ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქულ-ქურთული კონფლიქტის გადაჭრის პერსპექტივა გამოიკვეთა


თურქეთის მთავრობის სხდომა

თურქეთის მთავრობასა და ქურთების მუშათა პარტიას შორის ურთიერთობა უმჯობესდება

თურქეთის მთავრობასა და ქურთების მუშათა პარტიას შორის კონფლიქტი თითქმის 30 წლის მანძილზე მძვინვარებს. მაგრამ ამ ბოლო ხანებში გაწეული მცდელობების გამო ხსენებული კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის გზები გამოიკვეთა. გასულ კვირას ქურთების მუშათა პარტიამ ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტის მორატორიუმი ერთი თვით გააგრძელა. ამის პარალელურად თურქეთის მაღალჩინოსანმა ოფიციალურმა პირებმა ერაყის ქურთისტანის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გააქტიურეს.

ქურთების მუშათა პარტიის სახელით ცნობილი ქურთ მეამბოხეთა ჯგუფი თურქეთის მთავრობას თითქმის 30 წლის მანძილზე ეომება. ქურთ მეამბოხეთა ბრძოლის მთავარი მიზანია ქურთებისთვის უფრო მეტი უფლებების მინიჭება. კონფლიქტმა დაახლოებით 40,000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაგრამ მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ორივე მხარეს კონფლიქტის მშვიდობიანი მეთოდებით გადაჭრის სურვილი აშკარად იგრძნობა.

გასულ კვირას თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გულმა ქვეყნის პარლამენტში გამოსვლისას პარლამენტარებს მოუწოდა მოძებნონ კონფლიქტის გადაჭრის გზები.

„დღეს ჩვენ სამოქალაქო ნებისყოფა უნდა გამოვიჩინოთ. წარსულში ჩადენილი შეცდომები ახლებურად უნდა შევაფასოთ და ეს მტკივნეული საკითხი დემოკრატიული გზით უნდა გადავჭრათ,“ აღნიშნა გულმა.

კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის შესაძლებლობა გამოიკვეთა აგვისტოში როცა ქურთების მუშათა პარტიამ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე განცხადება გააკეთა.

საპასუხოდ თურქეთის მთავრობამ ციხეში მყოფ ქურთების მუშათა პარტიის ლიდერთან აბდულა ოჩალანთან შესახვედრად ოფიციალური პირები გააგზავნა.

ამასობაში მეზობელ ერაყში თურქეთის მთავრობის წარმომადგენლები ქურთების ხელმძღვანელობას შეხვდნენ.

თურქეთის ქურთების მოძრაობის ერთ-ერთი წამყვანი აქტივისტი აჰმეტ ტურკი აღნიშნავს, რომ ახლა მშვიდობის დამყარების უნიკალური შესაძლებლობა შეიქმნა.

„თუ თქვენ ქურთებსა და თურქებს შეეკითხებით, ალხა ამ საკითხის გადაჭრის დრო დადგა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამას უფრო მეტი ტკივილი მოჰყვება. ჩვენ სამშვიდობო პროცესისთვის სამოქმედო გეგმა გვჭირდება, რომლისთვისაც გარკვეული ნაბიჯების გადაგმა მოგვიხდება,“ აღნიშნა აჰმეტ ტურკმა.

მისი თქმით, ქურთების მოძრაობის მთავარი მოთხოვნები „ადგილობრივ ავტონომიას, კონსტიტუციაში ქურთული იდენტურობის აღიარებასა და სკოლებში ქურთული განათლების დაწესებას“ შეიცავს.

მაგრამ ბაჰჩესეჰირის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერი ჩენგიზ აკტარი აღნიშნავს, რომ მართალია ხსენებული მოთხოვნების დაკმაყოფილება მთელი ქვეყნის ინტერესებში შედის, ამ მიმართულებით რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯები არ კეთდება.

„ადმინისტრაციული ეფექტურობისთვის ჩვენ დეცენტრალიზებული სისტემა გვჭირდება, მაგრამ სამწუხაროდ ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი დებატები არ შეინიშნება. ეს დებატები ქურთებმა წამოიწყეს და მე იმედი მაქვს, რომ ეს დისკუსია მალე ეროვნულ დებატებში გადაიზრდება. მოგეხსენებათ, რომ ქურთები მოქალაქეობის თურქულ განმარტებას ეჭვის ქვეშ აყენებენ რადგან ის მხოლოდ თურქულობას შეიცავს. ხოლო რაც შეეხება თურქეთის სახელმწიფო ენას, ეს თურქულია, რასაც ქურთები ეწინააღმდეგებიან,“ აღნიშნა აკტარმა.

გასულ კვირას თურქეთის პრემიერ მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოგანმა ქურთული განათლების იდეა უარყო. ორშაბათს კი მან განაცხადა, რომ ახალი კონსტიტუციის მოდელი საზოგადოების წინაშე მხოლოდ მომავალი წლის საყოველთაო არჩევნების შემდეგ წარსდგება.

თურქული გაზეთის „ტარაფის“ რედაქტორის მოადგილემ იასმინ კონგარმა კავშირი კონსტიტუციასა და არჩევნებს შორის შემდეგნაირად განმარტა:

„თურქ ამომრჩევლებს შორის ნაციონალისტებიც არიან, რომლებიც ქვეყნის ქურთებით დასახლებულ რეგიონში დემოკრატიულ მცდელობებს ეწინააღმდეგებიან. მაგრამ ამომრჩევლებს შორის ბევრი ქურთია და ამდენად მთავრობას ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესების დაბალანსება უხდება. მე არა მგონია, რომ საყოველთაო არჩევნებამდე ჩვენ კონფლიქტის სრულ მოგვარებას მივაღწიოთ.“

მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ მართალია თურქეთში ათწლეულების მანძილზე მშვიდობის დამყარების საუკეთესო შესაძლებლობა წარმოიქმნა, საყოველთაო არჩევნებამდე წელიწადზე ნაკლები რჩება და მოახლოვებულ არჩევნებთან დაკავშირებული პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე კონფლიქტის გადაჭრის შანსები შეიძლება გადამეტებულად ოპტიმისტური აღმოჩნდეს.

XS
SM
MD
LG