ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქურთებმა თურქეთის პარლამენტის ბოიკოტი შეწყვიტეს


ქურთებმა თურქეთის პარლამენტის ბოიკოტი შეწყვიტეს
ქურთებმა თურქეთის პარლამენტის ბოიკოტი შეწყვიტეს

თურქეთის პარლამენტის არჩევნებში ქურთების დემოკრატიისა და მშვიდობის პარტიამ 36 სადეპუტატო მანდატი მოიპოვა.

თურქეთის სამხედროებსა და ქურთ მეამბოხეებს შორის დაუნდობელი ბრძოლა მიმდინარეობს. დღე არ გავა ისე, რომ ამ ბრძოლამ ადამიანების სიცოცხლე არ შეიწიროს. რამდენიმე დღის წინ, ორმხრივი სროლის დროს ფეხმძიმე ქალი დაიღუპა თავის ქალიშვილთან ერთად.

როგორც თურქეთის მთავარი ქურთული დემოკრატიისა და მშვიდობის პარტიის წარმომადგენელი სელაჰათინ დემირტასი აცხადებს, ძალადობის ესკალაცია გახდა მიზეზი, რის გამოც მათ თურქეთის პარლამენტის ბოიკოტი შეწყვიტეს. ბატონი დემირტასის განცხადებით:

“ბოიკოტის გამოცხადება სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ეს უნდა დასრულებულიყო, რადგან სხვანაირად მშვიდობის მიღწევა შეუძლებელი იქნება.“

თურქეთის პარლამენტის არჩევნებში ქურთების დემოკრატიისა და მშვიდობის პარტიამ 36 სადეპუტატო მანდატი მოიპოვა. ბოიკოტი ამ პარტიის 6 წევრის დაპატიმრებამ გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ მათ საპარლამენტო იმუნიტეტი იცავდა.

ამ პარტიის კიდევ ერთი წარმომადგენელი ერთუგრალ ქურქუ მიიჩნევს, რომ პარლამენტის მუშაობის ბოიკოტი შეცდომა იყო. მისი თქმით:

“ბოიკოტმა თურქეთის მთავრობაზე ვერანაირი ზემოქმედება ვერ მოახდინა, მართალია მან საზოგადოების ყურადღება მიიქცია, მაგრამ პარლამენტის გარეთ დარჩენამ თურქეთის მთავრობის წისქვილზე დაასხა წყალი.“

ბოიკოტის დროს თურქეთის მთავრობამ კიდევ უფრო გააძლიერა რიტორიკა მშვიდობის და დემოკრატიის პარტიის წინააღმდეგ. რაც შეეხება ქურთისტანის მუშათა პარტიას, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ის მუსლიმთა საძმოს შეადარა და ქურთებს მათ წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა.

ამასობაში, თურქეთში გრძელდება მშვიდობისა დემოკრატიის პარტიის წევრთა დაპატიმრება, რომლებსაც ქურთისტანის მუშათა პარტიასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ. ამ პარტიის 3000-მდე წევრი, მათ შორის ხალხის მიერ არჩეული ქალაქის მერები, ამჟამად ციხეში სხედან.

სტამბოლის ბაჰჩესეირის უნივერსიტეტის პროფესორის ჩენგიზ აქტარის განცხადებით:

“ისინი ყველა მხრიდან განიცდიდნენ ზეწოლას. თავიდან გასაგები იყო მათი რეაქცია, როდესაც პარლამენტის მუშაობაში არ იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ ახლა, როცა ქურთისტანის მუშათა პარტიამ გააძლიერა ტერორი აუციელებელია მოლაპარაკების დაწყება და პარლამენტი სწორედ ის ადგილია, სადაც ამგვარი რამ არის შესაძლებელი.“

პოლიტიკური მიმომხილველების აზრით, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაზრდის ერდოღანის მმართველი პარტიის პოპულარობას, რომელიც ქვეყნის ახალ კონსტიტუციას ამზადებს. ეს კონსტიტუცია თურქეთში სამხედროების ბატონობას საბოლოოდ დაუსვამს წერტილს და ქურთებთან 30 წლიანი ომის დასრულებას ისახავს მიზნად, მათი მოთხოვნების ნაწილობრივ დაკმაყოფილების გზით.

გაზეთ ჰაბერთურქის კორესპონდენტის სოლი ოზელის განცხადებით:

“მთავარი პრობლემა მოქალაქეობის განსაზღვრაა, თუ ქურთები ამ პროცესის გარეთ დარჩნენ, მაშინ ეს არ იქნება სრულყოფილი კონსტიტუცია.“

როგორც მშვიდობის და დემოკრატიის პარტიის წარმომადგენელი ერთუგრალ ქურქუ აცხადებს:

“ქურთების ეროვნებას აქ იგნორირებას უკეთებენ და მთელი ბრძოლა სწორედ ჩვენი ეროვნების აღიარებისკენ არის მიმართული. ამ კონსტიტუციის მიხედვით კი, არცერთი ეროვნება არ არის აღიარებული თურქების გარდა, ეს კი ოპტიმიზმის საფუძველს ნაკლებად იძლევა.“

ქურთების მშვიდობისა და დემოკრატიის პარტია ახალ კონსტიტუციაში ქურთების კულტურული ავტონომიის დაფიქსირებას მოითხოვს, მაგრამ პოლიტოლოგების აზრით, პარლამენტში დაბრუნების შემთხვევაშიც, თურქეთის ხელისუფლება მათი მოთხოვნების გათვალისწინებას არ აპირებს.

XS
SM
MD
LG