ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი, სირიელი ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას არ გამორიცხავს


თურქეთ-სირიის საზღვარი
თურქეთ-სირიის საზღვარი

თურქეთი სირიის საზღვარზე სამხედრო ძალებს უყრის თავს და იმავდროულად, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, სირიაში სამხედრო ოპერაციის გარდაუვალობის მისანიშნებლად რიტორიკას აძლიერებს. როგორც იუწყებიან, ანკარა ცდილობს, სირიის აფრინის ანკლავში შესაძლო ოპერაციისთვის მოსკოვის მხარდაჭერა მოიპოვოს. ამჟამად ამ ანკლავს, ქურთთა სახალხო დაცვის (YPG) ქვედანაყოფები აკონტროლებს.

ქურთთა სახალხო დაცვის ქვედანაყოფებს, რომელიც თურქეთის საზღვართან სირიის დიდ ტერიტორიებს აკონტროლებს, ანკარა ქურთთა მუშათა პარტიის განშტოებად განიხილავს. ქურთთა მუშათა პარტია თურქეთის სახელმწიფოს ებრძვის.

შაბათს, თურქეთის ქალაქ მალათიაში, მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას, ერდოღანმა განაცხადა: „ახალი კამპანიების ცხოვრებაში გასატარებლად, უახლოეს მომავალში მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ. ჩვენი მომავლისა და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული გეგმების ჩასაფუშად, უკეთესი იქნება სირიაში და ერაყში ვიმოქმედოთ, ვიდრე საკუთარ მიწაზე.“

თურქეთის პრო-სამთავრობო მედია სამხედრო ოპერაციის შესაძლებლობას მიესალმა. ერდოღანის მომხრე გამოცემა „იენი საფაკში“ მეჰმეთ ასერმა დაწერა: „ჩვენი დიდი უპირატესობა პრეზიდენტის ლიდერობაა, რომელიც საფრთხეს ზუსტად ხედავს.. და მას სიტყვითაც და ქმედებითაც უშიშრად პასუხობს.“ ის მიესალმა მისი სიტყვებით „უსაფრთხოებისადმი ახალ, თავდასხმაზე დაფუძნებულ მიდგომას, რომელსაც ჩვენ განვსაზღვრავთ როგორც „ერდოღანის დოქტრინას.“

მომავალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც შესაძლოა მომავალ წელს ჩატარდეს, ერდოღანი ნაციონალისტი ამომრჩევლების კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს.

მზარდ პოლიტიკურ რიტორიკასთან ერთად, აფრინში ქურთთა ქვედანაყოფების წინააღმდეგ თავდასხმებიც გახშირდა, რასაც თურქეთის მიერ მხარდაჭერილი, სირიის თავისუფალი არმიის ელემენტები აწარმოებენ.

თურქეთის ძალები სირიაში ოპერაცია "ევფრატის ფარის" ფარგლებში შევიდა და სირიის თავისუფალ არმიას ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგაც ეხმარება და ქურთთა ქვედანაყოფების წინააღმდეგაც. სირიის თავისუფალი არმია აფრინის ანკლავის საზღვარზე იმყოფება, თუმცა შემდგომი წინსვლა შეჩერდა.

გადამდგარმა მაღალი რანგის თურქმა დიპლომატმა აიდინ სელკენმა, რომელიც ახლა რეგიონული ანალიტიკოსია, თქვა: „თურქეთის ოპერაცია „ევფრატის ფარი“ შეერთებული შტატების და რუსეთის ქმედებებით შეჩერდა.“ რუსეთმაც და შეერთებულმა შტატებმაც თავისი სამხედრო ძალები განალაგეს, რათა სირიაში თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების შემდგომი წინსვლის წინააღმდეგ ბუფერი შეექმნათ.

ვებ გვერდ „ალ მონიტორის“ პოლიტიკურმა მიმომხილველმა სემი იდიზმა თქვა: „თურქეთის წინაშე ის პრობლემაა, რომ რუსეთი და შეერთებული შტატები მის ჩარევას აჩერებენ. ისინი შეთანხმდნენ მთავარ გეგმაზე, რაც ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებაა. ახლა თურქეთს ქურთული საკითხი აქვს დღის წესრიგში, მაგრამ არც რუსეთისგან და არც შეერთებული შტატებისგან მხარდაჭერა არ აქვს... ეს არის თურქეთის წინაში მდგარი დილემა.“

მოსკოვმა აფრინის რეგიონში სამხედრო ძალები განალაგა, როგორც იუწყებიან, ზოგიერთი მათგანი თურქეთის საზღვართან ახლოს. ანალიტიკოსი სელკენი ამბობს, რომ „თურქეთი ახლა შესაძლებლობის ფანჯარას ხედავს, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ვითარება შეიცვალა.“

სელკენი ამბობს, რომ მოსკოვი აღშფოთებულია ქურთთა ქვედანაყოფების და შეერთებულ შტატებს შორის მზარდი სამხედრო თანამშრომლობით, რომელიც ქალაქ რაქადან ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ განსადევნად ხდება. სირიის დემოკრატიულ ძალებს შორის, რომლებიც რაქას დაპყრობას ცდილობენ, ქურთთა ქვედანაყოფები მაღალი პროპორციით არის წარმოდგენილი. ამ ოპერაციაში სირიის რეჟიმი არ არის ჩართული.

რუსეთის უკმაყოფილება ივნისის თვეში გაიზარდა, როდესაც ამერიკულმა გამანადგურებელმა სირიის მთავრობის გამანადგურებელ-ბომბდამშენი ჩამოაგდო, რომლის სამიზნეც, როგორც იუწყებოდნენ, სირიის დემოკრატიულ ძალები იყო.

ანკარამ მოსკოვის მიმართ დიპლომატიური რევერანსები გააძლიერა და გასულ თვეში გამოაცხადა, რომ საჰაერო დაცვის რუსული მოწინავე სისტემის შეძენას გეგმავს. კვირას, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, თავის რუს კოლეგა სერგეი ლავროვს, მანილაში, "ასეანის" შეხვედრის კულუარებში ესაუბრა.

თურქ, რუს და ირანელ ოფიციალური პირებს, სირიის საკითხის განსახილველად, სამშაბათს, თეირანში, ორდღიანი შეხვედრა აქვთ დაგეგმილი.

სიუჟეტი მომზადებულია თურქეთში, "ამერიკის ხმის" კორესპონდენტის დორიან ჯონსის უბლიკაციაზე დაყრდნობით.

XS
SM
MD
LG