ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მატისი: ავღანეთის შესახებ გადაწყვეტილებას ძალიან მალე მივიღებთ


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ავღანეთის ომის შესახებ გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული. ავღანეთის 16-წლიანი ომი ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი კონფლიქტია.

დონალდ ტრამპთან დაგეგმილ შეხვედრამდე თავდაცვის მდივანი ჯიმ მატისი არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს ავთანეთში ამერიკის ახალი სტრატეგია. ხუთშაბათს ჟურნალისტებთან სუაბრისას მან განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებასთან "ძალიან ახლოს არიან" და მის შესახებ ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

პრეზიდენტი ტრამპი მაიკ პენსსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მის გუნდს მერილენდში მდებარე რეზიდენციაში, კემპ დევიდში შეხვდება.

ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება ამერიკის ახალი სტრატეგია ავღანეთთან დაკავშირებით: გაიყვანს თუ არა შტატები ქვეყნიდან თავის შეიარაღებულ ძალებს და დატოვებს იქ მხოლოდ კერძო კონტრაქტორებს ხელისუფლების დასახმარებლად. თუ პირიქით, კიდევ უფრო მეტ სამხედროს გაგზავნის კონფლიქტის ზონაში.

მიუხედავად წლების მანძილზე ამერიკისა და ნატოს სხვა წევრებისგან მიღებული სამხედრო მხარდაჭერისა, ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს ჯერ კიდევ უჭირთ წინააღმდეგობის გაწევა ტერორისტული დაჯგუფება "თალიბანისთვის", რომელმაც ბოლო დროს გარკვეული წარმატება მოიპოვა ავღანეთსა და პაკისტანის სასაზღვრო რეგიონში. ამერიკელი გენერლები კონფლიქტს „ჩიხში შესულს" უწოდებენ.

ამ დროისთვის ავღანეთში დაახლოებით 8 400 ამერიკელი და 5 000 ნატოს წევრი სახელმწიფოების ჯარისკაცი იმყოფება. მათი მისია ავღანეთის მთავრობის მხარდაჭერა და ჯარების წვრთნაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG