ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანკარა და მოსკოვი ურთიერთობას ჯერ ისევ არკვევენ?


გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთის და რუსეთის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალში ირანელ კოლეგას სტამბოლში შეხვდებიან.

ხუთშაბათს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და მისმა თურქმა კოლეგამ, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, სირიის გამო ქვეყნებს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე ისაუბრეს. ორი ლიდერი სირიაში მათ სამხედრო ძალებს შორის კოორდინაციის გაზრდაზე შეთანხმდა.

სატელეფონო საუბრამდე მსხვერპლი ორივე მხარეს იყო

შაბათს, ანკარამ, სირიის ქურთულ ანკლავ აფრინში, თურქული ტანკის განადგურებასა და რვა თურქი სამხედროს დაღუპვაში ბრალი რუსულ რაკეტას დასდო. ეს მსხვერპლი თურქეთისთვის ყველაზე მძიმე იყო მას შემდეგ, რაც სამი კვირის წინ, სირიაში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაცია დაიწყო.

ასევე შაბათს, იდლიბში, სირიელმა ამბოხებულებმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. რუსეთის მიერ დადანაშაულებული მეამბოხეთა ჯგუფი თურქეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. რუსულმა მედიამ თურქეთის მონაწილეობაზე მალევე მიანიშნა, თუმცა ანკარა ამ ბრალდებას უარყოფს.

2015 წლის 30 ნოემბერი, თურქი სამხედროები რუსი ოფიციალური პირების წინ დაღუპული რუსი პილოტის ცხედარს მიასვენებენ
2015 წლის 30 ნოემბერი, თურქი სამხედროები რუსი ოფიციალური პირების წინ დაღუპული რუსი პილოტის ცხედარს მიასვენებენ

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსი პილოტის დაღუპვის გამო, ერდოღანმა პუტინს მიუსამძიმრა. თურქეთმა სირიელ მეამბოხეებთან საკუთარი კავშირები გამოიყენა, რათა რუსი პილოტის ცხედარი სამშობლოში გადაესვენებინათ.

სავარაუდოდ, ეს ინციდენტი, პუტინს 2015 წელს, თურქული გამანადგურებლის მიერ, სირიის ავიაბაზიდან აფრენილი რუსული ბომბდამშენის ჩამოგდებას მტკივნეულად შეახსენებს. მაშინ პუტინმა ანკარასთან ურთიერთობა შეწყვიტა და მას მძიმე სანქციები დაუწესა. ახლა, როგორც სჩანს, მოსკოვი მზად არის ანკარა აიძულოს ინციდენტზე პასუხისმგებლობა საჯაროდ უარყოს.

რუსეთი თურქეთის მოქმედებით უკმაყოფილოა

მოვლენების განვითარება ამით არ დამთავრდა. ორშაბათის შემდეგ, რუსეთმა სირიის საჰაერო სივრცეში თურქეთის სამხედრო თვითმფრინავები რამდენჯერმე არ შეუშვა.

ანკარის, ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ჰუსეინ ბაღჩი აღნიშნავს, რომ „რუსეთი უკმაყოფილო და შეშფოთებულია. რუსეთმა და თურქეთმა გარკვეული ურთიერთობები განავითარეს, მაგრამ თურქეთი რუსეთზე ბევრად მეტად არის დამოკიდებული. თურქეთს, რუსეთის გარეშე, სირიის საჰაერო სივრცეში ოპერაციების ჩატარება არ შეუძლია“.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსკოვის შეშფოთებას სირიაში ანკარის ოპერაციების მასშტაბები და მიზნებიც ზრდის.

ხუთშაბათს, ჟურნალისტებისადმი მიმართვისას, ერდოღანმა აფრინის ოპერაციის თაობაზე შეშფოთება კიდევ უფრო გააღვივა. მან თქვა: „მათ, ვინც ფიქრობს, რომ ჩვენ დავივიწყეთ ის მიწები (სირია), რომელიც ერთი საუკუნის წინ ცრემლებით დავტოვეთ, ურჩევნიათ ახლა მიხვდნენ, რომ თურქეთზე არასწორი შეხედულება აქვთ“. ერდოღანმა მკვეთრად გააკრიტიკა უცხო სახელმწიფოებიც, მათ შორის, რუსეთიც, იმის გამო, რომ ისინი ცდილობენ თურქეთი სირიაში არ შეუშვან.

დამკვირვებლები მიანიშნებენ, რომ მოსკოვს, აფრინის ოპერაციაში, სირიის თავისუფალი არმიის ელემენტებზე თურქეთის დაყრდნობაც არ მოსწონს. ვებსაიტ „ალ მონიტორის“ პოლიტიკური მიმომხილველი სემიჰ იდიზი აცხადებს: „ვფიქრობ, მოსკოვს უფრო მეტად, სირიის თავისუფალი არმია და მისი შემადგენლობა აღელვებს, ის ელემენტი, რომელიც თურქეთთან ერთად იბრძვის და იმ ჯგუფებისგან შედგება, რომლებსაც რუსეთი ბომბავს. ეს (რუსეთ-თურქეთის) ურთიერთობების პოტენციური სუსტი წერტილია. ეს, ადრე თუ გვიან, თავს იჩენს. ანკარა და მოსკოვი ვერ თანხმდებიან, თუ ტერორისტულ ორგანიზაციად რომელი სირიული ჯგუფები უნდა დასახელდეს.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი

ერდოღანის გამოსვლის შემდეგ, მოსკოვმა ანკარის მიმართ კრიტიკა შეარბილა. მაქს ვებერის ფონდში მომუშავე, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების სტამბოლში დაფუძნებული სპეციალისტი ზაურ გასიმოვი აღნიშნავს: „ორივე მხარე ცდილობს თანამშრომლობა შეინარჩუნოს და არ არის დაინტერესებული რაიმე სახის უთანხმოება ჰქონდეს, რომელსაც ამ თანამშრომლობის დარღვევის პროვოცირება შეუძლია“.

სირიის მეამბოხეთა ზოგიერთ ჯგუფთან ანკარის მჭიდრო კავშირს რუსეთი მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ დროს, როდესაც თეირანთან ერთად, სირიის სამოქალაქო ომის საკითხის გადაჭრის გზებს ეძებს. მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ იანვარში, რუსეთის მასპინძლობით გამართულ სოჭის შეხვედრაზე, სირიის საკვანძო ოპოზიციური ჯგუფების ბოიკოტირება, რომელთაგან ბევრი ანკარასთან არის დაკავშირებული, სავარაუდოდ მოსკოვს მეტად შეაშფოთებს.

ალიანსებით მანიპულირება

რუსეთისთვის თურქეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას მოსკოვისთვის დიდი სტრატეგიული უპირატესობის მოტანა შეუძლია. ეს ანკარის შეერთებული შტატებისგან და ნატოსგან ჩამოშორებაა.

ერდოღანის მთავარმა თანაშემწემ, იგით ბულუთმა სატელევიზიო შოუში განაცხადა, რომ „დასავლეთის მიერ წაქეზებული ომების გამო, 300 წლიანი განცალკევების შემდეგ, თურქეთმა და რუსეთმა საბოლოოდ ერთმანეთი იპოვეს. იმ დროს, როდესაც რუსეთი და ჩინეთი თურქეთს უჭერენ მხარს, თურქეთს დასავლეთი აღარ სჭირდება“.

დასავლელმა დიპლომატმა ანონიმურობის პირობით თქვა, რომ არსებობს ღრმა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ერდოღანს, თურქეთის მოსკოვისკენ ორიენტირება სურს.

პუტინმა კარგად იცის, რომ თურქულ-ამერიკული ურთიერთობები კრიზისულ წერტილშია იმის გამო, რომ ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში, ვაშინგტონი ქურთთა სახალხო დაცვის რაზმებს უჭერს მხარს.ერდოღანმა არაერთხელ გააჟღერა მუქარა, რომ სირიაში შეტევას ქალაქ მანბიჯზეც გაავრცელებდა, სადაც ქურთთა რაზმებთან ერთად ამერიკული ძალებიც არის განლაგებული.

გასიმოვი აღნიშნავს: „ვვარაუდობ რომ მოსკოვი სირიისთვის ახალ სტრატეგიას შეიმუშავებს და ახლა ცდილობს უბრალოდ ინტენსიურად დააკვირდეს რეგიონში და სირიაში არსებულ დინამიკას, კერძოდ ამერიკა-თურქეთის ურთიერთობებს იმასთან მიმართებაში, თუ თურქეთის ძალები აფრინში როგორ გადაადგილდებიან და მანჯიბთან დაკავშირებით როგორი გეგმები აქვთ“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG