ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯაფარიძე: ჰუმანიტარული დახმარებით, ბუშმა საქართველო გადაარჩინა


აშშ-ის 41 პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი ტეხასში, ბუშის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ეზოში დაკრძალეს.

მისი პოლიტიკური მნიშვნელობისა და ღვაწლის შესაფასებლად, აგრეთვე მისი გავლენის გასაანალიზებლად საქართველოსა და აშშ-სთვის, კომენტარი ვთხოვეთ ამერიკისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის ორ ვეტერანს - პოლ გობლს აშშ-ში და თედო ჯაფარიძეს, საქართველოში.

ადამიანი, რომლის პრეზიდენტობის დროს საბჭოთა კავშირის დეზინტეგრაცია მოხდა, დაინგრა ბერლინის კედელი, 1991 წელს კი ქუვეითიდან, მისი მეთაურობით განიდევნა სადამ ჰუსეინი, ამერიკის თანამედროვე ცხოვრებაში მნიშვნელოვან ფიგურად რჩებოდა.

პრეზიდენტი, მეგობრებისა და ოჯახის წევრების შეფასებით, თავდამბლობით, წესიერებით და გულწრფელობით გამოირჩეოდა და იყო ადამიანი, რომელიც საჯარო სამსახურში ყოფნისას, ყოველთვის ამერიკელი ხალხის ინტერესით მოქმედებდა.

ჯორჯ ბუში უფროსი ბოლო რამდენიმე დღე ვაშინგტონში, კაპიტოლიუმში იყო დასვენებული. სამოქალაქო პანაშვიდის დროს, მის ხსოვნას პატივს მიაგებდნენ ამერიკელები. ვაშინგტონში ცერემონია ეროვნულ საკათედრო ტაძარში გამართული სამგლოვიარო სერვისით გაგრძელდა, ხუთშაბათს კი ის ტეხასის შტატში, ოჯახისა და ახლო მეგობრების გარემოცვაში გამართული პანაშვიდის შემდეგ, დაკრძალეს.

თედო ჯაფარიძე 1994 წლიდან 2002-მდე, აშშ-ში საქართველოს სრლუფლებიანი ელჩი იყო. მანამდე ის არაერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა უშიშროების საბჭოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში. თედო ჯაფარიძე არის ის ადამიანი, რომელსაც ჯორჯ ჰერბერტ უოლკერ ბუში ადრეული 1990იანი წლებიდან ახსოვს:

მაშინ საქართველოში ჯერ კიდევ სამოქალაქო ომი მიდიოდა, ქვეყანაში იყო ქაოსი და ამ ჰუმანიტარულმა დახმარებამ, იმ მომენტში გადაარჩინა ჩვენი ხალხი."
თედო ჯაფარიძე

"მამა ბუშთან რამდენჯერმე მქონდა შეხვედრა, ბოლოს სახლში მიგვიღო, როდესაც ზურაბ ჟვანია ჰიუსტონში იმყოფებოდა. ძალიან საინტერესო და თბილი საუბარი გვქონდა. ჩვენს შეხვედრას მისი მეუღლე ბარბარაც ესწრებოდა და პატარა პუდელიც, რომელიც ყველას გვეფერებოდა, მაგრამ არ გვასვენებდა." ჯაფარიძე იხსენებს, რომ ბუშმა მათ ხუმრობითაც უთხრა, რომ მის სახლში ყველას უყვარდა საქართველო. "მან ბევრი ილაპარაკა საქართველოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე, მოიკითხა შევარდნაძე და აღნიშნა, რომ მთელ დასავლეთს მისი ვალი ჰქონდა, რადგან შევარდნაძის როლი ცივი ომის დამთავრებაში უაღრესად დიდი იყო.

"უკვე როდესაც მის შვილს - ჯორჯ უოლკერ ბუშს ვხვდებოდით თეთრ სახლში, -დასძინა თედო ჯაფარიძემ- მან გვითხრა, რომ დღეს დილით მამამ დაურეკა და უთხრა - რა დროს ძილია, დღეს ჩემ საუკეთესო მეგობარს უნდა შეხვდე და დაეხმაროო. მართლაც, ბუშმა უფროსმა პირველი ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა საქართველოს, ხორბალი გამოაგზავნა, რომელიც რიჩარდ არმიტაჯმა ჩამოიტანა. მაშინ საქართველოში ჯერ კიდევ სამოქალაქო ომი მიდიოდა, დაწყებული იყო ომი აფხაზეთში, ქვეყანაში იყო ქაოსი და ამ ჰუმანიტარულმა დახმარებამ, შეიძლება ითქვას, იმ მომენტში გადაარჩინა ჩვენი ხალხი."

პოლ გობლი, რომელიც ევრაზიის საკითხებს იკვლევს და ნაშრომებს დღესაც აქვეყნებს, წარსულში კი დიდი ხნის მანძილზე საბჭოთა კავშირის საკითხებს ადევნებდა თვალს სახელმწიფო დეპარტამენტში, ამბობს, რომ პრეზიდენტმა ბუშმა საბჭოთა კავშირის დაშლაში საკვანძო როლი ითამაშა. თუმცა, თავდაპირველად ის შიშობდა, რომ აშშ-ის მკვეთრი სვლა რუსეთის ძალადობრივ დაშლას გამოიწვევდა.

მას დაბალი შეფასებები ეკუთვნის იმ რეაქციისათვის, რომლითაც მან საბჭოეთის აღსასრულს უპასუხა.
პოლ გობლი

ის ამიტომაც "ბორის ელცინთან ურთიერთობის დამყარებას არ ჩქარობდა, ბალტიის ქვეყნების დე-ფაქტო დამოუკიდებლობის აღდგენის აღიარება გადადო, ხოლო კიევში ის ავადსახსენებელი სიტყვა წარმოთქვა, რომელსაც "ქათამი კიევურად" უწოდეს. საბჭოეთის რღვევისას საერთაშორისო საზოგადოების წინამძღლობისათვის ის, ალბათ, მაღალ შეფასებას იმსახურებს, მაგრამ აწ-გარდაცვლილ პრეზიდენტს გაცილებით დაბალი შეფასებები ეკუთვნის იმ რეაქციისათვის, რომლითაც მან საბჭოეთის აღსასრულს უპასუხა.“

გობლის მოსაზრებით, "მკაცრი სიყვარულის" პოლიტიკის ნაცვლად, რაც მნიშვნელოვანი დახმარების სანაცვლოდ, სერიოზული ცვლილებების მოთხოვნას გულისხმობს, მან არჩია პოლიტიკა, რომელსაც მავანმა, შესაძლოა, "სუსტი უგულისყურობა" უწოდოს. "მან არ მოინდომა იმგვარი დახმარების აღმოჩენა, როგორიც რუსეთსა და სხვა პოსტ-საბჭოურ ქვეყნებს სჭრდებოდათ და სანაცვლოდ, არ მოითხოვა ცვლილებები, რომელთა განხორციელება მაშინ შესაძლებელი იყო“. ევრაზიის საკითხების ექსპერტს მიაჩნია, რომ ბუშის მაშინდელმა მიდგომამ ვლადიმირ პუტინის რუსეთის ჩამოყალიბება, ფაქტობრივად, გარდაუვალი გახადა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG