ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ ტრამპი მასწავლებელთა ნაწილის შეიარაღების იდეას განიხილავს


ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ სკოლებში შეიარაღებული თავდასხმების შეჩერების სხვადასხვა იდეას განიხილავს. თუმცა მისი თქმით, ერთ-ერთი კარგი შესაძლებლობა მასწავლებელთა შეიარაღებაა.

პრეზიდენტმა თქვა, რომ ის აპირებს განიხილოს „ფარული იარაღის" მიცემის შესაძლებლობა იმ მასწავლებლებისთვის, რომლებმაც იარაღის გამოყენება იციან, რომლებსაც სამხედრო გამოცდილება აქვთ, ან სპეციალური ტრენინგები აქვთ გავლილი.

თეთრ სახლში ფლორიდის თავდასხმისას გადარჩენილ მოსწავლეებთან და მშობლებთან ემოციური შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ამჟამად, მასწავლებელთა 20 %-ს, რაც მისი თქმით, საკმაოდ ბევრია, შეუძლია შეიარაღებულ თავდამსხმელს საპასუხო ცეცხლი გაუხსნას.

თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე მან მოსწავლეებს უთხრა:
„თქვენ რომ ისეთი მასწავლებელი გყოლოდათ, რომელმაც იარაღის გამოყენება იცის, მაშინ ის შეძლებდა ამ თავდასხმის აღკვეთას ძალიან სწრაფად.“ პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა სკოლებში ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების დასაქმებაა.

შეხვედრას დაახლოებით 40 ადამიანი ესწრებოდა. დამსწრეთა უმრავლესობამ ხელის აწევით გამოხატა, რომ მათ ეს იდეები არ მოსწონდათ. მშობლებისა და მსოწავლეების ნაწილი იარაღის ფლობის საკითხის უფრო მკაცრ რეგულირებას მოითხოვს.

გასულ კვირას ფლორიდის ერთ-ერთ სკოლაში 19 წლის ნიკოლას კრუზი შეიჭრა და მოსწავლეებსა და სკოლის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა. მას 17 ადამიანის განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. მათ შორის 14 მოსწავლე და სამი მასწავლებელია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG