ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა დაზვერვის ხელმძღვანელებზე თავისი აზრი შეცვალა


პრეზიდენტმა ტრამპმა თავისი სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებს შეურაცხყოფა მიაყენა რჩევით, „სკოლაში დაბრუნებულიყვნენ“, მეორე დღეს, ხუთშაბათს, კი სრულიად შეცვალა პოზიცია და ახლა აცხადებს, რომ მას და მისი სააგენტოების ხელმძღვანელებს „სრული ურთიერთგაგება აქვთ“.

ტრამპი შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოების ხელმძღვანელებს, მათ შორის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორ ჯინა ჰასპელს და ეროვნული დაზვერვის დირექტორ დენ ქოუთსს,ხუთშაბათს, თეთრ სახლში შეხვდა და ამის შემდეგ „ტვიტერით“ განაცხადა: „ირანის, „ისლამური სახელმწიფოს“, ჩრდილოეთ კორეის და ა.შ. საკითხებზე თანხმობა გვაქვს.“

ერთი დღით ადრე, სენატში მათი საჯარო მოხსენება ტრამპმა ეჭვის ქვეშ დააყენა, როდესაც მათ თქვეს, რომ ჩრდილოეთ კორეა თავის ბირთვულ არსენალზე სავარაუდოდ უარს არ იტყვის და ირანი ბირთვული შეთანხმების პირობებს ასრულებს. მათ ასევე თქვეს, რომ ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ ტერორისტულ საფრთხედ რჩება.

მათი შეფასებები წინააღმდეგობაში იყო ტრამპის მოსაზრებებთან, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ირანი იტუებოდა, რომ „ისლამური სახელმწიფო“ სირიაში დამარცხდა და „არის იმის კარგი შანსი“ რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ განიარაღებაზე წავა.

პრეზიდენტმა ოთხშაბათს „ტვიტერით“ გაავრცელა: „დაზვერვა ალბათ სკოლას უნდა დაუბრუნდეს.“

მეორე დღეს კი ტრამპმა თქვა, რომ მისი დაზვერვის ექსპერტების ნათქვამის „სრულიად არასწორი ციტირება და კონტექსტიდან ამოგლეჯა მოახდინეს“. მან განაცხადა, რომ მას უთხრეს „ის ყალბი ახალი ამბები იყო“ და მედიამ მათი განცხადებები „გააყალბა“, თუმცა ჰასპელმა, ქოუთსმა და სხვებმა, სენატს ჩვენებები საჯაროდ მისცეს და რადიოთი და ტელევიზიით მათ მილიონობით ადამიანი უსმენდა. ტრამპს არ დაუზუსტებია, თუ მედიამ კონკრეტულად რა დაამახინჯა.

წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა სპიკერმა ნენსი პელოსიმ თქვა, რომ სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებმა „სიმამაცე“ გამოიჩინეს, როდესაც ტრამპს შეეწინაღმდეგნენ იმის თქმით, რასაც პელოსი სიმართლეს უწოდებს.

XS
SM
MD
LG