ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანკარის მოვლენები და მეტი შიდა პოლარიზაციის საფრთხე


დემონსტრაცია ანკარაში, 12 ოქტომბერი, 2015

გუშინ, თურქეთის არმიამ ქურთისტანის მუშათა პარატიის სამიზნეებს ხელახლა შეუტია-ერთი დღის შემდეგ, რაც აკრძალულმა დაჯგუფებამ ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. საჰაერო რეიდები, სავარაუდოდ, პასუხია შაბათს მომხდარ აფეთქებებზე, რომლებმაც ოთხმოცდაათზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაშავდა ორასზე მეტი ადამიანი. ამ ფონზე, ეჭვები, რომ სასიკვდილო ინციდენტების უკან ე.წ. “ისლამური სახელმწიფო” იდგა სულ უფრო მეტად მყარდება. თურქეთის არაერთ ქალაქში, პარალელურად, გამოცხადებული გლოვისა, მოსახლეობა, მშვიდობის მოთხოვნით დემონსტრაციებს აგრძელებდა.

აქციის მონაწილე ქალაქ დიარბაკირში:

“აქ მოვედით, რომ ვთქვათ-ბომბების არ გვეშინია, მოვედით, რათა ხმა ავიმაღლოთ მათ წინააღმდეგ და თავდასხმები დავგმოთ. გვსურს მშვიდობიან და თანასწორ გარემოში ცხოვრება.”

დამკვირვებლები გაკვირვებას ვერ მალავენ, რომ აფეთქება სირიასთან არასტაბილურ სასაზღვრო რაიონში ან სტამბოლში არ მოხდა, არამედ ანკარაში-ინდუსტრიულ, ერთი შეხედვით უღიმღამო და უსიცოცხლო ქალაქში. ანკარა, ამასთან თურქეთის სიდიდით მეორე ქალაქია. ამიტომაც, ცხადია მისი მნიშვნელობა.

თურქეთის ქალაქებში შეკრებილები კვირასა და ორშაბათს პრეზიდენტ ერდოღანის საწინააღმდეგო ლოზუნგებს შესძახოდნენ. ბევრი ადამიანი სწორედ ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ აფეთქებების თავიდან აცილება ვერ მოხდა. ზოგი კი მეტიც-მას აფეთქებების ორგანიზებაში სდებს ბრალს იმ მიზეზით, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობისთვის თავშეყრის აღკვეთა განიზრახა.

ანალიტიკოსების ნაწილი თურქეთის პრეზიდენტის ტაიპ ერდოღანის მზარდ ავტორიტარულ სტილზე და რეპრესიულ მეთოდებზე მიუთითებს. მათივე აზრით, ერდოღანს ამდენი კრიტიკული გამოწვევა წარსულში არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ ის ბოლო წლებია ხან პრემიერ-მინისტრის ფუნქციას, ახლა კი პრეზიდენტის მოვალეობებს ასრულებს. ეს აზრი აქვს თურქეთში დაბადებულ, ამჟამად კი ვაშინგტონის ვილსონის ცენტრში მოღვაწე ექსპერტ ჰენრი ბარკისაც. მისი ინტერვიუს დროს, რომელიც ამერიკულ გამოცემა “ნიუ-იორკერთან” გაკეთდა, ექსპერტმა აღნიშნა, რომ ერდოღანი რეგიონული არასტაბილურობის, “ისლამური სახელმწიფოს” მომძლავრების, სირიაში რუსეთის საჰაერო კამპანიის და შიდა პრობლემების წინაშე დგას: 1 ნოემბერს თურქეთში არჩევნები იგეგმება, და ამავე პერიოდში პრეზიდენტმა დიდი ოცეულის ლიდერთა სამიტსაც უნდა უმასპინძლოს, სადაც თურქეთის დაღმავალი ეკონომიკა განხილვის ერთერთი თემა იქნება.

ანკარაში მომხდარ აფეთქებებზე ჯერჯერობით არავის აუღია პასუხისმგებლობა. თურქეთში მოისმინეს მთავრობის ვარაუდი, რომ ე.წ. "ისლამური სახელმწიფო" და პრო-ქურთული ჯგუფები მომხდარში ეჭვმიტანილები არიან. გავრცელდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მოსაზრებაც, რომ სავარაუდოდ მათ უკან “ისლამური სახელმწიფო” დგას, რომელმაც ეს ტერაქტები სირიიდან განახორციელა.

ვლადიმირ პუტინი: “ბუნებრივია, რომ თურქეთში მომხდარი ტერორისტული ფაქტების, ასევე სირიასა და რეგიონში შექმნილი ვითარების განხილვა მაინტერესებს.”

ამ ფონზე, აღსანიშნავია, რომ რუსეთის საჰაერო რეიდები სირიაში, რომლებიც ბაშარ-ალ-ასადის არმიის მხარდაჭერას ისახავს მიზნად, გრძელდება.

რუსი ლიდერი ამბობს, რომ ეს მხარდაჭერა და შეტევები “ისლამური სახელმწიფოს” განეიტრალებას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG