლენა იყოს. თუმცა, იმასაც აღნიშნავენ, რომ პოზიციებში პრინციპული განსხვავების მიუხედავად გაეროს უშიშროების საბჭოში სავარაუდო შეთანხმების პირველი ნიშნები გაჩნდა.
XS
SM
MD
LG