ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სამხრეთ აზიაში ამერიკის ჩართულობა მნიშვნელოვანია. ზუსტად ერთი წლის წინ, ავღანეთის ომს პრეზიდენტობის კანდიდატი ტრამპი „სრულ ფლანგვას“ უწოდებდა.

გუშინ საღამოს ვაშინგტონის მახლობლად სამხედრო ბაზაზე საუბრისას პრეზიდენტმა იხმარა ტერმინი „პირობებზე დაფუძნებული მიდგომა“, რომელსაც შეერთებული შტატები ავღანეთში ტერორიზმთან საბრძოლველად გამოიყენებს,თუმცა არ დაუკონკრეტებია რას ნიშნავს ეს მიდგომა. პრეზიდენტმა იქვე დასძინა, რომ ამერიკის სამხედრო ძალებს სხვა ქვეყნებში დემოკრატიის ასაშენებლად არ გამოიყენებს.

პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი მიზანი ტერორისტებისთვის თავშესაფრების განადგურებაა.

„ჩვენ არ ვისაუბრებთ ჯარისკაცების რაოდენობაზე ან დამატებით სამხედრო აქტივობებზე. დღეიდან ჩვენს სტრატეგიას ადგილზე არსებული ვითარება განსაზღვრავს და არა პირობითად გაწერილი გეგმა. ამერიკის მტრებმა არ უნდა იცოდნენ ჩვენი გეგმების შესახებ, მე არ ვიტყვი როდის დავესხმით მათ თავზე, მაგრამ ეს მოხდება,“ უთხრა პრეზიდენტმა ბაზაზე შეკრებილ 2000-მდე ჯარისკაცს.

თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა ავღანეთის მეზობელი პაკისტანი გააკრიტიკა: „პაკისტანს მილიარდობით დოლარს ვუხდით, ამ დროს, ქვეყანა იფარებს ტერორისტებს. ეს დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს.“

ანონიმური წყაროს ცნობით, პრეზიდენტი ავღანეთში დამატებით 4 000 სამხედროს გაგზავნის. ამჟამად ავღანეთში ანტი-ტერორისტულ ოპერაციაში 8400 ჯარისკაცი მონაწილეობს. მისიაში მონაწილეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, 2010 წელს, პრეზიდენტ ობამას მმართველობისას ავღანეთში დაახლოებით 100 000 ჯარისკაცი იყო ბაზირებული.

ტრამპის მიერ გაჟღერებულ სტრატეგიას მიესალმება ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, დღეს გავრცელებულ განცხადებაში გენერალური მდივანი წერს, რომ ალიანსის მიზანია ავღანეთი ტერორისტების თავშესაფარი აღარ იყოს.

„ჩვენ მოვუწოდებთ ავღანელებსიმუშაონ ვითარების პოლიტიკურად მოსაგვარებლად და მშვიდობის შესანარჩუნებლად. ამავდროულად, ჩვენ მოვუწოდებთ რეგიონის ყველა ქვეყანას მხარი დაუჭირონ სამშვიდობო პროცესს და გაანადგურონ ტერორისტების თავშესაფრები,“ ნათქვამია სტოლტენბერგის განცხადებაში.

ტრამპის მიერ ავღანეთზე გაკეთებულ მიმართვას წინ უძღოდა ერთთვიანი მუშაობა და შეხვედრები. მათ შორის იყო ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის შეხვედრა ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანისთან და სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის შეხვედრა პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შაჰიდ ხაგან აბასისთან.

ავღანეთის ომი უკვე 16 წელია გრძელდება. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ დაწყებული ომი, ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG