ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი იარაღის მყიდველების შემოწმების გამკაცრებას ემხრობა


შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თანახმაა გამკაცრდეს შემოწმება იარაღის შეძენის მსურველებზე. ეს განცხადება თეთრმა სახლმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ფლორიდის შტატში ნახევრად ავტომატური შეშხანის გამოყენებით სკოლაში მომხდარი თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა.

თეთრი სახლის პრეს-სპიკერი სარა ჰაკაბი სანდერსის თქმით, პრეზიდენტი ტეხასელ რესპუბლიკელ სენატორს ჯონ კორნინს მის ოპრარტიულ იდეაზე ესაუბრა. კორვინი დემოკრატ სენატორ ქრის მერფისთან ერთად უკვე დიდი ხანია იარაღის შეძენის მსურველების წარსულის გამოკვლევის გამკაცრებას ემხრობა.

ფლორიდის ქალაქ პარკლენდში 14 მოსწავლის და 3 ზრდასრულის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა 19 წლის ნიკოლას კრუზმა აიღო, რომელიც იმავე სკოლიდან გასულ წელს გარიცხეს. პროკურატურამ მას ბრალი 17 ადამიანის განზრახ მკვლელობაში წაუყენა, ფლორიდის სასამართლოს წინაშე ხელბორკილებით და ციხის ნარინჯისფერ სამოსში წარსდგა. ბრალდებულის ადვოკატმა, პროკურორის მიერ მოთხოვნილი წინასწარი პატიმრობა არ გააპროტესტა.

ვაშინგტონში დემოკრატი კანონმდებლები იარაღის კონტროლის გამკაცრების იდეით ხშირად გამოდიან. რესპუბლიკელები ამ იდეას ეწინააღმდეგებიან და არგუმენტად ამერიკის კონსტიტუციის მეორე მუხლი მოყავთ, რომელიც იარაღის ფლობის უფლებას იცავს.

იმის მიუხედავად, რომ იარაღის კონტროლზე დისკუსიები კონგრესს ხშირად მხარეებად ჰყოფს, კორნინის და მერფის კანონპროექტს მხარდამჭერები ორივე პარტიაში ჰყავს.

ამ კანონპროექტის მიხედვით, დამატებითი შეზღუდვები არ დაუწესდებათ იარაღის მყიდველებს, არამედ მიზნად ისახავს გააუმჯობესოს პროცესი, რომელიც მყიდველის ფსიქიკური ჯანმრთელობის და კრიმინალური წარსულის შესწავლას მოიცავს.

ხშირ შემთხვევაში, შეერთებულ შტატებში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმების შემდეგ ირკვევა, რომ თავდამსხმელს იარაღის ფლობის უფლება არ უნდა ჰქონოდა.

ბევრი სხვა ინიციატივისგან განსხვავებით კორნინის და მერფის იდეას მხარს უჭერს იარაღის ყველაზე დიდი ლობი შეერთებულ შტატებში - შაშხანების ეროვნული ასოციაცია. კორნინ-მერფის ინიციატივა წაახალისებს, მოქალაქეების თანამშრომლობას მთავრობასთან და ინფორმაციის მიწოდებას.

როგორც ფლორიდაში მომხდარი თავდასხმის გამოძიებისას გაირკვა, კრუზის მიერ იარაღის ფლობის შესახებ ინფორმაცია გამოძიების ფედერალურ ბიუროს ჰქონდა და სათანადოდ არ იმოქმედა. როგორც გაირკვა, გამოძიების ბიუროს ჰქონდა ინფორმაცია კრუზის მიერ სოციალურ მედიაში აგრესიული განცხადებების გამოქვეყნების შესახებ, ბიურო ასევე ინფორმირებული იყო კრუზის განცხადებების შესახებ, სადაც ის ადამიანების მოკვლის სურვილს გამოთქვამდა.

ტრამპის მიერ ამ ინიციატივის მხარდაჭერაზე თეთრმა სახლმა მას შემდეგ განაცხადა, რაც პრეზიდენტი სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს შეხვდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG