ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი ქურთ მეამბოხეებს უტევს


თურქეთი ქურთ მეამბოხეებს უტევს

უკანასკნელი წლების განმავლობაში თურქეთმა ერაყელი ქურთების ლიდერებთან კარგი ურთიერთობის დამყარება შესძლო.

თურქეთმა ერაყის საზღვართან ჯარების თავმოყრა დაიწყო. ანკარა ერაყში განლაგებული ქურთისტანის მუშათა პარტიის ბაზებზე იერიშისთვის ემზადება.

ქურთი მეამბოხეები თურქეთში საკუთარი უფლებებისათვის იბრძვიან. სამშაბათს ანკარაში მომხდარი აფეთქების დროს, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ამ ტერაქტში თურქეთის ხელისუფლება ქურთისტანის მუშათა პარტიას ადანაშაულებს.

სამშაბათს მომხდარმა აფეთქებამ თურქეთის დედაქალაქი პანიკაში ჩააგდო. ანკარას ქუჩები ქაოსმა მოიცვა. აფეთქებამ სამთავრობო შენობების და სკოლის მახლობად მდებარე, მაღაზიების და იქვე გაჩერებული ავტომობილების დაზიანება გამოიწვია.

თურქეთის მთავრობამ ტერაქტის ორგანიზებაში მთავარ ეჭვმიტანილად ქურთისტანის მუშათა პარტია გამოაცხადა, რომელიც ქვეყნის სამხრეთში ქურთული ავტონომიის შექმნისთვის იბრძვის.

თურქეთის სამხედრო ავიაციამ იმავე დღეს განახორციელა დარტყმები ერაყში ქანდილის მთებში მდებარე მეამბოხეთა ბაზებზე. ეს რაიონი თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა წელს უკვე რამდენჯერმე დაბომბეს.

თავის მხრივ ქურთმა მეამბოხეებმა თურქეთში რამდენიმე ტერაქტი მოაწყვეს. თუ თურქეთის სახმელეთო ჯარები ერაყის საზღვრებში მდებარე ქურთისტანის მუშათა პარტიის ბაზებზე იერიშს განახორციელებენ კონფლიქტის ესკალაცია გარდაუვალი იქნება.

ბაჰჩესეირის უნივერსიტეტის პოლიტიკური ანალიტიკოსის ჩენგიზ აქტარის განცხადებით:

“თუ მთავრობის რიტორიკას გავაანალიზებთ საზღვარზე სამხედრო ოპერაციის დაწყება სრულიად რეალურია. პრობლემა ის არის, რომ ეს კონფლიქტი ქანდილის მთებში არ დაწყებულა და არც ქურთისტანის მუშათა პარტიაა მისი ინიციატორი. ამ კონფლიქტს საუკუნოვანი ისტორია აქვს და მისი გადაწყვეტა მხოლოდ მოლაპარაკების მაგიდასთან არის შესაძლებელი.“

ამჟამად ათასობით თურქი ჯარისკაცი ერაყის საზღვართან არის თავმოყრილი. ანკარას წარსულშიც არაერთხელ განუხორციელებია დარტყმები ერაყის ქურთისტანში, რასაც ნაკლები ეფქტი მოჰყოლია, მაგრამ ამჯერად თურქეთის ხელისუფლებამ სამხედრო აქცია დიპლომატიურ მანევრებს დაამთხვია.

თურქი დიპლომატები ერაყელ ქურთებს თანამშრომლობას სთავაზობენ. უკანასკნელი წლების განმავლობაში თურქეთმა ერაყელი ქურთების ლიდერებთან კარგი ურთიერთობის დამყარება შესძლო. თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოღანი მომავალ კვირას თეირანში ჩასვლას გეგმავს, რათა ირანელების მხარდაჭერა მოიპოვოს.

თურქეთის პარლამენტში მოღვაწე ქურთი პოლიტიკოსი ერთუღრალ კურქუ აცხადებს რომ საზღვრის გადაკვეთის შემთხევაში თურქეთის ხელისუფლება გამოუსწორებელ შეცდომას დაუშვებს. მისი თქმით:

“როდესაც მოსახლეობის მთავარი მოთხოვნები არ არის დაკმაყოფილებული იარაღს არაფრის გადაწყვეტა არ შეუძლია. ძალადობის ესკალაცია კი მთელ ქვეყანას შეიძლება მოედოს.“

თურქეთის გაზეთ „ჰაბერთურქის“ პოლიტიკური მიმომხილველი სოლი ოზელი მიიჩნევს, რომ თურქეთის მთავრობა პრო-ქურთული რეფორმების გატარებით ქურთი მოსახლეობის გადმობირებას ცდილობს, რათა ქურთისტანის მუშათა პარტიის მიერ ორგანიზებული ძალადობა მოსახლეობის მხარდაჭერის გარეშე დარჩეს.

როგორც პოლიტიკური ანალიტიკოსი ჩენგიზ აქტარი აცხადებს:

“ეს ცეცხლზე ნავთის დასხმა იქნება. მოსალოდნელია ტერორზმის ახალი ტალღის აგორება თურქეთის ქალაქებსა და დაბებში, რასაც ქვეყანაში სერიოზული დესტაბილიზაციის გამოწვევა შეუძლია.“

ექსპერტების აზრით, სამხედრო მოქმდებების დაწყება რამდენიმე კვირაშია მოსალოდნელი, სანამ მკაცრი ზამთარი დადგება. თურქეთის სამხედრო ინტერვენცია 1984 წლიდან მიმდინარე კონფლიქტის მოგვარებას ისახავს მიზნად, რომელმაც უკვე 40 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

XS
SM
MD
LG