ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი გამოძიების დოკუმენტებზე კლასიფიკაციის "საიდუმლო" მოხსნას ითხოვს


ორშაბათს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს მოსთხოვა გამოძიების დოკუმენტებს მოეხსნას სახელმწიფო საიდუმლოს სტატუსი. საუბარია რუსეთთან ტრამპის საარჩევნო კამპანიის სავარაუდო საიდუმლო თანამშრომლობის თაობაზე მიმდინარე გამოძიებაზე.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა სარა სანდერსმა დღეს თქვა, რომ მოთხოვნილ დოკუმენტებს შორისაა გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ გაცემული ორდერი ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილ მრჩეველ - კარტერ პეიჯზე თვალთვალის დაწესების შესახებ. პრეზიდენტი ასევე ითხოვს ბიუროს მიერ წარმოებული რამდენიმე გასაუბრების ჩანაწერისთვის გრიფის “საიდუმლო” მოხსნას.

მოთხოვნილ დოკუმენტებში კიდევ სახელდება ზოგიერთი ყოფილი მაღალჩინოსნის ტექსტური გზავნილები, ან მათი ელექტრონული მიმოწერა, რომელიც რუსეთის თაობაზე მიმდინარე გამოძიებას ეხება. მათ შორის სახელდებიან: გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი ჯეიმს კომი; მისი მოადგილე ენდრიუ მაკკაბი; ბიუროს აგენტი პიტერ სტრზოკი და ბიუროს ადვოკატი ლიზა ფეიჯი.

სანდერსის განმარტებით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განკარგულება “კონგრესის რამდენიმე კომიტეტის მოთხოვნის საფუძველზე და გამჭვირვალობის” მიზნით გასცა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ როდის შეიძლება ეს დოკუმენტები გამოქვეყნდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG