ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი მისი ადვოკატის ჩხრეკის ფაქტს უსამართლოს უწოდებს


გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატის მაიკლ კოენის ოფისის ჩხრეკის ფაქტს პრეზიდენტი “უმსგავსო სიტუაციად”, “ქვეყანაზე მიტანილ იერიშად” და “უსამართლობის სრულიად ახალ დონედ” აფასებს. ორშაბათს, ფედერალური ბიუროს აგენტებმა გაჩხრიკეს როგორც ნიუ-იორკში მდებარე კოენის ოფისი, ასევე მისი სასტუმროს ნომერი როკფელერის ცენტრში, სადაც ის დროებით ცხოვრობდა.

“ვაშინგტონ პოსტის” და “ნიუ-იორკ თაიმსის” ინფორმაციით, ამოღებულია დოკუმენტები, კომპიუტერის და სატელეფონო მონაცემები, რომელთა შორის ადვოკატს და მის კლიენტებს შორის კომუნიკაციაც არის. კოენი საბანკო მანიპულაციებშია ეჭვმიტანილი. ის გამოძიებასთან თანამშრომლობს.

კოენის ადვოკატის განცხადებით, ჩხრეკა ნაწილობრივ მოხდა იმის გამო, რომ სპეციალური გამომძიებლის, რობერტ მალერის ხელმძღვანელობით მიმდინარე ძიებამ მონაცემები ნიუ-იორკის სამხრეთ უბნის მოსამართლეს გადასცა, სადაც ჩხრეკის ორდერი გაიცა. ორდერზე ნებართვას შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის ოფისიც უნდა გაევლო.

სპეციალური გამომძიებელი ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის ჩარევას და კრემლთან ტრამპის კამპანიის სავარაუდო კავშირებს იძიებს. გამოძიებას პრეზიდენტთან საუბარიც სურს, თუმცა, ის ჯერჯერობით არ შემდგარა. ტრამპი რუსეთთან მისი საარჩევნო კამპანიის კავშირებს უაყროფს და მიმდინარე გამოძიებას “კუდიანებზე ნადირობად” აფასებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG