ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი მიანიშნებს, რომ თავდაცვის მდივანმა შესაძლოა თანამდებობა დატოვოს


შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიანიშნებს, რომ შესაძლოა თავდაცვის მდივანი ჯიმ მატისი, მისი ერთ-ერთი საკვანძო თანამდებობის პირი გახდეს, რომელიც მთავრობას დატოვებს.

ტელეარხ „სი ბი ეს“-ის კვირის გადაცემა „60 წუთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა თქვა, რომ მატისის წასვლის ნიშნებს ვერ ხედავს, მაგრამ იქვე დაამატა, „თუმცა შესაძლოა ეს ასეც იყოს. სიმართლე თუ გსურთ, ვფიქრობ ის რაღაც დემოკრატივითაა“.

შეერთებული შტატების ლიდერმა საზღვაო ქვეითების გადამდგარი გენერალი დაახასიათა, როგორც „კარგი კაცი“. მან თქვა: „ჩვენ ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ის შეიძლება წავიდეს. იმას ვგულისხმობ, რომ ოდესმე ყველა მიდის, ყველა. ადამიანები მიდიან. ეს ვაშინგტონია.“

ტრამპმა, მისი ადმინისტრაციის 21 თვის განმავლობაში, ათობით საკვანძო თანამდებობის პირი დაითხოვა ან წასვლა აიძულა, ან უყურებდა, თუ როგორ ტოვებდნენ თანამდებობას სხვა, მისთვის სასურველი ადამიანები, მათ შორის, ელჩი გაეროში ნიკი ჰეილი, რომელმაც განაცხადა, რომ თანამდებობას წლის ბოლოს დატოვებს.

მატისი, რომელიც შეერთებული შტატების სამხედრო ძალებს უძღვებოდა, ხანდახან ტრამპს და მისი ადმინისტრაციის „ქორებს“ არ ეთანხმებოდა, მათ შორის ჯონ ბოლტონს, მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

ტრამპმა თქვა, რომ მის ადმინისტრაციაში ჯერ კიდევ არის „ზოგიერთი ადამიანი“, რომლითაც ის „აღტაცებული არ არის“. ის ხშირად ესხმოდა თავს გენერალურ პროკურორ ჯეფ სეშენსს, მაგრამ უარი თქვა მის დათხოვნაზე იმის გამო, რომ ის ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის ხანგრძლივი გამოძიების ზედამხედველობას ჩამოშორდა.

თეთრ სახლში არსებულ ქაოსზე ინფორმაცია, როგორც „ყალბი ახალი ამბები“, ტრამპმა მკვეთრად უარყო და დაამატა: „ცვლილებებს ვახდენ და ამის უფლებამოსილება მაქვს. ამჟამად, ადამიანები დანიშვნას ელოდებიან და ეს ფენომენალური იქნება, ისინი ადმინისტრაციაში მოვლენ, ისინი ფენომენალურები იქნებიან.“

XS
SM
MD
LG