ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი ტერაქტების შემდეგ


მემარცხენე ლეიბორისტების აქცია დაღუპულთა სურათებით.

საპარლამენტო არჩევნებამდე 20 დღით ადრე თურქეთში კვლავ დაძაბული მდგომარეობაა. ბლოგერი ნურეი მერტი შიშობს, რომ ქვეყანა „ავტორიტარიზმისკენ და ქაოსისკენ მიმავალ ბნელ გზას მიუყვება“.

ქურთმა სეპარატისტებმა და პრო-ქურთულმა ცენტრისტულმა პარტიამ თურქეთში მომხდარ თვითმკვლელი ტერორისტების აფეთქებებში ბრალი მაშინათვე პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის ხელისუფლებას და ქვეყნის დაზვერვას დასდეს. პროფკავშირების და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მიერ მოწყობილ, ქურთების მხარდამჭერ სამშვიდობო მსვლელობაზე მომხდარი თავდასხმიდან რამდენიმე საათში, მთავრობის მომხრე პოლიტიკოსები ანალოგიური ბრალდებებით ქურთების წინააღმდეგ გამოვიდნენ.

10 ოქტომბრის ტერაქტებში 97 ადამიანი დაიღუპა და 246 დაშავდა. შაბათს მომხდარი ტერორისტული თავდასხმა თურქეთის ისტორიაში ყველაზე მსხვერპლიანი გამოდგა. თურქი ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების პირველადი ბრალდება, რომელიც ტერაქტებთან დაკავშირებით გამოითქვა, მმართველი პარტიის წინასაარჩევნო დაძაბულობაზე მიანიშნებს. მათი აზრით, მთავრობა სავარაუდოდ, მომავალ არჩევნებზე ამ ფაქტის შესაძლო გავლენის გამო ნერვიულობს. საპარლამენტო არჩევნები თურქეთში პირველ იანვარს გაიმართება.

პოლიტოლოგები 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ძირითადად ქურთებით დასახლებული სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქის -დიარბაქირის- დაბომბვას და ამ ფაქტის შედეგებს იხსენებენ. მაშინ პრო-ქურთულმა სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ პარლამენტში მეტი ხმა მოიპოვა და ერდოღანის სამართლიანობის და განვითარების პარტიას, რომელიც მანამდე მმართველ ძალას წარმოადგენდა, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ხმის უმრავლესობა დააკარგინა.

პრემიერ-მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ მომხდარის შემდეგ თურქეთის მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნების და ერთობისკენ მოუწოდა. მან მხარეებს ფაქტების შეგროვებამდე და გარემოებების გარკვევამდე ერთმანეთის დადანაშაულებისგან თავის შეკავება სთხოვა. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ პარალელურად, სპეკულაციები პრო-ქურთული ძალების საწინააღმდეგოდ თავადაც საჯაროდ გამოეთქვა. კერძოდ, დავუთოღლუმ მაშინ განაცხადა, რომ სავარაუდოდ ქურთისტანის მუშათა პარტია ცდილობს შიშის და ქაოსის დათესვის მიზნით, ძმათა შორის დაპირისპირება დაიწყოს. აფეთქებიდან ორი დღის შემდეგ, ორშაბათს, თურქეთის პრემიერმა განსხვავებული განცხადება გააკეთა და საუბარი დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოზე და ისლამისტ ექსტრემისტებზე დაიწყო.

ქვეყანაში ზოგადად ისევ დაძაბული მდგომარეობაა. ნაციონალისტური პარტია უარს ამბობს დავუთოღლუსთან შეხვედრაზე და მასთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხების განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე. ამ დროს, სულ რამდენიმე კვირის წინ, აღნიშნული პარტია კოალიციაში თურქეთის სამართლიანობის და განვითარების პარტიასთან ერთად მოიაზრებოდა, რომლის ლიდერებიც ივნისის წინააღმდეგობრივი არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტ დავუთოღლუსთან შესაბამის მოლაპარაკებას მართავდნენ.

პოლიცია აცხადებს, რომ იმ ორი თავდასხმის მეთოდი და საშუალება, რომელიც შაბათს ანკარის მთავარი სარკინიგზო სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა, ივლისში თურქეთის სამხრეთში მომხდარი აფეთქების ანალოგიურია. მასზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტებმა აიღეს. გამოძიება ამ ეტაპზე დაღუპულების ცხედრების ფრაგმენტების და ვიდეოკამერების საშუალებით, თვითმკვლელი ტერორისტების ვინაობის დადგენას ცდილობს. თავად დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოს შაბათის ინციდენტზე პასუხისმგებლობა არ აუღია. აფეთქებისთანავე მათ მოკლე გზავნილი გამოაქვეყნეს, რომელშიც ექსტრემისტები თავდამსხმელებს წარმატებით განხორციელებულ აფეთქებას ულოცავენ.

თურქეთის საპარლამენტო არჩევნებამდე სამ კვირაზე ნაკლები რჩება. საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით, შედეგი 7 ივნისს ჩატარებული არჩევნების მსგავსი იქნება. ეს ყოველივე თურქეთში კოალიციური მთავრობის შექმნის ალბათობაზე მიანიშნებს. პარტიებს შორის არსებული მწვავე დაპირისპირების და სიძულვილის ფონზე კი ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ კოალიციის შექმნის მიზნით წარმოებული მოლაპარაკება კიდევ უფრო რთული იქნება, ვიდრე ივნისში. ბლოგერი ნურეი მერტი შიშობს, რომ თურქეთი „ავტორიტარიზმისკენ და ქაოსისკენ მიმავალ ბნელ გზას მიუყვება“.

XS
SM
MD
LG