ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპსა და პუტინს შორის საუბარი შედგა


თეთრი სახლი აცხადებს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს სამშაბათს ესაუბრა. საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც რუსეთის ლიდერი სირიის ლიდერს ბაშარ ალ-ასადს შეხვდა. ორი ქვეყნის ლიდერი ქვეყანაში მიმდინარე კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის საკითხებს განიხილავდა.

ტრამპმა და პუტინმა არაფორმალურად გასულ კვირას რამდენჯერმე ისაუბრეს, როდესაც ისინი ვიეტნამში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სამიტზე იმყოფებოდნენ. სხვა საკითხთა შორის, მათ სირიის მომავალიც განიხილეს. სირიის კონფლიქტმა 400,000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მილიონობით მოსახლის იძულებით გადაადგილება გამოიწვია.

კრემლის განცხადებით, რუსეთმა სირიის პრეზიდენტი სოჭში „სამშვიდობო ინიციატივების“ განსახილველად მიიწვია. პუტინი ოთხშაბათს თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს და ირანის პრეზიდენტს ჰასან რუჰანის შეხვდება. რუსეთი 2015 წლის შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს ასადის რეჟიმს სირიელი ამბოხებულების წინააღმდეგ, რომლებიც მთავრობის დამხობას ცდილობენ. ასადის მხარეზე იბრძვიან ასევე ირანელი მებრძოლები. თურქეთი კი სირიის ოპოზიციას ეხმარება.

სოჭის შეხვედრის შესახებ წინასწარი ინფორმაცია არ გავრცელებულა და ცნობები ოთხსაათიანი მოლაპარაკების შესახებ მხოლოდ დღეს გამჟღავნდა. კრემლის განცხადებით და სირიის სააგენტო "სანას" ცნობით, პუტინმა სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციების თაობაზე თქვა, რომ ის დასასრულს უახლოვდება და ასადს ტერორისტების წინააღმდეგ წარმატებული ომი მიულოცა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG