ამერიკული მედია საშუალებები აუდიო ჩანაწერს ავრცელებენ, სადაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მის ყოფილ ადვოკატს მაიკლ კოენს მოდელისთვის ფულის გადახდაზე ესაუბრება.
აუდიო-ჩანაწერი ტელეკომპანია სი-ენ-ენს მაიკლ კოენის ადვოკატმა ლენი დევისმა მიაწოდა. მისი თქმით, საუბარი თავად კოენმა ჩაწერა, როცა ტრამპი საპრეზიდენტო კამპანიისთვის ემზადებოდა.
„ფლეიბოის“ მოდელისთვის კარენ მაკდუგალისთვის ფულის გადახდას ტრამპი უარყოფდა. ტაბლოიდურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა მოდელს დუმილის სანაცვლოდ 150 000 ამერიკული დოლარი გადაუხადა. მოდელი ამბობს, რომ პრეზიდენტთან წარსულში სასიყვარულო ისტორია ჰქონდა.
ჩანაწერში ტრამპი იგივე თანხას, 150 000 დოლარს ასახელებს.
მაიკლ კოენის ოფისში გამოძიების ფედერალური ბიურო ამ წლის აპრილში შევიდა და ათობით ჩანაწერი ამოიღო, რაც ფედერალურ პროკურორებსს გასულ კვირას გადაეგზავნათ.
პრეზიდენტმა კოენის გამოძიებაზე უკმაყოფილება გამოთქვა, მან იურისტის ოფისში შეჭრას „გაუგონარი“ უწოდა. „დაუჯერებელია იურისტის მიერ კლიენტის ჩაწერა. ეს არალეგალურიც კია. კარგი ამბავი ისაა, რომ თქვენს საყვარელ პრეზიდენტს არაფერი დაუშავებია“, დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“
Facebook Forum