ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში მუსლიმი ლიდერების საგანგებო სამიტი გაიმართა. ისლამური სახელმწიფოების 22 ლიდერი სტამბოლში დღეს იმისთვის შეიკრიბა, რომ განეხილათ პრეზიდენტ ტრამპის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილების საპასუხო ნაბიჯები. ისინი ეწინააღმდეგებიან ამერიკის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის ცნობას. ახლო აღმოსავლეთში ამ გადაწყვეტილების შემდგომი დაძაბულობა ჯერ არ ჩამცხრალა.

„ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია“ 57 ქვეყანას აერთიანებს. ამჟამად მისი ლიდერი თურქეთია და საგანგებო სამიტიც სწორედ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მოიწვია.

"მე ვიწვევ იმ ქვეყნებს, რომლებისთვისაც ღირებულია საერთაშორისო სამართალი. ვინც პატიოსნად აღიარებს ოკუპირებულ იერუსალიმს პალესტინის დედაქალაქად", - განაცხადა სამიტის გახსნისას ერდოღანმა.

სტამბოლში შეკრებულ 22 ლიდერს შორის არიან პალესტინელთა ლიდერი მაჰმუდ აბასი, იორდანიის მეფე აბდულა, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ბანგლადეშის პრეზიდენტი აბდულ ჰამიდი, ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი. სამიტს ასევე ესწრებიან ეგვიპტისა და საუდის არაბეთის და სხვა 23 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები.

ყველაზე კრიტიკული სწორედ პალესტინელთა ლიდერი მაჰმუდ აბასი იყო, რომელმაც პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას "დანაშაული" უწოდა და თქვა, რომ ამიერიდან პალესტინელები ამერიკას სამშვიდობო პროცესებში მედიატორად აღარ მიიღებენ.

"ჩვენ დღეს აქ იმისთვის ვართ, რომ ერთად და ძალიან გასაგებად ვთქვათ, რომ იერუსალიმი იყო, არის და კვლავაც იქნება პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქი", - განაცხადა აბასმა.

თუმცა ერთიანი გადაწყვეტილების მიღება ნაკლებ შესაძლებლად მიაჩნიათ მიმომხილველებს. რადგან არაბულ სამყაროს ერთიანი პოზიცია ვერ ექნება. საუდის არაბეთი და ეგვიპტე მნიშვნელოვანი წარმოამგდენლები არიან, რომელთა გარეშეც კონსენსუსის მიღწევა გაჭირდება. ამ ორივე ქვეყნის მმართველ ძალას კი ამერიკის მტკიცე მხარდაჭერა სჭირდება იმისათვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ და ირანისგან თავი დაიცვან.

მიმომხილველების აზრითვე, სიტუაციას ისიც ართულებს, რომ სამიტის მასპინძელ ერდოღანსა და ზოგიერთ სხვა მნიშვნელოვან ლიდერს შორის დაძაბულობა ისედაც არსებობს, საუდის არაბეთი კი უფრო და უფრო დისტანცირდება თურქეთისგან. ამ სამიტს საუდის მეფე და ტახტის მემკვიდრე არ ესწრებიან. თუმცა მიუხედავად ამისა, საუდის არაბეთმა ასევე დაგმო პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება და მას "გაუმართლებელი და უპასუხისმგებლო" უწოდა. "ეს არის სამშვიდობო პროცესებში ძალიან დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი", - ასეთია ქვეყნის პოზიცია.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუდ ჩავუსოღლუმ სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, რომ სამწუხაროდ არაბული ქვეყნების ნაწილი საკმარისად მტკიცე წინააღმდეგობას არ უწევს ვაშინგტონს და მათ "პრეზიდენტი ტრამპი აშინებთ".

თუმცა მიუხედავად სერიოზული დიპლომატიური დაბრკოლებებისა, ერდოღანი იმედოვნებს, რომ სამიტის შედეგად სამოქმედო გეგმას -
"სტამბოლის დეკლარაციას" მიიღებენ. ანკარაში ორშაბათს ჩასულმა ვლადიმირ პუტიმა ერდოღანის პოზიციას მხარი დაუჭირა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG