ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს მიერ რუსეთთან ბირთვული შეთანხმების დატოვებას ანალიტიკოსები აფასებენ


ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი სამშაბათს რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა. მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში, ბოლტონმა იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რომელთა გამოც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთ-ამერიკის 1987 წლის შეთანხმების დატოვება გადაწყვიტა. შეთანხმება მხარეებს საშუალო რადიუსის ბირთვული რაკეტების შექმნა-განვითარება-გამოყენებას უკრძალავს.

ტრამპმა რუსეთი ამ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა, თუმცა კრემლი ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ამერიკამ თავად დაარღვია მისი პირობები იმით, რომ ევროპაში ანტი-სარაკეტო თავდაცვითი სისტემები განათავსა.

​„ჩვენ არაერთხელ ვთქვით და პრეზიდენტმა პუტინმაც დაადასტურა ცოტა ხნის წინ სოჭში საუბრისას, რომ ნებისმიერ ქმედებას მოჰყვება საპასუხო რეაქცია, რადგან სტრატეგიული სტაბილურობა შესაძლოა შენარჩუნდეს მხოლოდ თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით. ეს თანასწორობა იქნება შენარჩუნებული ყველა გარემოების მიუხედავად. ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ გლობალურ სტაბილურობაზე და გვაქვს მოლოდინი, რომ ამერიკაც არ უარყოფს მის წილ პასუხისმგებლობას“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

ჯონ ბოლტონი, შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რუსეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ბოლტონთან შეხვედრისას პუტინმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უმაღლეს დონეზე შეხვედრისა და მოლაპარაკების სურვილი გამოთქვა. რუსეთის უსაფრთხოების საბჭომ კი განაცხადა, რომ ის მზადაა შეერთებულ შტატებთან ერთად იმუშაოს ამ საკითხზე და გასცეს პასუხები იმ კითხვებს, რომლებიც ამერიკულ მხარეს აწუხებს.

ბოლტონმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, ცივი ომის დროინდელი ორმხრივი შეთანხმებები ახლა რელევანტური აღარ არის, რადგან დღევანდელ მსოფლიოში არსებობს სხვა ქვეყნებიც, რომლებიც ამგვარი რაკეტების განვითარებაზე მუშაობენ.

ჯონ ჰერბსტი
ჯონ ჰერბსტი

"ატლანტიკური საბჭოს" ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი ამბობს, რომ მოსკოვი დიდი ხნის განმავლობაში არღვევდა ამ შეთანხმებას და ამისთვის არანაირ საფასურს არ იხდიდა.

"ობამას ადმინისტრაცია ამაზე უკმაყოფილებას ხშირად გამოთქვამდა, მაგრამ უშედეგოდ. ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას აქვს გამართლება, მაგრამ უფრო გონივრული იქნებოდა, თუკი მისი წევრები გამოიყენებდნენ ამ საფრთხეს ჩვენი ჯერ კიდევ ჩუმად მყოფი პარტნიორების დასარწმუნებლად იმაში, რომ რუსეთის წინააღმდეგ ზომები უნდა გამკაცრდეს, თუკი ის ამგვარ ქმედებებს განაგრძობს", ამბობს ჰერბსტი და დასძენს, რომ ჯობდა სწორედ ამის შემდეგ დაეტოვებინათ შეთანხმება.

მაიკლ კარპენტერი
მაიკლ კარპენტერი

მაიკლ კარპენტერი, "ატლანტიკური საბჭოს" ევრაზიის ცენტრის მკვლევარიც ამბობს, რომ ამერიკის მხრიდან ამ გადაწყვეტილების იმგვარად გამოცხადება, როგორც მოხდა, შეცდომა იყო. მისი თქმით, ადმინსიტრაციამ ვერ შეძლო შესაბამისი საფუძვლის მომზადება და ეს უფრო იმპულსურ გადაწყვეტილებას ჰგავდა, რომელმაც პარტნიორი ქვეყნებიც შესაძლოა შეაშფოთოს: "უფრო გონივრული იქნებოდა ამერიკის მხრიდან საპასუხო ღონისძიებების გატარება და რუსეთის მიერ შეთანხმების პირობების დარღვევის პასუხად კონკრეტული პროგრამის განვითარება. შეთანხმება კრძალავს მხოლოდ ტესტირებასა და გამოყენებას, მაგრამ კვლევისა და განვითარების უფლებას ტოვებს. "ამას უნდა მოჰყოლოდა ულტიმატუმი კრემლის მიმართ და საინფორმაციო კამპანია, რომელიც ყველას აჩვენებდა, რომ რუსეთი შეთანხმებას არღვევს და ამის გამო შესაძლოა, ამერიკამ საჭიროდ მიიჩნიოს მისი დატოვება", ამბობს კარპენტერი და განმარტავს, რომ შესაძლოა ამერიკა "კარგი სტრატეგიული მიზნებიდან" გამომდინარე მართლაც იძულებულ იყოს დატოვოს ეს შეთანხმება, მაგრამ ამ გადაწყვეტილების გამოცხადების დრო და ფორმა შეუსაბამო და არასწორი იყო.

"ატლანტიკური საბჭოს" კიდევ ერთი მკვლევარი ეველინ ფარკასი, რომელიც ობამას ადმინისტრაციაში თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილე იყო, მიიჩნევს, რომ ამერიკა იძულებული იყო დაეტოვებინა ეს შეთანხმება, რადგან რუსული მხარე მას წლების განმავლობაში არღვევდა.

ეველინ ფარკასი
ეველინ ფარკასი

"დროა მათ გაიგონ, რომ ამ დარღვევებს და მათ სახიფათო ბირთვულ პოლიტიკას შესაბამისი შედეგები მოჰყვებოდა", ამბობს ფარკასი. "იმედი მაქვს, ამერიკის ქმედებები რუსეთს მიუთითებს, რომ უნდა გამოფხიზლდნენ და სერიოზულ მოლაპარაკებებში ჩაერთონ, როგორც კონვენციური, ისე ბირთვული იარაღის კონტროლის საკითხებზე", ამბობს ეველინ ფარკასი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG