ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2018 და ტრამპის "ამერიკა უპირველეს ყოვლისა"


2018 მნიშვნელოვანი წელი იყო შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკისთვის. ურთიერთობა რუსეთთან, ჩრდილო კორეასთან, ჩინეთთან. გამოწვევები საუდის არაბეთთან დაკავშირებით, სირიის საჰაერო დაბომბვა, ირანის ბირთვული შეთანხმების და რუსეთთან ცივი ომის დროს გაფორმებული შეთანხმების დატოვება, სატარიფო ომი ჩინეთთან. პროცესები, რომლებიც მომავალ წლებშიც გაგრძელდება. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ ზოგიერთ ამ გამოწვევას სათანადოდ უპასუხა, ზოგ შემთხვევაში კი არასაკმარისი სიმკაცრე და პრინციპულობა გამოიჩინა.

სახელმწიფო მდივნის პოსტზე რექს ტილერსონის ჩანაცვლების შემდეგ, მაიკ პომპეომ თქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი გააძლიერებდა პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკას - „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. მალევე მან სკეპტიკურად განწყობილ ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ „მეორე მსოფლიო ომის შემდგომმა საერთაშორისო წესრიგმა“ ყველას იმედი გაუცრუა.

„როდესაც შეთანხმებები ირღვევა, მათ დამრღვევებს უნდა დავუპირისპირდეთ, ხელშეკრულებები უნდა დავიცვათ, ან დავტოვოთ. სიტყვები რაღაცას უნდა ნიშნავდეს“, - ამბობდა სახელმწიფო მდივანი.

დონალდ ტრამპის მმართველობისას ამერიკამ დატოვა ირანის ბირთვული შეთანხმება და პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილების შესახებ. სელია ბელინი, ბრუკინგსის ინსტიტუტიდან, ამბობსმ რომ ახლა, ორი წლის შემდეგ, პრეზიდენტი გარშემორტყმულია ისეთი ერთგული ხალხით, რომლებიც მზად არიან განახორციელონ მისი ხედვა. და რომ ახლა მას ასეთი ხალხი გაცილებით მეტი ჰყავს ირგვლივ, ვიდრე პრეზიდენტობის დასაწყისში.

წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ უნის ისტორიული შეხვედრა იყო. თუმცა კონკრეტული შედეგების გარეშე. ჰერიტიჯის ფონდის წარმომადგენელი, ლუკ კოფი ამბობს, რომ თავად შეხვედრაც დადებითი ფაქტი იყო.

„მართალია ამ შეხვედრის კონკრეტული, ხელშესახები შედეგი არ ჰქონია, მაგრამ თავად ფაქტი, რომ ეს მოლაპარაკებები შედგა, თავისთავად ძალიან დიდი მიღწევაა", - ამბობს კოფი.

კიმის დიპლომატიის საპირისპიროდ, ტრამპი მკაცრად გააკრიტიკეს ივლისში რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ. ბევრმა მისი შეფასებები ამერიკის 2016 წლის არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით, პუტინის გამართლებად მიიღო.

„უეჭველად ვიტყოდი, რომ ტრამპი-პუტინის ჰელსინკის სამიტი, არათუ ამ წლის, არამედ ტრამპის ადმინისრაციის ორი წლის მანძილზე, საგარეო პოლიტიკის ყველაზე წარუმატებელი მომენტი იყო“", - ამბობს ლუკ კოფი.

გასულ წელს საგარეო პოლიტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი საუდის არაბეთთან ურთიერთობა აღმოჩნდა. ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ფაქტი დონალდ ტრამპმა დაგმო, თუმცა იქვე თქვა, რომ საუდის არაბეთი, ამერიკის მნიშვნელოვანი მოკავშირეა. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ეს მსოფლიოს სხვადასხვა ავტორიტარი ლიდერისთვის არამართებული გზავნილი იყო.

„მან ძალიან ცხადად გასაგები გახადა, რომ ეკონომიკური ინტერესები მორალურ ღირებულებებზე მაღლა დგას“,- ამბობს სელია ბელინი, ბრუკინგსის ინსტიტუტიდან.

ჩინეთთან სატარიფო ომი კი გრძელდება, მიუხედავად დროებითი შეთანხმებებისა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ დამატებითი გამწვავება მოსალოდნელია. ორ ქვეყანას არაერთ საკითხზე აქვს უთანხმოება: იქნება ეს ვაჭრობა, სამხრეთ ჩინეთის ზღვა თუ კიბერუსაფრთხოება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG