ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა რემდესივირს იმარაგებს


პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ამერიკამ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ერთ-ერთი იმ იშვიათი წამლის მთელი ოდენობა შისყიდა, რომელიც დაავადების წინააღმდეგ, ამ დროისთვის, შედარებით ეფექტურად გამოიყენება.

ეს კითხვებს აჩენს იმის თაობაზე, თუ როგორ მიუწვდება ხელი დანარჩენ მსოფლიოს ამ მედიკამენტზე.

რემდესივირი პირველი წამალია, რომელიც კოვიდ-19-ის მქონე პაციენტებში წარმატებულად გამოიყენეს. მაგრამ ეს წარმატება თუ ეფექტი მაინც მცირეა. კლინიკაში მოთავსებული ის პაციენტები, რომლებსაც ამ მედიკამენტით მკურნალობდნენ, 4 დღით უფრო მალე გამოჯანმრთელდნენ, ვიდრე - სხვები. წინასწარი კვლევის შედეგები არ აჩვენებს, რომ ის ადამიანების გადასარჩენად ეფექტურია, მაგრამ კვლევა გრძელდება.


ამერიკის ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ის მწარმოებლისგან, ფარმაცევტული კომპანია Gilead-ისგან, დაახლოებით, ნახევარი მილიონი სამკურნალო კურსისთვის საკმარის ანტივირუსულ პრეპარატს გარანტირებულად მიიღებს. მათ შორის იქნება კომპანიის ივლისის წარმოების 100 % და აგვისტოს და სექტემბრის წარმოების - 90 %.

"პრეზიდენტმა ტრამპმა მიაღწია არაჩვეულებრივ შეთანხმებას იმისთვის, რომ ამერიკელებს ჰქონდეთ წვდომა პირველ ავტორიზებულ წამალზე კოვიდ-19-ის წინააღმდეგ", - განაცხადა ჯანდაცვის მდივანმა ალექს აზარმა.

Gilead-მა ხელი მოაწერა სალიცენზიო შეთანხმებებს ჯენერიკ მწარმოებლებთან ინდოეთში, პაკისტანსა და ეგვიპტეში, რომ რემდესივირით 127 მცირე და საშუალო შემოსავლიანი ქვეყნანა მოამარაგოს. მაგრამ ეს ლიცენზია არ გულისხმობს ისეთ 70 დიდ, და საშუალო შემოსავლიან ქვეყანას, როგორებიცაა მაგალითად ბრაზილია, მექსიკა თუ ჩინეთი.

"ეს მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარია", - ამბობს პეტერ მეუბარდუკი, აქტივისტთა გაერთიანება "საჯარო მოქალაქის" მედიკამენტებზე წვდომის პროგრამის დირექტორი. "თუკი ამერიკის მთავრობამ შეისყიდა წამლის სრული მარაგი, არ ვიცი საიდან მიიღებენ ისინი [სხვები] ამ წამალს", ამბობს ის.

ჯერჯერობით ისიც არაა ცნობილი, თუკი ამ 127 ქვეყნის საჭიროების დაკმაყოფილება მოხერხდება, რადგან ამ დროისთვის მხოლოდ 2-მა ინდურმა მწარმოებელმა კომპანიამ დაიწყო წამალზე მუშაობა.

"Gilead-ს როგორც ჩანს, არ აქვს გეგმა თუ როგორ დააკმაყოფილოს დაბალ და საშუალო-შემოსავლიანი ქვეყნები ამ გარდამავალ პერიოდში, სანამ სხვა მწარმოებლების შექმნილი პრეპარატები ჩაეშვება. გარდა ამისა, ჩანს, რომ კოპმანია მეტადაა ფოკუსირებული იმ მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ბაზარზე, სადაც მას მეტი ფულის გაკეთება შეუძლია", - განმარტავს ჯესიკა ბარი, წვდომის კამპანიის ფარმაცევრი სამედიცინო ჰუმანიტარული ჯგუფიდან "ექიმები საზღვრებს გარეშე".

ამ წამლით მკურნალობის ერთი კურსი შეერთებულ შტატებში, დაახლოებით, $3 200 ეღირება. ინდოელი მწარმოებელი Cipla აცხადებს, რომ ის წამალს $66-ად გაყიდის. თუმცა "კლინიკური და ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტში" აცხადებენ, რომ Gilead-ის ფასი გონივრულია, რადგან წამალი აჩვენებს, რომ მას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

Gilead-მა პირველი 1.5 მილიონი დოზა მსოფლიოში უფასოდ დაარიგა. ჯანდაცვის სიახლეების ვებგვერდის "სტატის" თანახმად, შეერთებულმა შტატებმა აქედან 900 000 დოზა მიიღო.

"ჩრდილო-აღმოსავლეთ უნივერსიტეტის" პროფესორი ბრუკ ბეიკერი ჯანდაცვის გლობალური ხელმისაწვდომობის პროგრამის უფროსი ანალიტიკოსი ამბობს, რომ თავდაპირველად ამერიკა ისედაც იყო ამ დონაციის პირველ რიგებში, ახლა კი ამერიკა სექტემბრის ბოლომდე ასევე პირველი იქნება რიგში შემდეგი ნახევარი მილიონი დოზის მისაღებად. "არ არსებობს სხვა ახსნა, გარდა იმისა, რომ ვთქვათ, ამერიკის მთავრობასა და კომპანია Gilead-ს შორის არის ფარული შეთანხმება, რომ გაუგებარი მიზეზით, ამერიკელები უნდა იყვნენ პირველები", - ამბობს ბეიკერი.

Gilead-ი ამბობს, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რემდესივირი მასზე გაზრდილი მოთხოვნის საპასუხო ოდენობით ხელისაწვდომი იყოს. მისი განცხადებით, დაჩქარებული წარმოების პირობებში დეკემბრისთვის 2 მილიონი სამკურნალო კურსისთვის საჭირო მედიკამენტი იქნება მზად.

ტვიტერი

XS
SM
MD
LG