ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ დავიხსნათ რუსეთისგან საქართველოს ევროპული მომავალი?


"რუსეთი ცდილობს შექმნას ე.წ. "რუხი ზონა" მას და ევროპას შორის, თუმცა ეს ქვეყნები - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა - ეს თავისუფლების ფრონტის ხაზია და არა "რუხი ზონა". ჩვენ არ უნდა ვუჭერდეთ მხარს კონკრეტულ მთავრობას ან ლიდერს, მაგრამ ყოველთვის უნდა დავიცვათ ამ ქვეყნების უფლება, აირჩიონ საკუთარი ბედი. მათი ევროპული მისწრაფებები კი არ უნდა აღმოჩნდეს რუსეთის ტყვეობაში. უფლება არ უნდა მივცეთ რუსეთს, მძევლად ჰყავდეს ეს სახელმწიფოები", - ამ სიტყვებით გახსნა ხუთშაბათს ვაშინგტონში "ატლანტიკურ საბჭოში" გამართული კონფერენცია დეიმონ უილსონმა, საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა.

რეგიონის საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსების აზრით, კრემლი ე.წ. „გაყინულ კონფლიქტებს“ თავის სასიკეთოდ იყენებს და ცდილობს ამით მეზობელი ქვეყნების ევროინტეგრაციას ხელი შეუშალოს. ევრაზიის რეგიონის მკვლევარების შეფასებით, ამერიკამ და დასავლეთმა მეტი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რუსეთს მეზობელი ქვეყნების განვითარების შეფერხების საშუალება არ მიეცეს.

"ყველაზე შესაბამისი გამოსავალი ისაა, რომ კრემლს მისი აგრესიისთვის უფრო მაღალი საფასური გადავახდევინოთ. რაც ნიშნავს კიდევ უფრო მეტ სანქციას და სამხედრო თავდაცვითი მხარდაჭერის გაზრდას საქართველოსა და უკრაინისთვის", - ამბობს ჯონ ჰერბსტი, „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორი.

ჩვენ ძალიან ცხადი და ნათელი უნდა გავხადოთ ის, რომ ქვეყნის ოკუპაცია ევროკავშირისა თუ ნატოს წევრობიდან ამ ქვეყნის ავტომატურ დისკვალიფიკაციას არ ახდენს. ვფიქრობ, ძალიან ნათელია, რომ კარი ღია რჩება და ჩვენ წინ მივიწევთ იმისკენ, რომ უკრაინა და საქართველო მივიღოთ
დევიდ კრამერი

ჰერბსტის თქმით, პუტინის რუსეთს აგრესიული საგარეო პოლიტიკა აქვს და სურს ცივი ომის შემდგომდროინდელი გლობალური წესრიგი შეასუსტოს და შეცვალოს. ამ წესრიგის სიძლიერე და სტაბილურობა კი, მისი აზრით, უშუალოდ ამერიკის ინტერესებშია და ამერიკულ ღირებულებებს შეესაბამება: "თუკი რუსეთს უფლებას მივცემთ უკრიანის ან საქართველოს მიმართ აგრესია განახორციელოს, ამით ამ წესრიგს დავთმობთ, ამიტომ ეს ჩვენთვის მიუღებელია".

შეკითხვაზე, მუშაობს თუ არა არსებული მიდგომა რუსეთის მიმართ, ჯონ ჰერბსტი ამბობს, რომ ამერიკის პოლიტიკა ახლა უკეთესია, ვიდრე მაგალითად 4 წლის წინ იყო, თუმცა არასაკმაარისია და მისი გაუმჯობესება შესაძლებელია: „საჭიროა მეტი მხარდაჭერა საქართველოს, უკრიანისა და მოლდოვასთვის, ასევე საქართველოსა და უკრაინაში კრემლის მიმდინარე აგრესიის გამო მეტი სანქციები, ვფიქრობ, სანქციების გამკაცრება ასუსტებს კრემლს“, - ამბობს ჯონ ჰერბსტი, რომელიც უკრაინაში ამერიკის ელჩი იყო 2003-2006 წლებში.

ევრაზიის მკვლევარი განმარტავს, რომ ამერიკამ კიდევ უფრო მეტი იარაღი უნდა მიაწოდოს უკრაინას იმისთვის, რომ სამომავლოდ შესაძლო აგრესია რუსეთისთვის „უფრო რთული და მტკივნეული“ იყოს. „ატლანტიკური საბჭოს“ სპეციალური კონფერენცია გასულ კვირას სწორედ ამ საკითხს მიეძღვნა - როგორ შეიძლება არსებული და მიმდინარე კონფლიქტების პარალელურად უკრიანამ და საქართველომ განაგრძონ ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოება.​

რეგიონის საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსების აზრით, დასავლეთს ისეთი პოლიტიკა სჭირდება, რომელიც კრემლს აჩვენებს, რომ მის მიერ მეზობელ ქვეყნებში კონფლიქტების დაწყება, წაქეზება და მათი ე.წ. "გაყინულ კონფლიქტებად" ქცევა ავტომატურად არ ნიშნავს ამ ქვეყნების სამუდამოდ მისი გავლენის ქვეშ დარჩენას.

„ვფიქრობ, ამერიკა საქართველოს ინტეგრაციის საკითხის ადვოკატირებას ნატოს შიგნით - გერმანიასთან, საფრანგეთთან, ბრიტანეთთან უნდა ეწეოდეს. პირველი ნაბიჯი კი მაინც ე.წ. მაპ-ი უნდა იყოს. მაგრამ ცხადია, ეს არ მოხდება, თუკი ამერიკა უკანა რიგებში იჯდება მშვიდად და დაელოდება, როდის გადაწყვეტს გერმანია, არის თუ არა ეს კარგი იდეა. „ნაცრისფერი ზონები“ არასტაბილურობას ქმნის და ეს არც ჩვენს ინტერესებშია და არც გერმანიის, საფრანგეთისა თუ ბრიტანეთის.“
მაიკლ კარპენტერი

"ჩვენ ძალიან ცხადი და ნათელი უნდა გავხადოთ ის, რომ ქვეყნის ოკუპაცია ევროკავშირისა თუ ნატოს წევრობიდან ამ ქვეყნის ავტომატურ დისკვალიფიკაციას არ ახდენს. რა თქმა უნდა, ნატო უფრო პრობლემურია, როდესაც საქმე სამხედრო უსაფრთხოების გარანტიებს ეხება, მაგრამ, ვფიქრობ, ძალიან ნათელია, რომ კარი ღია რჩება და ჩვენ წინ მივიწევთ იმისკენ, რომ უკრაინა და საქართველო მივიღოთ", - ამბობს ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, მკვლევარი დევიდ კრამერი.

„ბაიდენის ცენტრის“ დირექტორი და „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი მაიკლ კარპენტერი ფიქრობს, რომ საქართველოს საკითხთან დაკავშირებით ამერიკის პოლიტიკა გაცილებით უფრო პროაქტიული უნდა იყოს.

„ვფიქრობ, ამერიკა საქართველოს ინტეგრაციის საკითხის ადვოკატირებას ნატოს შიგნით - გერმანიასთან, საფრანგეთთან, ბრიტანეთთან უნდა ეწეოდეს. პირველი ნაბიჯი კი მაინც „წევრობის სამოქმედო გეგმა“ - ე.წ. მაპ-ი უნდა იყოს. მაგრამ ცხადია, ეს არ მოხდება, თუკი ამერიკა უკანა რიგებში იჯდება მშვიდად და დაელოდება, როდის გადაწყვეტს გერმანია, არის თუ არა ეს კარგი იდეა. ჩვენი დიპლომატია უფრო პროაქტიული უნდა იყოს და უნდა ვეუბნებოდეთ ჩვენს მოკავშირეებს: მიგვაჩნია, რომ ასე უნდა მოხდეს. რადგან ეს [ე.წ] „ნაცრისფერი ზონები“ არასტაბილურობას ქმნის და ეს არც ჩვენს ინტერესებშია და არც გერმანიის, საფრანგეთისა თუ ბრიტანეთის.“

მკვლევარი მიიჩნევს, რომ დასავლეთმა არ უნდა დაუშვას "ამ ქვეყნების რუხ ზონაში დარჩენა" და მისი თქმით, ამ კონფერენციის მთავარი გზავნილიც ესაა.

"ეს სუვერენული სახელმწიფოებია, რომლებმაც თავად უნდა გადაწყვიტონ რისი გაკეთება უნდათ, მაგრამ ამერიკა მეტად პროაქტიული უნდა იყოს იმისთვის, რომ მისცეს მათ ეს არჩევანი და დაეხმაროს ამ არჩევანის გაკეთებაში. და მაშინ კი, როცა შესაძლებლობა გამოჩნდება, მათი ინტეგრირება მოახდინოს უშუალოდ იმ სტრუქტურებში, რომლებშიც სურთ, იქნება ეს ევროკავშირი, ნატო თუ სხვა. ეს დიპლომატია ახლა უფრო ეფექტური უნდა გახდეს", - ამბობს მაიკლ კარპენტერი.

ევრაზიის რეგიონის მკვლევარები თანხმდებიან, რომ დასავლეთის ქვეყნებმა მეტად უნდა დაუჭირონ მხარი საქართველოსა და უკრიანას, ცხადი გახადონ, რომ ამ ქვეყნების უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებას ნიშნავს, თუმცა ამავე დროს ამ ქვეყნებმა დემოკრატიული რეფორმების გატარება უნდა განაგრძონ და ნაბიჯები უკან არ უნდა გადადგან.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG