ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის რეიტინგები ისევ დაეცა


მაშინ, როცა მნიშვნელოვან შუალედურ არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები დრო რჩება, შეერთებული შტატების პრეზიდენტის რეიტინგი ისევ დაეცა. ბოლო რამდენიმე გამოკითხვის მიხედვით, დონალდ ტრამპის პოპულარობის მაჩვენებელი 40 პროცენტს უდრის, ან კიდევ უფრო დაბალია.

კვინიპიაკის უნივერსიტეტის გამოკითხვამ 38-პროცენტიანი რეიტინგი აჩვენა. „სი-ენ-ენის“ გამოკითხვით, პრეზიდენტ ტრამპის საქმიანობა ამერიკელთა 36 პროცენტს მოსწონს, მაშინ როცა გასულ თვეში იგივე გამოკითხვა 42 პროცენტს აჩვენებდა. ოდნავ უკეთეს ვითარებას აჩვენებს „გალოპის“ გამოკითხვა, სადაც დონალდ ტრამპის პოპულარობა 40 პროცენტს აღწევს.

ანალიტიკოსების აზრით, ტრამპის და რესპუბლიკური პარტიისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელი უნდა იყოს ის, რომ პრეზიდენტის რეიტინგი განსაკუთრებით ეცემა დამოუკიდებელ ამომრჩევლებს შორის, რომლებიც ხშირად არჩევნების ბედს წყვეტენ. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ამ გამოკითხვების უმეტესობაში, სადაც პრეზიდენტის საქმიანობა მხოლოდ ეკონომიკური მიმართულებით ფასდებოდა, ტრამპის რეიტინგი 70 პროცენტს აღწევდა.

პრეზიდენტი კამპანიის ტიპის მასობრივ შეხვედრებზე ძირითადად სწორედ მისი საქმიანობის ამ ძლიერ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას და ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე საუბრობს. თუმცა, ეს ვითარება მის საერთო რეიტინგებზე პირდაპირპროპორციულად არ აისახება.

პრეზიდენტის რეიტინგი შუალედურ არჩევნებზე, როგორც წესი, დიდ გავლენას ახდენს. პარტიულ გამოკითხვებში ამ ეტაპზე დემოკრატები ლიდერობენ. მათი უპირატესობა სხვადასხვა მონაცემებით, საშუალოდ 7-8 პროცენტია. რაც უფრო მეტია ორი პარტიის მაჩვენებლებს შორის სხვაობა, მით უფრო მეტი შანსია, რომ წამყვანმა პარტიამ ნოემბრის არჩევნებზე დიდ წარმატებას მიაღწიოს და კონგრესის ორივე პალატაში, ხელში კონტროლის სადავეები ჩაიგდოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG