ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქურთულ-თურქული პრობლემა


ქურთი მებრძოლები თურქეთს ტოვებენ

ქურთისტანის მუშათა პარტიის მებრძოლები თურქეთის ტერიტორიას ტოვებენ და მეზობელ ერაყში გადადიან. ეს ნაბიჯი განიხილება, როგორც მთავარი პროცესი თურქეთის სამხრეთში მშვიდობის დამყარების გზაზე. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი დორიან ჯონსი არკვევდა.
თურქეთიდან 1500-დან 2000-მდე ქურთი მებრძოლის გასვლა აჩენს იმედს, რომ თურქეთში თითქმის 30 წლიანი ბრძოლა დასრულდება. მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ ჰუსეინ ჯელიკმა განაცხადა, რომ მებრძოლთა გასვლის პროცესი მშვიდობას უწყობს ხელს.
მისი თქმით, არც სროლის ხმა ისმის და ბომბებიც აღარ ფეთქდება და ეს მხოლოდ დასაწყისია.
ქურთისტანის მუშათა პარტიის განიარაღება თურქეთის მთავრობის პრიორიტეტია. პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ქურთებს იარაღის დაყრისკენ, ვიდრე მებრძოლები თურქეთის ტერიტორიას დატოვებენ. თუმცა, ქურთებმა იარაღის დაყრაზე უარი განაცხადეს. მებრძოლთა მეთაურმა მურატ კარაილანმა თურქული არმიის გააქტიურების შესახებ შეშფოთება გამოთქვა. მისი თქმით, რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატების მოძრაობაც შეინიშნება.
ბოლოს, ქურთისტანის მუშათა პარტიის მებრძოლებმა თურქეთი 1999 წელს დატოვეს. მათ თურქეთის არმიასთან შეტაკებების დროს მძიმე დანაკლისი ქონდათ. პროქურთული მოძრაობის თანათავმჯდომარემ გულთან ქისანაქმა გასვლის პროცესთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა.
მისი თქმით, ნებისმიერ სამხედრო ოპერაციაზე პასუხისმგებლობა თურქეთის მთავრობას ეკისრება და განიარაღება მას შემდეგ მოხდება, რაც პოლიტიკური პროცესი დაიწყება.
თავის მხრივ, პრემიერმა ერდოღანმა პირობა დადო, რომ ქურთისტანის მუშათა პარტიის მებრძოლებზე გასვლის პროცესში შეტევები არ განხორციელდება. თუმცა, მისივე თქმით, ამბოხებულთა განიარაღება მოსალოდნელ რისკებს შეამცირებს.
ამბოხებულთა მიმდინარე გაყვანის პროცესი ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგია, რომელიც თურქული დაზვერვის ხელმძღვანელს და ქურთების დაპატიმრებულ ლიდერს აბდულა ოჯალანს შორის მიმდინარეობდა.
კადრი გიურსელი თურქული გაზეთის მილიეთის პოლიტიკური მიმომხილველია.
„ქურთისტანის მუშათა პარტიის მოლოდინია, რომ ამ ნაბიჯით ქურთული პრობლემის გადაჭრა დაიწყება. თუკი, თურქეთი ამ ნაბიჯებს არ გადადგამს, ეს იქნება საფრთხე თურქეთისთვის. თუმცა, ამ პროცესმა თავისი დინამიკა უკვე შეიძინა. და ვინც შეაფერხებს ამ პროცესს, მას საკუთარ თავზე მოუწევს პასუხისმგებლობის აღება,“ - ამბობს გიურსელი.
ამჟამად, როდესაც ქურთი მებრძოლების თურქეთიდან გასვლის პროცესი დაიწყო, თურქეთი ქურთული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად უუფრო მეტ ზეწოლას იგრძნობს. თურქეთის მთავრობის წარმომადგენელმა ჰუსეინ ჯელიკმა განაცხადა, რომ ანკარა სამშვიდობო პროცესის დასაჩქარებლად აქტიურად იმოქმედებს.
XS
SM
MD
LG