კვირას, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ახალ, გაფართოებულ საპრეზიდენტო განკარგულებას, რომელიც ამერიკაში მედიკამენტებზე ფასების დარეგულირებას ითვალისწინებს. ის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ივლისში გამოცემულ ანალოგიურ განკარგულებას ჩაანაცვლებს.
"ჩემი ყველაზე საყვარელი ეროვნული განკარგულების საშუალებით, დარწმუნებული ვიქნებით, რომ ჩვენი ქვეყანა ისეთივე დაბალ ფასებს მიიღებს დიდი ფარმაკოლოგიური კომპანიებისგან, როგორც სხვა ქვეყნები. ამერიკის ხარჯზე გლობალურად უფასოდ მგზავრობის დღეები დასრულებულია" - დაწერა ტრამპმა "ტვიტერზე".
განკარგულება შეეხება "მედიქეარის" სახელით ცნობილ სამედიცინო დაზღვევას, რომელიც შეერთებულ შტატებში ხანდაზმული მოსახლეობისთვის მოქმედებს. მედიკამენტებზე მათ მიერ გადახდილი ფასი იგივე უნდა იყოს, რაც ფარმაკოლოგიური კომპანიების მიერ უცხოეთის ქვეყნებისთვის შეთავაზებული ყველაზე დაბალი ფასი.
განკარგულება გულისხმობს ახალი ფედერალური რეგულაციების დაცვას, რაც კომპლექსური პროცესია და საპრეზიდენტო არჩევნებამდე შეიძლება არც მოესწროს. ფასების განსაზღვრაც უმტკივნეულო პროცესი არ იქნება, რადგან ფარმაკოლოგიურ კომპანიებს და სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის მოლაპარაკება ხშირად კონფიდენციალურია.
შეერთებული შტატების ფარმაკოლოგიური ინდუსტრიის ყველაზე დიდი სავაჭრო ჯფუფი "ფარმა" ("ამერიკის ფარმაკოლოგიური კვლევა და წარმოება") ტრამპის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ორგანიზაციის პრეზიდენტმა სტეფან უბლმა განაცხადა, რომ ახალი განკარგულება "უპასუხისმგებლო იერიშია იმ კომპანიებზე, რომელიც დაუღალავად იღწვის კოვიდ-19-ის დამარცხებისთვის" და ის უბრალოდ ვერ იმუშავებს.
Facebook Forum