ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპს დემოკრატების დასასჯელად დაკავებული მიგრანტების გათავისუფლება სურდა


გამოცემა "ვაშინგტონ პოსტის" ცნობით, დემოკრატების მიერ სამხრეთ საზღვარზე კედლის ასაშენებლად საჭირო თანხის მიცემაზე მრავალგზის უარის მიღების შემდეგ, პრეზიდენტ ტრამპს სხვაგვარი შემოთავაზება ჰქონდა. გამოქვეყნებული მასალის თანახმად, პრეზიდენტმა ნოემბერსა და თებერვალში საემიგრაციო სამსახურისა და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტისგან მოითხოვა იმ იმიგრანტების გათავისუფლება, რომლებიც ე.წ. "თავშესაფარ ქალაქებში" არიან დაკავებულნი. "თავშესაფარ ქალაქებს" იმ მუნიციპალიტეტებს უწოდებენ, რომელთა ადგილობრივი კანონები/რეგულაციებიც, ფედერალური საიმიგრაციო კანონმდებლობის მიუხედავად და მისგან განსხვავებით, უსაბუთო იმიგრანტებს დეპორტაციისგან იცავს.

ტელეკომპანია "სი-ენ-ენის" ცნობით კი, მათი წყარო ადასტურებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შიდა უსაფრთოების დეპარტამენტისგან მოითხოვდნენ სამხრეთ საზღვართან მდებარე ქალაქებიდან დაკავებული მიგრანტების გამოშვებას. "ვაშინგტონ პოსტის" თანახმად კი, ეს გადაწყვეტილება დემოკრატების ერთგვარ დასჯას ისახავდა მიზნად, რადგან მათ საზღვარზე კედლის მშენებლობა არ დააფინანსეს. ერთ-ერთი ასეთი "თავშესაფარი ქალაქი" საიდანაც პრეზიდენტს დაკავებული მიგრანტების გათავისუფლება სურდა, წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი სპიკერის, ნენსი პელოსის მშობლიური უბანია, სან-ფრანცისკოში, კალიფორნიაში.

ამავე ცნობების მიხედვით, თეთრი სახლი ამერიკის საიმიგრაციო სამსახურსა და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს სწერდა, რომ ეს დაკავების ადგილების დეფიციტის პრობლემის შესამსუბუქებლად იყო საჭირო და ასევე "დემოკრატებისთვის შეტყობინების გასაგზავნად". გამოცემების თანახმად, საიმიგრაციო სამსახურის იურისტებმა თეთრი სახლის შემოთავაზება შეუსაბამოდ მიიჩნიეს და ადმინისტრაციას უარი უთხრეს.

"ვაშინგტონ პოსტის" შეკითხვებზე პასუხად ორივე უწყებამ განაცხადა, რომ ეს გეგმა აღარ განიხილება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG